„ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას!“ - გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა!

22 Sep 2019 00:53

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა!


საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა მესამე ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე! ვულოცავ გენოს და მთლიანად ქართული ჭიდაობის ოჯახს ამ დიდ გამარჯვებას!


2019 წელი განსაკუთრებულად წარმატებულია ქართული სპორტის ისტორიაში.


ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ოლიმპიურ სახეობებში უკვე 4 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს. წინ გველის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც ჩვენი მოჭიდავისგან კიდევ ერთ ოქროს მედალს ველით. სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იბრძოლებს. გამომდინარე აქედან, გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული სპორტი კვლავ უნიკალურ შედეგს აჩვენებს და ახალ რეკორდს დაამყარებს.


2019 წელს განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა. ევროპულ თამაშებზე ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე 30 მედალია, - 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა!


წელს მსოფლიოს ჩემპიონები გვყავს ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობასა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა.


ქართული სპორტის შთამბეჭდავი გამარჯვებები სპორტსმენების დაუღალავი შრომის, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის, ფედერაციების სწორი მუშაობისა და სპორტის მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და დამოკიდებულების შედეგია.


მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა და წინ არაერთი საერთაშორისო ტურნირია, ქართველმა სპორტსმენებმა სარეკორდო შედეგები აჩვენეს: საქართველოს ანგარიშზე უკვე 932 მედალია - 329 ოქრო, 260 ვერცხლი და 346 ბრინჯაო. შედარებისთვის, 2018 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 621 მედალი - 206 ოქრო, 198 ვერცხლი და 217 ბრინჯაო მოიპოვეს.


 წარმატებები და კიდევ არაერთი გამარჯვება ქართველ სპორტსმენებს!

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი