"ეს გამოფენა, ალკოჰოლის მავნეობაზე მოსახლეობის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი მცდელობაა" - თავისუფლების მოედანზე, დიდ მიწისქვეშა გადასასვლელში, გამოფენა - “არჩევანი შენია“მიმდინარეობს

24 Sep 2019 15:53

თავისუფლების მოედანზე, 22 სექტემბერს, დიდ მიწისქვეშა გადასასვლელში, გამოფენა - “არჩევანი შენია“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანების: გიორგი მასხარაშვილის, დავით მაჭავარიანის და ანკა ბოჭორიშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრები. სამივე ხელოვანი ეხმიანება ქვეყანაში არსებულ პრობლემას და ცდილობს, მაქსიმალურად დაანახოს საზოგადოებას ალკოჰოლის მოხმარების რისკები და შედეგები.


“ქართველთა უმეტესობა, იშვიათად საუბრობს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ შედეგებზე. ისეთებზე, როგორიცაა ძალადობა და სხვისი, ან საკუთარი ჯანმრთელობის (ფიზიკური, ფსიქიკური) დაზიანება, ავტოსაგზაო შემთხვევები - თანმდევი დასახიჩრებითა და სიკვდილით, ცხოვრების ხარისხის გაუარესებით, სამუშაოს შესრულების დაბალი ხარისხით და მთლიანობაში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგებით.


უფრო მეტიც, ხშირად, ბავშვობიდან, ოჯახებშივე ვამეცადინებთ ალკოჰოლის მიღების/სმის ქცევის ჩამოყალიბებაში. ერიც და ბერიც ურემის გადატრიალებას ველით, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ამ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პრობლემის შესახებ.“- გვეუბნება „არტინფო საქართველო“-ს დირექტორი, დათო ნადირაძე.


მისი თქმით, საქართველოში, ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.


„ალკოჰოლის მოხმარება, ხშირად, ბავშვობის ასაკში იწყება. უფრო მეტიც, დალევის წახალისება ხდება ოჯახში.


სუფრასთან, ალკოჰოლის მიღების დაძალების ტრადიცია, თითქმის მთელს ქვეყანაში დამკვიდრდა, ზოგიერთ რეგიონში კი, განსაკუთრებით ძლიერია. ხშირად, თანამეინახეების ხათრით, ან საკუთარი სურვილით, ერთ ჯერზე დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებაც გავრცელებულია, რაც განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის.


დაბალია ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ალკოჰოლის მოხმარებამ ორგანიზმს. ხშირად, ორსულმაც კი არ იცის, ნაყოფზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენების შესახებ. მეტიც, არც ექიმის მხრიდან იღებს მკაცრ მითითებას ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვაზე.


ქვეყანაში, ფართოდაა დამკვიდრებული მითი, რომ მცირე დოზით ალკოჰოლის რეგულარული მიღება, სასარგებლოა ადამიანისთვის, მაშინ როდესაც, არ არსებობს ალკოჰოლის მინიმალური უსაფრთხო დოზა ჯანმრთელობისთვის.


გამოფენა, ალკოჰოლის მავნე მოხმარების საკითხზე მოსახლეობის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი მცდელობაა, რომ ვუთხრათ - გაიაზრონ ალკოჰოლის მოხმარების შედეგები და რისკები.“ ასე გვისაბუთებს დათო ნადირაძე გამოფენის გახსნის და მისი ნახვის აუცილებლობას.


ორგანიზაცია, აღნიშნული კამპანიის გაგრძელებას წლის ბოლომდე გეგმას. 


"ვაპირებთ, მეტროსადგურებში ალკოჰოლის თემაზე დიდი ბილბორდების გაკვრას, ასევე კამპანიების გაგრძელებას მედიასა და სოც. მედიაში წლის ბოლომდე.

შემდეგი გამოფენა იგეგმება ნოემბერში, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. დამატებითი დეტალებისთვის თვალყური ადევნეთ  შესაბამისი კამპანიის ფეისბუქ-გვერდს -www.facebook.com/NCDCmentalhealth/-  გვითხრა დათო ნადირაძემ.


გამოფენა ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და 22 ოქტომბერს დასრულდება.


გამოფენა მომზადებულია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ალკოჰოლის პრევენციის 2019 წლის კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ “არტინფო საქართველოს” მიერ და მხარდაჭერილია თბილისის მერიის მხრიდან. 


გამოფენის კურატორია ანა რიაბოშენკო.






loading...

კომენტარები:

ფართი შოპი