"მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან"- ხატია მოისწრაფიშვილი

11 Sep 2019 00:32

მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.


„რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის“, - წერს მოისწრაფიშვილი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხატია მოისწრაფიშვილი 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.


„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.


ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები:

ფართი შოპი