„ახალგაზრდა ადვოკატები“ - გიორგი ფანგანის საქმიდან აცილება სემეკის თვითშეგნების და მიუკერძოებლობის ტესტი იქნება

04 Nov 2019 14:31

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ დავაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გიორგი ფანგანის აცილებას მოითხოვს. ორგანიზაციამ შესაბამისი საჩივრით სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას 2019 წლის 31 ოქტომბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამდე, გიორგი ფანგანმა ინციდენტი გამოიწვია, შეუფერებელი ქცევით გამოირჩა და განსახილველი საკითხის მიმართ, წინასწარი აზრი გამოთქვა.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2019 წლის 30 ოქტომბრის ორგანიზაციის საჩივრის განხილვამდე, კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არასწორ კომუნიკაციას ახორციელებდა კომისიასთან და საფუძვლად დაასახელა კომისიის თანამშრომელ თეა ლოსაბერიძე-არველაძესთან სატელეფონო კომუნიკაციის გარემოება. შესაბამისად, კომისიის წევრმა, მისი თანამდებობისა და ვალდებულებების ფარგლების მიუხედავად, ადმინისტრაციული სხდომის წინაშე მოახდინა ორგანიზაციის ხელმძღვანელის გაკიცხვა და მხარის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის მიუღებელი გამონათქვამებით წარმოჩენა, ამასთან მკაფიო მითითება ისეთ სოციალურ ქცევაზე, როგორიც ზრდილობაა. გიორგი ფანგანის განცხადებებს არავითარი საფუძველი არ გააჩნდა და მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა მიზანს ემსახურებოდა კომისიის წევრის ასეთი ქმედებები. შესაბამისად, საკითხს სხდომაზე მოჰყვა მძიმე შეფასებების წარმოდგენა, ორგანიზაციამ წერილობითი ფორმით უკვე მოითხოვა კომისიის წევრისგან შეცდომის აღიარება და გაკეთებული მითითებების დამამტკიცებელი დოკუმენტების წარმოდგენა.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც გიორგი ფანგანს არავითარი პირდაპირი წვდომა და ცოდნა არ გააჩნდა თეა ლოსაბერიძე-არველაძესთან შემდგარ სატელეფონო საუბრის შინაარსზე, რომელიც შეეხებოდა მხოლოდ ერთადერთი გარემოების დადგენას - ამბობდა თუ არა კომისია უარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, როცა ნიშნავდა ორგანიზაციის საჩივარზე ადმინისტრაციულ სხდომას, კომისიის წევრის კომფონტაციული, თამამი და ზღვარგადასული უსაფუძვლო გამოხატულებები, სრულიად მიუღებელია, რაც პირდაპირ ქმნის განსახილველ დავაზე განმცხადებლის მიმართ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას და ქვეცნობიერად განაწყბს განმცხადებლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების პოზიციაზე. გიორგი ფანგანმა საჩივრის განხილვამდე, არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი აზრი სადავო გარემოებებთან მიმართებით და ისე, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციები კომისიის წინაშე წარმოდგენილი არ ჰქონია, გააკეთა დასკვნები, რომ სააგენტოს სერთიფიცირებისა და საქმიანობის პრინციპების გამო, მეტროლოგიის სააგენტოს დასკვნის მცდარობაში ეჭვს ვერ შეიტანდა, რაც მთლიანად ცდება საქმის სამართლიანად განხილვის შესაძლებლობას და წარმოადგენს გადაწყვეტილების პროექტის მიმართ წინასწარ შეხედულებას, რაც, წინამდებარე დავის განხილვის პირობებში, კატეგორიულად მიუღებელია.


„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის 31 ოქტომბერს, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას საჩივრის მიმართეს და გიორგი ფანგანის ადმინისტრაციული დავის განხილვიდან - საქმიდან და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან აცილება მოითხოვეს. ორგანიზაციის საჩივარი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას:


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კომისია არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, სადაც სამართლებრივი აქტების მიღება ხდება კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარეა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

 

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილების საფუძველი, ამ კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება.

 

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირის აცილების საკითხს წყვეტს კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის გარეშე.

 

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ დასაბუთებით, გიორგი ფანგანი ორგანიზაციის მიმართ ვერ იქნება მიუმხრობელი და ეს იმ პირობებშიც, როდესაც ორგანიზაციამ სხდომაზე საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ შეისწავლიდა კომისიის დასახელებული წევრის საქმიანობას და მომეტებული საჯარო ინტერესის პირობებში, მოახდენდა მის საზოგადოებისთვის გაცნობას, რასაც, აგრეთვე მოჰყვა გიორგი ფანგანის დამცინავი ტონი. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც სემეკ-მა, მათ შორის გიორგი ფანგანის შესაძლო მონაწილეობით, ორგანიზაციის მიმართ უნდა მიიღოს, პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებზე. იმ პირობებში, თუკი ასეთი დაპირისპირებული და ნეიტრალური შეხედულებებისგან დაცლილი კომისიის წევრი მონაწილეობას მიიღებს გადაწყვეტილების ფორმილირებაში, აღნიშნული პირდაპირ გავლენას იქონიებს ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებზე და შეიზღუდება ეს ინტერესები. ქცევა და ქმედება, რაც დასახელებული წევრის მხრიდან სხდომაზე დაფიქსირდა, არაეთიკურთან ერთად, უფლებამოსილების გადამეტების სტანდარტზეც მიუთითებს, ვინაიდან ბატონი ფანგანი ვალდებული იყო დაეცვა მიუკერძოებლობისა და საქმის განხილვის სამართლიანი წესები. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების პროცესში დარჩენა და მისი ქმედების ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებად სახელდება, გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აქცევს ბათილობის წინაპირობად, ვინაიდან უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო და მისი წარმომადგენელი, ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად, ხოლო ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. 

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კუმულაციურად არსებობს, როგორც გიორგი ფანგანის პირადი ინტერესი, ასევე კანონისმიერი ტერმინითვე, „სხვა გარემოება“, რაც 2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე ინციდენტს და დაპირისპირებას უკავშირდება. ამდენად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლიობით, არსებობს გიორგი ფანგანის საქმიდან და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან აცილების დასაბუთებული წინამძღვრები და კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, ორგანიზაციამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში, მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა გიორგი ფანგანის აცილება.


ცნობისთვის: 2019 წლის 30 ოქტომბერს, სემეკმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ ორგანიზაციის საჩივარი განიხილა, გადაწყვეტილების გამოცხადება კი 10 დღით გადადო. გიორგი ფანგანის საქმიდან აცილების შესახებ სემეკ-ში წარდგენილი საჩივრიდან რამდენიმე საათში, ორგანიზაციამ მიიღო მოკლე ტექსტური სახით შეტყობინება, რომ კომპანიასთან დავაზე გადაწყვეტილება 2019 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივრის განხილვა სემეკ-ში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სემეკ-მა „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ დავა წააგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი, გაუქმდა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჯარიმების კანონიერების შემოწმების მიზნით, კომისიას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი