"როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლო - როდესაც მისი ბანდა კოლხურ კოშკში დაგვესახა თავს, რათა ზვიად გამსახურდიას ცოლ-შვილი მძევლად აეყვანა?"- ცოტნე გამსახურდია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

18 Oct 2019 10:54

"გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა“ - ეს განცხადება მინისტრმა ღარიბაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გააკეთა.


როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლო? 


ალბათ 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც სამაჩაბლოში პოზიციები მიატოვა და რუსთაველზე წამოვიდა ქართველებისთვის ტყვიის სასროლად? 


თუ მაშინ, როდესაც მისი ბანდა კოლხურ კოშკში დაგვესახა თავს, რათა ზვიად გამსახურდიას ცოლ-შვილი მძევლად აეყვანა? 


იქნებ მაშინ,  როდესაც ამბობდა, მზად ვარ შევაკლა 100 ათასი ქართველი, რათა 90 ათასი აფხაზი გავწყვიტოო?"- ასე ეხმიანება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. 


"ჰო, აი, ასე: საბჭოთა არმიის ლეიტენანტი და თბილისის ომში გაგენერლებული 25 წლის ყარყარაშვილი წყვეტდა ასიათასთა ბედს... შეიძლება მაშინ იყო ყარყარაშვილი სამშობლოს სიმბოლო და რაინდი, როდესაც აფხაზეთში რუსებთან ბრძოლის შემდეგ რუსულ გენშტაბში წავიდა სასწავლებლად? აღარაფერს ვამბობ იმ ძარცვასა და კორუფციაზე, რომელშიც მან თავი გამოიჩინა... მაგრამ ამ ყველაფრის გაგებას განა შეძლებს ბიძინას მექრთამე ლაქია, რომელმაც მილიონები მოიპარა და კარიდან წიხლით გააგდეს, მაგრამ ფანჯრიდან შემოძვრა? ამათთვის საქართველოსთვის მებრძოლი ყარყარაშვილია, საქართველოს აღმშენებელი - ედუარდ შევარდნაძე, კანონის დამცველი - თამაზ თამაზაშვილი, ხოლო ბიძინე - თლათ ილია ჭავჭავაძეა... ასე რომ, ერო, ამათგან არაფერია გასაკვირი..."- აღნიშნავს ცოტნე გამსახურდია. 


ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს 17 ოქტომბერი-ვეტერანის დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისა და თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 


„პატივცემულო ვეტერანებო, თქვენ ხართ საქართველოს ცოცხალი მემატიანეები. თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი საქართველოს თავდაცვის ძალებს და სწორედ თქვენს მხრებზე გადაიარა ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულესმა პერიოდმა. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 90-იანი წლების ქარ-ცეცხლში, თითოეულმა თქვენგანმა პირნათლად დაამტკიცა, რომ რიცხობრივად აღმატებულ მტერთან ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება. შემდგომ წლებშიც, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ისე მოკავშირეთა მხარდამხარ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების დროს, თქვენ გახდით შეუპოვრობისა და თავდადების მაგალითი.ასეთი გაუტეხლობის სიმბოლოა გენერალი გია ყარყარაშვილი, რომელმაც არაერთი უმძიმესი ბრძოლა გამოიარა. მასთან ერთად, მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს,“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით უწყების ამოცანა თანამედროვე, მოქნილი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების განვითარებაა. ამ პროცესში კი ვეტერანთა როლი მნიშვნელოვანია. 


„თავდაცვის ძალების რიგებში არაერთი ღვაწლმოსილი ვეტერანი მსახურობს და ყოველდღიურად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის აღმშენებლობაში. ჩვენი მოწინავე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძლიერებაც, მნიშვნელოვან წილად, სწორედ ვეტერანების გამოცდილებით საზრდოობს. ქვეყნის ერთიანობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას არაერთი გმირის სიცოცხლე შეეწირა - ეს იყო ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე თუ შინდისის გმირები, ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი