„ახალგაზრდა ადვოკატები“ - სამართლიანობის აღდგენა ხარვეზებით მიმდინარეობს, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს საჯარო უწყებების პოლიტიკას სისტემურ დანაშაულებებზე

03 Oct 2019 02:04

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემდგომ სისტემური დანაშაულის საქმეებზე, სასამართლოსა და საჯარო დაწესებულებების მიდგომებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეცვლილი გარემოს პირობებში, მთავარ გამოწვევად რჩება დაზარალებული მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენა და სახელმწიფოს ორგანოების პოზიციები.


„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულფასოვნად ვერ უზრუნველყო სამართლიანობის აღდგენის პროცესის წარმართვა. იძულების წესით ქონებების დათმობის, წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის არაერთ საქმეზე სამართალწარმოების პროცესი განხორციელდა მთელი რიგი ხარვეზებით. მთავარ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების საჯარო პოზიციები, რომლებიც სისტემური დანაშაულის დავებზე, ქონებების ნების საწინააღმდეგოდ დათმობის ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის დეკლარირებულ პოლიტიკას და პოზიციასთან კონფლიქტშია. საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს არაერთი დავა, რომლის მოპასუხედ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან/და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაა, თუმცა მათი წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ასეთი კატეგორიის დავებზე წარმოებულ სარჩელებს არ ცნობენ და სრულად გამორიცხავენ დაზარალებულ მოქალაქეებთან მორიგების შესაძლებლობასაც. ორგანიზაციამ არაერთხელ დასვა საკითხი დასახელებული უწყებების წარმომადგენლების პოზიციებთან მიმართებით და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, დაზარალებული მოქალაქეებისთვის, სრულიად გაუგებარია, რატომ ეძლევათ ასეთ ადამიანებს სახელმწიფოს სახელით ახორციელებდნენ საპროცესო უფლებამოსილებას, ვინაიდან მათი საჯარო გამონათქვამები, შეფასებები და დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ, შეუფერებელი, აუხსნელი და კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ, ისინი წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დროსაც დასახელებულ უწყებებში დასაქმებულ პირებს და მონაწილეობა აქვთ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების დაცვაში. ორგანიზაცია აღნიშანვს, რომ ამ მიმართულებით, პრობლემა სრულიად უკონტროლოა და სასამართლოსთან ურთიერთობის მქონე პირებზე, პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებს მოითხოვს.


„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს თავად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზეც და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, არამედ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ლეგიტიმაციისა და ნდობის უზრუნველყოფა. 2004-2012 წლებში, მაშინაც რეფორმირებულმა სასამართლომ პრინციპულ, საჯარო ინტერესების მქონე საქმეებზე მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, თავი შეირცხვინა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირმა და ირიბმა გავლენამ, მოსამართლეების რეპუტაცია საჯაროდ შელახა. სისტემაში ჩამოყალიბდა გავლენის სფეროები და სასამართლო გახდა შერჩევითი მართლმსაჯულების ადგილი. მხარეთა თანასწორუფლებიანობა და ადვოკატის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, გავლენას ვერ ახდენდა ობიექტური გადაწყვეტილებების დადგომაში. სასამართლოს მდგომარეობა აისახა საზოგადოების სამოქალაქო პოზიციებშიც. შესაბამისად, 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარი მოტივაცია, მათ შორის ერთპარტიული დემოკრატიის სასამართლო ხელისუფლებაში დასრულების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, თუმცა ყველა პრობლემის სათავე, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაშიც, შესაძლებელია განპირობებული იყოს იმ ფაქტორებით, როდესაც არ მომხდარა მძიმე მემკვიდრეობის სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება, სასამართლო ხელისუფლებისთვის მისი ძირითადი ფუნქციის დაბრუნება და სამართლიანობის აღქმის საზოგადოებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფა. სისტემური დანაშაულის საქმეებზე მიმღები მოსამართლეები დაწინაურება არ წარმოადგენდა არც დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნას და არც თავად სასამართლოს ამოცანას. დაზარალებული მოქალაქეების დარღვეულ უფლებებში აღდგენის პოლიტიკას მართლმსაჯულების პრინციპული ქმედებები აკლია.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულებების და სისტემური დანაშაულის საქმეებზე მუშაობს, გააჩნია მნიშვნელოვანი შედეგებიც, მაგრამ დეპარტამენტის საქმიანობა მოითხოვს უფრო მეტად ეფექტიან და სწრაფ გადაწყვეტილებებს. არსებობს 2012 წელს წარდგენილი საჩივრები, რომლზედაც არ არსებობს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, მიღებული არ არის მოქალაქეების დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილებები, რაც არაერთ შეკითხვას ტოვებს. ამასთან, ცალსახად უნდა მოხდეს დეპარტამენტის ადამიანური რესურსის გაზრდა და შესაბამისი ბიუჯეტით უზრუნველყოფა, რაც საქმიანობის ეფექტიანობას შეუწყობს ხელს.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი