გიორგი გახარია: „არა აქვს მნიშცნელობა ხელისუფლების რომელ ნაწილს წარმოადგენ - თითოეული ჩვენი სიტყვა, თითოეული ჩვენი განცხადება, ქმედება შეიძლება აისახოს იმ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ“

08 Sep 2019 11:17

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საპარლამენტო სიტყვით გამოსვლისას, მნიშნელოვანი ნაწილი დაუთმო ქვეყნის ოკუპაციის პრობლემას. მისი განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი.


„ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე ძირითადი გამოწვევა არის ოკუპაცია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვამბობთ რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, ყოველთვის აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20% პროცენტი არის ოკუპირებული, რომ ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული. ამაშია ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით, უაღრესად პრინციპულები და მიმწოლები იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ღირსება, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა და დავიცვათ იმ მოქალაქეების ინტერესი, რომლებიც დღეს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს, დევნილებს წარმოადგენენ. ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის, მათი ძირითადი მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ძირითადი ამოცანა და ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითიც ჩვენ შეგვიძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევქმნათ ელემენტარული, საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვა, სადაც დღეს ჩვენ მოქალაქეებს საკუთარ ენაზე განათლების მიღების საშუალებაც არა აქვთ.


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაციასთან ბრძოლას სჭირდება რეალური საქმე. ამ საქმეს ჩვენ მაგივრად არავინ არ გააკეთებს და პოპულისტური გამოხტომები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ზიანი მოაქვს, თითოეული მოქალაქისთვის, რომლებიც ან დევნილის სახით, ან საოკუპაციო ხაზს მიღმა, ან თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების რომელ ფრთას წარმოადგენენ - თითოეული ჩვენი სიტყვა, თითოეული ჩვენი განცხადება, ქმედება შეიძლება აისახოს იმ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ და პროვოკაციული ქმედებები, პოპულისტური, უპასუხისმგებლო - ეს არის ის რაც ჩვენ უნდა დავასრულოთ თუ გვაინტერესებს, თუ ამოვდივართ ქვეყნის და ამ ადამიანების ინტერესებიდან.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი