"ამ განცხადებით გამოვლინდა რუსეთის იმპერიის ზრახვები" - გიორგი კოდუა ეხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება

26 Sep 2019 17:53

გიორგი კოდუა ეხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას „საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოვლის შესახებ“.


"ამ განცხადებით გამოვლინდა რუსეთის იმპერიის ზრახვები, ის იყენებს ყველა საჭირო ხერხსა და ინსტრუმენტს, რათა მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური ექსპანსია. სახეზეა მცდელობა, ტყუილებით აიხსნას და შეიფუთოს ვლადიმერ პუტინის მიერ, 20 ივნისს მომხდარი მოვლენების საპასუხოდ, გაკეთებული განცხადება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ.


იქმნება ილუზია, რომ რუსეთი ზრუნავს ქართველ ხალხზე, თითქოს ეს ქმედება ჩვენთვის არის კარგი.


მივმართავ სერგეი ლავროვს, იფირეთ საკუთარ მოსახლეობაზე. თბილისის მიმართულება არ არის დანიშნულების მხოლოდ ერთი წერტილი, ის ასევე არის ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი პუნქტი. ამ შემთხვევაში ეკონომიკური აქტივობით გამოწვეულ ბენეფიტს იღებს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარე. უკეთესი იქნება, თუ რუსეთის სახელმწიფო ორიენტირებული იქნება საკუთარი მოსახლეობის ინტერესების განხორციელებაზე.


ჩვენს მთავრობას კი მივმართავ, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი რუსული აგრესიული ქმედებისა. იგი იყენებს ყველანაირ ეკონომიკურ ხერხს, რათა გადავიდეთ რუსულ ორბიტაზე, ჩაგვითრიოს ჭაობში ისევე, როგორც მრავალი სხვა ერი, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ რუსეთისგან თავის დაღწევას. 30 წლის წინ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სახელმწიფო ვალდებული იყო და არის, მოიპოვოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და მოადინოს მოსახლეობის დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური მართვა.


საქართველოს მთავრობას ვურჩევ, აუცილებლად მოახდინონ ქართული ბაზრის დივერსიფიცირება. ნათელია, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვიხილეთ 2006 წლის ემბარგო, 2008 წელს ომი. დღესაც, ანალოგიურად, სახეზეა რუსეთის მცდელობა, მიაყენოს დარტყმა საქართველოს ეკონომიკას.


საქართველო უნდა გახდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, უნდა მოხდეს ისეთი მეგაპროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა. აგრეთვე, რკინიგზისა და ავიაციის ძირეული რეფორმა და განვითარება.


საქართველოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს HUB-ად კავკასიის რეგიონში, განახორციელოს სხვა მრავალი დიდი პროექტი. ამ ყველაფრის გარეშე, ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად იქნება დამოკიდებული მეზობელი მტრის არასტაბილურ ბაზარზე."- ნათქვამია განცხადებაში. 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ მან გამოცემა კომერსანტთან ინტერვიუში ისაუბრა.


„ალბათ, მე ამ ფრენებს დავაბრუნებდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული გამოხდომის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, მაშინ როდესაც დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობდა. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს რაღაც ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ვითომცდა, გააჩაღა რუსოფობიური კამპანია. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა, რომელთაც წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ, ამის მიზეზი, რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


მისივე თქმით, რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე ჰქონდა მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. თუმცა, ლავროვის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ეს პროცესი „უკან წაწია“.


„მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესმა დროებით წაიწია უკან. საქართველოში გაჩნდა და პოზიციებს იმყარებენ საღი აზრის მქონე პოლიტიკოსები. ვნახოთ, როგორ წავა საქმეები“, – განაცხადა ლავროვმა.


რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეაჩერა.


კომენტარები:

ფართი შოპი