"სოფელ საწაბლეს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება!"- დავით ფერაძე მთავრობას მიმართავს

02 Sep 2019 00:47

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ფერაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას, საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ირაკლი ქარსელაძეს განცხადებით მიმართავს.


"ჩემი მომართვის პასუხად, რომელზედაც თქვენ (კერძოდ: პრემიერ მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლევან ტერაშვილმა) პასუხი მოთხოვეთ სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში ირაკლი შიოშვილს GOV6 19 00030863 (02/08/2019), გაცნობებთ, რომ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ გავცა ბუნდოვანი პასუხი. ამ პასუხით არ დასტურდება დაიწყება თუ არა გზის საფარის მოწყობა და ასევე ვერ ვიგებთ გაზიფიცირების პროცესის შესახებ განმარტებას. მართალია, გოგლიჩიძე გაზიფიცირებაზე გვწერს, რომ 2019 წელს საწაბლეში ჩატარდება წინა საპროექტო კვლევითი სამუშაოებიო (რომელიც, რამდენადაც ვიცი, ჯერ არ ჩატარებულა), მაგრამ მოხდება თუ არა რეალური გაზიფიცირება - გაურკვეველია.


ბატონებო და ქალბატონებო.


მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. უკვე წლებია მოსახლეობა იბრძვის გზის აღდგენისთვის. არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას. აქაური წარმომავლობის გამო მორალურ ვალდებულებად მივიჩნევ მაქსიმალურად დავეხმარო მოსახლეობას. ამიტომ, პირადად მეც არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას. ყოველი გაბრძოლების მერე საქმე იმით მთავრდება ხოლმე, რომ მხოლოდ უმნიშვნელოდ გადაასწორებენ გზას. არადა, გზას შესაბამისი ბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა და ზოგან გამაგრებითი ჯებირები სჭირდება. ბეტონის საფარი კი აუცილებელია, ბოლო პუნქტამდე დაიგოს. გასულ წელს ადგილობრივი (ზესტაფონის) მუნიციპალიტეტის მერიასთან მთელმა სოფელმა გამართა საპროტესტო აქცია. მდგომარეობა დაიძაბა, რადგან მერმა ხალხთან შეხვედრაც არ ისურვა. მოგვცეს პირობა, რომ ბეტონის საფარი დაიგებოდა 2019 წლის მარტიდან და ასევე დაიწყებოდა გაზიფიცირების პროცესი.როგორც ჩანს, პირობის შესრულებად ჩაითვალა, ის რომ 7 კილომეტრიანი გზის მხოლოდ 600-700 მეტრ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.


ალბათ, სადავო არაა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის თითოეული სოფლის შენარჩუნება. ეს კი, 21-ე საუკუნეში შეუძლებელია გზის, გაზიფიცირებისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი საწაბლე განვითარების შესაძლებლობას დაიბრუნებს თიხის, წყლის და სხვა რესურსების რეალიზაციის სახით. მოსახლეობას ეკრძალება ფიჩხის მოპოვებაც კი, ეს იმ დროს, როდესაც გაურკვეველი წარმოშობის პირები გამდიდრდნენ ადგილობრივი ტყის რესურსების გაჩანაგების შედეგად. გაზიფიცირების არ არსებობის პირობებში რითღა ისარგებლოს ადგილობრივმა მცხოვრებმა, თუ შეშასაც ავუკრძალავთ და სახნავ-სათესის შემოღობვასაც? როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჩემთვის გახდა ცნობილი, მიმდინარე წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებულია შესაბამისი პროექტის დაფინანსება. თუ რომელი სოფელი „ჩაისმევა“ პროექტში, ამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაწყვეტს. ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ სოფელ საწაბლის მცოხვრებთა მძიმე მდგომარეობა, ცენტრთან სიშორე, მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება და საპროტესტო აქციების განახლების საფრთხე და უზრუნველყოთ გზის სარეაბილიტაციო პროექტისა და გაზიფიცირების განხორცილება მიმდინარე წლიდან და უშუალოდ უხელმძღვანელოთ ამ პროცესს, რადგან, როგორც ირკვევა, ადგილობრივ ხელისუფლება არ ხელეწიფება მსგავსი პროექტების განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ,  ამ საქმეში მეც მივიღო მონაწილეობა."- აცხადებს ფერაძე.



 


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი