ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას

22 Sep 2019 13:34

"საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა, საზოგადოების კრიტიკის პასუხად კი თავის დისკრეციულ უფლებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა უფრო აქტიურად ისმის. უფრო მეტიც პოლიტიკოსების ნაწილი მისი იმპიჩმენტის დაყენების საკითხზეც კი ალაპარაკდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას.


"ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უარყოფითად მმართველ გუნდშიც აფასებენ და კრიტიკული განცხადებები, როგორც პრემიერ გიორგი გახარიასგან, ასევე იუსტიციის მინისტრისგან თეა წულუკიანისგანაც გაისმა. აგვისტოს მიწურულს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მან, პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. 17 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე, რომელიც 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.


"მეტიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება (შეწყალების დებულების თანახმად, ძებნილი პირის შეწყალება არ ხდება). თეა წულუკიანმა უკმაყოფილებაც გამოთქვა, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა. "მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებში და დღეს ქალბატონ სალომეს ლანძღავენ", - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. ამასთან, კილაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება ზურაბიშვილს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების ნაწილში. მისივე თქმით, პარლამენტი ფიქრობს ფორმატზე, რომელიც შეწყალების კუთხით კანონმდებლობის დახვეწას უზრუნველყოფს, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება არ მიეღო”, - განაგრძობს გამოცემა.


"მე ცალსახად ვერ დავეთანხმები მკვლელების შეწყალების ნაწილში ქალბატონ სალომეს ისევე, როგორც თავის დროზე არ ვეთანხმებოდი ბატონ გიორგი მარგველაშვილს და მის წინამორბედებს. ასეთ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებში და დღეს ქალბატონ სალომეს ლანძღავენ. ცოტა ორმაგ სტანდარტებს ვხედავ, თუმცა მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ვერანაირად ვერ მოვიწონებ ვერც ერთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ გამოვლინდეს იმპიჩმენტის საფუძვლები”, - დასძენს გამოცემა.


"დეპუტატი ლევან კობერიძე კი არ გამორიცხავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიძრას. კობერიძემ ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტზე მკვლელობაში მსჯავრდებულების მიმართ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, აქედან გამომდინარე მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს. "საქართველოს პრეზიდენტზე რომ ითქვას, რომ ის არის ხელმომწერი და მისგან, ასე ვთქვათ, მოხდეს პასუხისმგებლობის აცილება, მე მგონი, არასერიოზულია. საქართველოს პრეზიდენტი სწორედ რომ ამ ფაქტის მთავარი ფიგურანტია. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხიც კი დაიძრას აქედან გამომდინარე. ასევე, მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი აბსოლუტურად გაუგებარია. მაშინ გამოაცხადოს მორატორიუმი პრეზიდენტობაზე და აღარ იაროს სამსახურში", - განაცხადა დეპუტატმა”, - წერს სტატიის ავტორი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი