რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები

18 Aug 2019 01:27

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსებმა ბორდერიზაციის პროცესი გაანახლეს. ოკუპანტებმა ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ქართული მხარე ისევ საერთაშორისო საზოგადოებაზე აპელირებს. დღეს უცხოელი დიპლომატები სოფელში ჩასვლას გეგმავენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს რუსმა ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ დატოვონ სახლები და გაიტანონ, რაც აქვთ. ეს ორი სახლი მავთულხლართების იქით დარჩა მას შემდეგ, რაც დილიდან რუსებმა ბორდერიზაცია განაახლეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ხდება გეგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები.


"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი მსგავს ქმედებას მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თარიღებს ამთხვევს. "ის, რაც ხდება ახალი არ არის, სამწუხაროდ. მსგავსი შემთხვევები რეგულარულად ხდება. რუსეთი ყოველთვის ცდილობს ამ ტიპის ღონისძიებები განახორციელოს საქართველოში მიმდინარე სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური თარიღების დროს. მაგალითად, ახლა 8 აგვისტოს მოვლენებს დაამთხვია. ზაფხული დიდი ხანია მიდის, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეებს დაამთხვია. „თავის დროზე, როდესაც ოლიმპიადა იყო, მაშინ გააკეთეს მსგავსი რამ; სულ რაღაცას ამთხვევენ, რათა დაძაბულობა აწიონ საზოგადოებაში და ყურადღება გადაიტანონ, რომ მოხდეს კონკრეტული თემიდან გასვლა. რუსეთს არ აწყობს საუბარი 8 აგვისტოზე, მათ ჩართულობაზე, ოკუპაციაზე და გადავდივართ ერთმანეთის ბრალდებებზე, რაც ქართველებს ძალიან კარგად შეგვიძლია. „ოპოზიცია კარგად იყენებს ამ მომენტებს. მგონია, რომ რუსეთს ეს გათვლა აქვს. კარგად იცის ქართველების ხასიათი, როგორ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. რატომ ჩვეულებრივ დღეებში არ აკეთებენ? ამას აკეთებენ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვის დღეებში," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.


"საქართველოში აშშ-ს საელჩო სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა და განცხადებას გაავრცელა: "ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. „ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ," - აღნიშნულია განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.


"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან. "ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების გამო. ახალი ბარიერების აღმართვა ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ხელს უშლის მოსახლეობას ხეხილის ბაღებითა და წყლის რესურსებით ისარგებლონ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან," - წერს ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში. ცნობისათვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. მათ ძელებზე მავთულხლართები დაახლოებით 150 მეტრზე გაავლეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა გია რაზმაძის დამწვარი სახლი, რომელიც შენობას ანგრევს და ნივთები სხვაგან გადააქვს. „რაზმაძის სახლი 2008 წლის ომის დროს დაწვეს, ის სხვა ადგილას ცხოვრობს. დამწვარი სახლიდან რაც დარჩა რაზმაძე შლის და სხვაგან გადააქვს. ასევე მიტო გუგუტიშვილის სახლის გვერდით გადის ე.წ. საზღვარი, რომელსაც ოკუპანტები ამ წუთებში ავლებენ,"- აცხადებს სოფელში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი რუსუდან კილაძე”, - დასძენს გამოცემა.


"საკითხთან დაკავშირბით განცხადებას აკეთებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ის ცნობით, დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ,,ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული",- აცხადებენ უწყებაში. დღეს უცხოელი დიპლომატები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ჩავლენ. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გააკეთა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას”, - წერს სტატიის ავტორი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი