"თუ არც დღეს მივიღებთ პასუხს, გადავალთ რადიკალურ ზომებზე!!!" - უშგულელებმა კოშკების გადარჩენის მოთხოვნით, სოფელში შესასვლელი გზა ისევ გადაკეტეს

20 Aug 2019 15:32

20 აგვისტოს, უშგულის მოსახლეობამ სოფელში შესასვლელი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა. მოსახლეობა ითხოვს უშგულში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ასვლას.


უშგულის მკვიდრებმა პირველი საპროტესტო აქცია უშგულის კოშკების გადასარჩენად 12 აგვისტოს გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცეს ერთკვირიანი ვადა უშგულში ჩასასვლელად და სიტუაციის გასაცნობად.


მინდია ჩარქსელიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილე:


"გავიდა დაპირებული ვადა, მაგრამ პასუხი ისევ არ არის! არავინ ჩანს ხელისუფლების პასუხისმგებელი პირებისგან (კულტურული მემკვიდრეობის ხელმძღვანელობას და პრესსამსახურს ფეისბუქპოსტებით პასუხად არ ვთვლი!). კოშკების და სვანური მაჩუბების ბზარები კი დღითიდღე იზრდება და საშიში ხდება არა მარტო ისტორიული შენობების დაკარგვა, არამედ აქ მცხოვრები ადამიანების გადაადგილებაც.


დღეს ისევ გადაიკეტა გზა. მშვიდობიანი ფორმით! უშგულში შემსვლელი გზა დაკეტილია მხოლოდ ავტომობილებისთვის. სოფლის სტუმრებს შეუძლიათ ფეხით გადაადგილდნენ ტერიტორიაზე. გამსვლელებისთვის გზა ხსნილია.


თუ არც დღეს მივიღებთ პასუხს, გადავალთ რადიკალურ ზომებზე!!!


თქვენს უუნარობას ვერ შევწირავთ ჩვენს ისტორიას. კეთილი ინებეთ და ჩვენივე გადახდილი გადასახადები მიმართეთ ამ პრობლემის მოგვარებისკენ!"



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი