"ვთხოვ, გათავისუფლდეს პოლიტიკური ცხოვრებისგან" - მეუფე მიქაელი პეტრე ცაავაზე

06 Nov 2019 22:19

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.


იგი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს,რომ მეუფე პეტრესთვის ბევრჯერ ურჩევია, არ ჩარეულიყო საერო საქმეებში.


მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.


„თუ ვინმესთან ვმეგობრობდი სინოდში, ეს იყო მეუფე პეტრე, რომელიც თავისი ნიჭით, სიმშვიდით, სულიერებით, სიყვარულითა და მოწყალებით გამოირჩეოდა. უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ღვთის იმედი მაქვს, კეთილი საქმეების გამო, მას უფალი შეეწევა და გონებას გაუხსნის. ასე მგონია, პოლიტიკურ და საერო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერია და ამან იმოქმედა. ბერული სულიერების აღსადგენად ძალა არ ეყო. ვერ გაუძლო ხილულ და უხილავ განსაცდელს.


ახლა ბერული თხოვნით მივმართავ, დაუკვირდეს თავის საქციელს და ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ მას, გათავისუფლდეს პოლიტიკური ცხოვრებისგან. იმ დღის შემდეგ ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჯახის წევრი შეცდომას უშვებს და ვერ ვშველი... მე ვარ ბერი, რომელსაც შეცდომების მიუხედავად, ის ისევე მიყვარს, როგორც აქამდე, არანაირ „პროს“ არ ვაღიარებ - არც „პრორუსულს“, არც „პროამერიკულს“. მე ქართველი ვარ, ეკლესიის მსახური და ვიცი, ეკლესიას - გაძლიერება, ქვეყანას კი გადარჩენა სჭრიდება.


შეიძლება მეც გამიჩნდეს რაღაც აზრი, მაგრამ ამას ჩემს ძმებთან, სინოდის წევრებთან განვიხილავ. ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანს არ შეიძლება რაც ენაზე მოაგება ყველაფერი ილაპარაკოს და თავისი აზრი სიმართლედ მიაჩნდეს... ეტყობა მას თავი მართალი ეგონა, ან ვინემ რამეს შეჰპირდა, ამ დაძაბულ ვითარებაში ვერ ვიმსჯელებ იმაზე, ვინ რას შეჰპირდა“,- აღნიშნავს მიქაელი.


როგორც მეუფე მიქაელი ამბობს, მეუფე პეტრეს სახეცვლილება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.


„მისი სახეცვლილება 4-5 წლის წინ დაიწყო. როგორც კი ეს შევამჩნიე, მაშინვე დავურეკე და ვუთხარი, მეუფე არ ვიცი, რა გახდა თქვენი შეცვლის მიზეზი, მაგრამ თუ რამე საკითხზე თქვენი აზრი გაქვთ, იქნებ გადაამოწმოთ- მეთქი. მან ვიღაცებს უფრო დაუჯერა, ვიდრე ჩვენ.


თუ სინანული გულწრფელი იქნება, ისევ ვიმსჯელებთ მასზე. თუ მას ამის სურვილი არ ექნება, რაღა უნდა გავაკეთოთ... ეს არც ერთ ჩვენგანს არ უნდოდა. მეუფე პეტრეს მტრები არ ვართ, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ იყო“,- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.


წყარო: კვირის პალიტრა


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი