სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე - “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი”

22 Sep 2019 13:22

"ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, მიუღებელი და წარმოუდგენელია. მას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან და სასამართლო სისტემის დაკომპლექტებასთან. მე არც მიკვირს ამ ტიპის დანიშვნები. პირველი ინსტანციის სასამართლოც ასე დაკომპლექტდა. შემდეგ აპელაციაც და ახლა უზენაეს სასამართლოს მიადგნენ. ამიტომაც არა აქვს არავის სასამართლოს ნდობა და ამიტომ არის მისი რეიტინგები ყველაზე დაბალი სახელმწიფო სტრუქტურებში. რა თემა უნდა, არც ამ პროკურატურას პროკურატურა არ ჰქვია. მე მას დავარქვი “მიმდინარეობს გამოძიება”. მხოლოდ ეს ერთი ტექსტი აქვს ამ უწყებას. არც ერთი გამოძიება დამთავრებული არ არის. მაშ რას აკეთებს პროკურატურა? მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს”, - აცხადებს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ახვლედიანი: “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი” / “არ არსებობს მექანიზმი, რითიც ამ ქვეყანაში თავს დაიცავ”.


“თუნდაც 20 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით, მე პირადად ვიმყოფებოდი და ზუსტად ვხედავდი, რა ხდებოდა იქ. მსგავსიც კი არაფერი მომხდარა, რასაც ედავებიან და ეს წმინდა პოლიტიკური დაკავებებია და ისიც, რასაც პროკურატურა აწარმოებს და რომელსაც სასამართლო კიდევ დიდი გულმოდგინებითა და კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით აგრძელებს... რაც შეეხება შოთაძის დაბრუნებას, როგორც ჩანს, ივანიშვილი მხოლოდ იმ ადამიანებს ენდობა, რომლის მიმართ ნდობა აქვს და კიდევ ერთხელ აზიანებს ამ უწყებების ინტერესებს. ზოგადად დაბრუნება პრობლემა არ არის, მაგრამ რა პერიოდში, რა ფორმითა და როგორი წესით ხდება ამ ადამიანების დაბრუნება და დაწინაურება, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ცალსახად აჩვენებს რა პროცესი მიმდინარეობს - ადამიანებს პირდაპირ აგრძნობინებენ, თქვენ არაფერს წყვეტთ, ჩვენ ვწყვეტთ და ვისაც გვინდა, დავაბრუნებთ, ვისაც გვინდა დავნიშნავთ და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო... უზენაეს სასამართლოში არაფერი არ შეიცვლება ამ 20 კანდიდატის მისვლით. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ ამ ადამიანებს პიროვნულად, ამ პროცესში მონაწილეობაც კი არ უნდა მიიღონ. შეიძლება ბევრი კარგი ადამიანიც არის პიროვნულად, მაგრამ უკვე ყველანი მზად არიან გახდნენ ამ სისტემის მსახურები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ახვლედიანი.


“როცა გინდა, სასამართლოს სისტემის ავტორიტეტი წამოიწიოს, ვისით უნდა წამოიწიოს, ამ ჯგუფის მიერ? ეს ხომ წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი! მე პირადად ვიცნობ საბჭოს წევრებს, ამ საბჭოში 99% სხედან ისეთი ადამიანები, რომ მათი შერჩეული რა უნდა იყოს! დღეს რომ სააპელაციო სასამართლო ამკვიდრებს აზრს, რომ აზრი არ აქვს გასაჩივრებას - ეს იმას ნიშნავს, რომ ამათ სასამართლოს დამორჩილება კი არ უნდათ - სასამართლო ისედაც დამორჩილებულია. მათ უნდა სასამართლოს გაუქმება! ამ ტიპის ადამიანების დანიშვნით ხალხს ეუბნებიან, თქვენს ბედს სასამართლო ვერ გადაწყვეტსო. თქვენს ბედს გადაწყვეტენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები და თუ ჭკვიანად არ იქნებით, რასაც გვინდა, იმას გაგიკეთებთო”, - დაასკვნის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.


“მიუხედავად იმ შეცდომებისა, იმ პრობლემებისა, რაც სასამართლოში ადრე იყო, სასამართლო სისტემა მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა, რაღაცა მაინც კეთდებოდა. დღეს ამის ილუზიის შექმნასაც არავინ ცდილობს. პირიქით, ისეთი ადამიანების ინიშნებიან, საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას სასამართლოს იმედი არ უნდა ჰქონდეს და მან სხვა ადამიანებთან უნდა მოაგვაროს საკითხები”, - დასძენს მამუკა ახვლედიანი და შეკითხვაზე - “პირდაპირი მესიჯია, ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედიო?” - პასუხობს:


“კი ბატონო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს, ხოლო როცა სამართალი არ არსებობს ქვეყანაში, მერე ხალხი სხვა გზას პოულობს, სხვაგვარად ცდილობს პრობლემის მოგვარებას და ამიტომაც ხდება მერე პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა დავებსა და გარჩევებში... პირდაპირ ეუბნებიან მოქალაქეებსა თუ ბიზნესმენებს, თქვენს საკითხს სასამართლო ვერ გადაწყვეტს, თქვენს საკითხს გადაწყვეტენ კონკრეტული ადამიანები და თუ ჩვენი კეთილგანწყობა არ გექნებათ, ნებისმიერ პროცესს წააგებთო. წარმოიდგინეთ, როგორი სიგნალია ეს ბიზნესისთვის. ვინ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანაში ფული ჩადოს? მხოლოდ იმ ჯგუფებმა, რომლებსაც მათგან ექნებათ მხარდაჭერა. მათგან მხარდაჭერა ექნებათ მხოლოდ პოლიტიკურად დაინტერესებულ ჯგუფებს და ამ ტიპის ქვეყანაში შემოვა მხოლოდ პოლიტიკური ფული. ამ ტიპის ქვეყანაში თავისუფალი ფული არასოდეს შემოვა. არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რითიც ამ ქვეყანაში თავს დაიცავ”.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი