"თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები"- ირაკლი ღარიბაშვილი

09 Sep 2019 00:04

მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი. მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად აღნიშნული არის საამაყო და საპატიო.


„არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, შენს სამშობლოს და შენს ჯარს. მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი. მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული მთელი ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავდაცვის ძალები გახდეს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი. ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი.


რა თქმა უნდა, ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა უკეთესი პირობები მათთვის, უკეთესი სოციალური პირობები და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათ ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში. საუკეთესო პრაქტიკებს გადმოვიტანთ ჩვენს ჯარში“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს დაპირებული რეფორმებს. ღარიბაშვილის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა იქნება, რომ მომავალ თაობაში მოტივაცია გაზარდოს.


„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ქვეყნის პოტენციალი გამოვსტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია,რაც მთავარია დავახვედრო ის პირობები, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი