"სიამოვნებით მოვისმენ ჯანსაღ კრიტიკას" - გამოვიდა ლაშა ყარალაშვილის რომანი „ნაცრისფერ ქალაქში"

02 Sep 2019 15:33


რამდნიმე დღეში ლაშა ყარალაშვილის რომანი - "ნაცრისფერ ქალაქში" გამოვა გაყიდვაში, წიგნის მაღაზიებში. 


"ვარ 29 წლის, დაბადებული და გაზრდილი თბილისში. პროფესიით ვარ იურისტი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემი პროფესიით ვმუშაობ. 


წერა ბავშვობიდან მიყვარდა. სტუდენტობის პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკეთებდი მეგობრებთან ერთად საუნივერსიტეტო გაზეთს და გარკვეულწილად ვიკმაყოფილებდი წერის ჟინს. წლებია, უკვე, რაც ვწერ ლექსებს და პატარა მოთხრობებს, თუმცა, საჯაროდ არასდროს გამომიქვეყნებია. 


მყავს ერთი შვილი, პატარა ანგელოზი კატო. სწორედ ჩემს შვილზე დაწერილი ლექსი გამოვაქვეყნე რამოდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში, რამაც საზოგადოების მხრიდან მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამან მომცა ბიძგი, გამომეცა ჩემი პირველი მცირე რომანი, სახელწოდებით -  „ნაცრისფერ ქალაქში“, რომლის წერაც დავასრულე 2019 წლის თებერვლის თვეში."- გვიყვება ლაშა ყარალაშვილი. 


რომანში სიუჟეტი ვითარდება თანამედროვე საქართველოში, ძირითადად თბილისში. ყურადღება გამახვილებულია სოციალურ საკითხებზე. 


"ზოგადად, ჩემი შემოქმედება ძირითადად ეხება უსამართლობასთან ბრძოლას. მინდა გარკვეული წვლილი შევიტანო სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონმორჩილი საზოგადოების დამკვიდრებაში."- აღნიშნავს ლაშა ყარალაშვილი. 


რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, თანამდებობის პირის შვილია, რომელსაც გარკვეულწილად გააჩნია დაუსჯელობის სინდრომის განცდა და მამამისის გავლენების გამოყენებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ არავინ მოსთხოვს პასუხს ჩადენილი ქმედებების გამო. აღნიშნულ პერსონაჟს უთანხმოება მოუვა რომანის მთავარ გმირთან გიოსთან ხოლო, შემდგომ რაც მოხდება ამას უკვე მკითხველი შეიტყობს რამოდენიმე დღეში, როდესაც წიგნი გაყიდვაში გამოვა წიგნების მაღაზიებში. 


ასევე, რომანის ელექტრონული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი მკითხველისთვის. 


"რომანი „ნაცრისფერ ქალაქში“ გამოიცემა სამ ნაწილად ტრილოგიის სახით. მეორე ნაწილზე, ახლახანს დავასრულე მუშაობა და სავარაუდოდ, ორ თვეში პირველი და მეორე ნაწილის პრეზენტაციას ერთად გავაკეთებ. მეორე ნაწილის სიუჟეტი, ცოტა სკანდალურია, პირველ ნაწილთან შედარებით. მეც მკითხველთან ერთად ველოდები წიგნის გამოსვლას მაღაზიებში. 


ასევე მინდა მივმართო მკითხველს, რომ მივიღებ როგორც დადებით შეფასებებს, ასევე, სიამოვნებით მოვისმენ ჯანსაღ კრიტიკას. ბოლოს კი, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პედაგოგს, ფილოლოგს ქალბატონ ნანა ქირიას, რომელიც არის ჩემი წიგნის მთავარი რედაქტორი. ტრილოგიის გარდა, აგრეთვე, ვაპირებ სამომავლოდ ჩემი ლექსებისა და მოთხრობების კრებულის გამოცემას."- გვითხრა ლაშა ყარალაშვილმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი