ირაკლი ღარიბაშვილის პიარის უფროსს, მინისტრზე და პრემიერ-მინისტრზე მაღალი ხელფასი ექნება და ის, 6000 ლარს მიაღწევს

11 Oct 2019 12:48

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის უფროსის ხელფასი 6 000 ლარი იქნება. აღინიშნულის შესახებ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (hr.gov.ge) გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.


განცხადებაში (ვაკანსიის N 57569) აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად, ღია ტიპის კონკურსია გამოცხადებული. სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთია, ხოლო გამოსაცდელი ვადა მთელი 12 თვე.(!!!)


განცხადებიდანვე ირკვევა -  იმისათვის, რომ 6 000 ლარიანი პოზიცია დაიკავო, საკმარისია ნებისმიერ პოზიციაზე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ბაკალავრის ხარისხი.


კონკურსი მიმდინარეა, ამ დროისთვის, მხოლოდ განაცხადების მიღების ვადაა ამოწურული, თანამდებობის დაკავების სურვილი კი,  23-მა კანდიდატმა გამოთქვა.


საინტერესოა ისიც, რომ კონკურსი, მხოლოდ ორ საფეხურს მოიცავს -  საბუთების გადარჩევას და გასაუბრებას, რაც ძალიან მყარ ნიადაგს ქმნის ნეპოტიზმისთვის.


სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციის დასაკავებელ კონკურსთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში, ამ დროისთვის მიმდინარეობს, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციის დასაკავებელი კონკურსიც.


საგანგაშოა, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციის დასაკავებლად, საკმარისია უბრალოდ, უმაღლესი განათლება, ხოლო სამუშაო გამოცდილება საერთოდ არ არის სავალდებულო, ის მხოლოდ დამატებითი (სასურველი) მოთხოვნების გრაფაშია მითითებული. ასეთი კომპეტენციის პირის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კი, საკონკურსო განაცხადის მიხედვით 3 600 ლარითაა განსაზღვრული.


(იგივე პოზიციებზე, კონკურსი მიმდინარე წლის დასაწყისშიც იყო გამოცხადებული. მაშინ დეპარტამენტის უფროსის თანამდედობრივი სარგო 2200 ლარით იყო განსაზღვრული, 2017 წლის კონკურსით - 2112 ლარით, ხოლო მოადგილის, იგივე წლებში, 1600 ლარიდან, 1900 ლარამდე მერყეობდა).


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას მიერ შევსებული 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ  მინისტრის თანამდებობრივი სარგო, დაახლოებით 5 000 ლარით განისაზღვრებოდა, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ყოველთვიური თანმდებობრივი სარგო, 2018 წლის მანძლზე, დაახლოებით 4 500 ლარი იყო.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინფორმაციო  პორტალმა „მხარემ“ თავდაცვის სამინიტროს მიმართა  - რით იყო გამოწვეული თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის ხელფასების მსგავსი გრანდიოზული ზრდა?


„მოგესალმებით,

თქვენი განცხადება განხილვის პროცესშია და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებთ პასუხს.“- ასეთი პასუხი  მივიღეთ თავდაცვის სამინისტროდან, მიუხედავად იმისა, რომ დღის ბოლომდე ვითხოვდით კითხვაზე განმარტებას. 


ალბათ, ვერც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მივიღებთ ობიექტურ პასუხს, თავდაცვის სამინისტროსგან, აღნიშნულ კითხვაზე. (თუმცა, მოწვდილ ოფიციალურ განმარტებას, აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს).


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ დაელოდება, ვინ დაინიშნება აღნიშნულ პოზიციებზე. აღნიშნული შედეგი, ყველაზე კარგად გასცემს პასუხს კითხვაზე - ვისთვის და რატომ გაიზარდა სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები იმ დონეზე, რომ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრის ხელფასსაც კი გადაუსწრო.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი