"ვმკურნალობ დარდებს ლექსებით..." - დიკა სალაყაია: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

18 Aug 2019 01:44

დიკა სალაყაია არის ჟურნალისტი, სოციალური მეცნიერებების სპეციალისტი, პოეტი და გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან:


მაღიზიანებს - სიბეცე, მარაზმი და ყველაფერი ზღვარსგადასული ..  ;

ვგრძნობ -  რომ უფალი ყველგან არის;

მეშინია - დღის როდესაც მზე არ ამოვა;

ვიცი -  დაღმართს აუცილებლად მოსდევს აღმართი;

არ ვიცი - როგორ სძინავთ ღამე ბოღმიანებს;

შემიძლია - სხვისი ტკივილი მტკიოდეს;

არ შემიძლია - მოვიტყუო/მოვატყუო;

ვმეგობრობ - მათთან ვისაც ჩემსავით უხარია სიკეთის და ღიმილის გაცემა;

ვაპატიებ - შეცდომებს და არა სიცრუეს (ისიც გააჩნია ვინ არის დამანაშავე :)

ვტირი - როცა ემოციების კოკისპირულ თავსხმაში ვარ;

ვიცინი - პლაგიატებზე;

ვეძებ - ადამიანებში დაკარგულ სითბოს, ღიმილს, რწმენას;

ღირსი ვარ - მადლობა უფალს, იმისთვის რისი ღირსიც გამხადა;

ვჩხუბობ - იშვიათად;

ვკარგავ - ზოგჯერ დროს;

მშურს - მათი, ვინც ზაფხულის დილებს მთის მწვერვალებზე ხვდება;

ვემალები - ზოგჯერ საკუთარ თავს;

ვემტერები - გაუნათლებლობას;

მაინტერესებს - ჩემი ქვეყნის მომავალი;

არ მაინტერესებს - სერიალები;

მახსოვს - ის გოგო ბებიას ეზოში გლიცინებს რომ კრეფდა;

მრცხვენია - როცა მაქებენ;

ვმალავ - ზოგჯერ დარდებს;

ვინახავ - უამრავ მზისფერ დღეებს და გლიცინიებისფერ მოგონებებს;

მწამს - ‘ზამთარს მუდამ მოსდევს აპრილები, მუდამ დღით სრულდება ღამე"...

მიკვირს - ადამიანების, რომლებსაც არ სურთ გაიზარდონ და განვითარდნენ;

მიხარია - რომ მეძახიან "დეს";

ვჭორაობ - ვიწრო წრეში :)

ვდარდობ -  "საკუთარ ტკივილს ვივიწყებ ზოგჯერ, სხვის ტკივილებზე ვდარდობ"...

ვამაყობ - ჩემი ოჯახით;

ვაკეთებ - რაც გულით მიყვარს;

ვეფერები - შვილებს და მერე დანარჩენ სამყაროს;

მსიამოვნებს - როცა მთაში ხელებს ვშლი და ვგრძნობ, რომ იწვიმებს;

მესიზმრება - იშვიათად;

ვეხმარები - მადლობა უფალს, რომ მაძლევს შესაძლებლობას ხშირად დავეხმარო სხვებს;

ვეწევი - არაფერს (ისედაც დავფრინავ ლექსებით :)

მწყინს - როცა უსამართლოდ და დაუფიქრებლად მექცევიან;

ვხარჯავ - დროს, ზოგჯერ უაზროდ;

ვღალატობ - არავის და საკუთარ პრინციპებსაც არასდროს!

ვკამათობ - საკუთარ თავთან;

ვუხეშობ - არ გამომდის;

ვუსმენ - კლასიკურ მუსიკას, ზაფხულის წვიმას და გულისთქმას :)

ვყოყმანობ - ხშირად (ჰოროსკოპით სასწორი ვარ)

ვკითხულობ - ბევრს;

ვამზადებ - გემრიელ კერძებს;

ვუყურებ - "ჩემი ცოლის დაქალებს";

ვკლავ - ჩემში ყველა სიზარმაცეს;

ვაფუჭებ - ტანსაცმელს;

ვცხოვრობ - ვეყანაში რომელსაც სამწუხაროდ ყოველთვის მხოლოდ წარსული და მომავალი აქვს ( ქართველებს გვქონდა და ყველაფერი კარგად იქნება);

ვცემ - პატივს ყველას და ყველაფერს;

ვყვირი - გამონაკლის შემთხვევაში;

ვმღერი - როცა მარტო ვარ;

ვასრულებ - დღის ბოლოს ლექსებით;

დავდივარ - ხშირად ბევრს;

ვმკურნალობ - დარდებს ლექსებით;

ვერიდები - ხმაურს;

ვთამაშობ - შვილებთან;

ვიტყუები - იშვიათად;

ვეთაყვანები - მწამს უფლის;

ვგიჟდები – ივლისის კოკისპირულ წვიმაზე;

მიყვარს - მთა, გლიცინიები...

ვოცნებობ - ხშირად;

ვფიქრობ- ძალიან, ძააააალიან ბევრს;

მძულს - სიკვდილი;

ვნანობ- არაფერს (ყველა შეცდომა კარგი გაკვეთილია);

კმაყოფილი ვარ - საკუთარი თავით თითქმის არასოდეს;

მენატრება - ბავშვობა, სოფელი და ბებია;

მსურს - ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არსებობდეს და ყველა პოულობდეს საკუთარ ნატვრის თვალს;

ვაგროვებ - ხარახურა სამკაულებს და მერე ვჩუქნი;

ვიხდი - მადლობას;

ვეჭვიანობ - უკვე აღარ ვეჭვიანობ;

ვკაიფობ“ - არაფერზე (ზოგჯერ ბოღმიანებს დავცინი);

ვიზიდავ - და ვაგროვებ პოზიტივებს;

ვალამაზებ - ალბათ ჩემს წილ სამყაროს.

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი