"ვეტერანებისთვის გია ყარყარაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება სამაგალითო მეთაური, თანამებრძოლი და მეგობარი"- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ყარყარაშვილს დაბადების დღეს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან ულოცავს

01 Nov 2019 10:54

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ- მაიორ გია (გიორგი) ყარყარაშვილს დაბადების დღეს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან ულოცავს.


"დღეს გია ყარყარაშვილის დაბადების დღეა,


დღეს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ- მაიორ გია (გიორგი) ყარყარაშვილის დაბადების დღეა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილს დაბადების დღეს, დღეგრძელობას, მხნეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს.


გია ყარყარაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში,1966 წლის 31 ოქტომბერს. მისი სამხედრო კარიერა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში დაიწყო. ახალგაზრდა ოფიცერი ეროვნულ მოძრაობაშიც ჩაება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩადგა. 1991-1992 წლებში, ახალგაზრდა ოფიცერი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ბატალიონის მეთაური იყო, 1992-1993 წლებში კი -ეროვნული გვარდიის სარდალი; 1993 წელს, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი; 2010 წელს დააფუძნა ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი "საქართველოს ლეგიონი".


გენერალი ყარყარაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. ომში მან ბევრი მეგობარი დაკარგა, დაიღუპა მისი ძმაც - გოჩა ყარყარაშვილი.


ვეტერანებისთვის გია ყარყარაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება სამაგალითო მეთაური, თანამებრძოლი და მეგობარი.


გია ყარყარაშვილი დღესაც აქტიურ ცხოვრებას ეწევა და თავისი წვლილი შეაქვს ომის ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების დარეგულირების საქმეში. ამავე დროს ეწევა ნაყოფიერ სამხედრო-სამეცნიერო საქმიანობას. წელს გამოიცა მისი წიგნი „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“ , სადაც მაღალ პროფესიულ დონეზეა გარჩეული 2008 წლის აგვისტოს ომი.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, გენერალ-მაიორი, პოლიტიკოსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი გია ყარყარაშვილი სამშობლოს უანგაროდ მოყვარული ადამიანია, რომლისთვისაც მშვიდობას განსაკუთრებული ფასი აქვს, ვინაიდან ყოფილმა მეომარმა ყველაზე კარგად იცის ომისა და მშვიდობის ფასი."-ნათქვამია წერილში. 



კომენტარები:

ფართი შოპი