"ბიძა მყავს დაკარგული. ვგრძნობ, უნდა ვიპოვო... ვიცი, არ მოკვდება, სანამ არ ვიპოვი!"-თამო კეშელავა: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

24 Jul 2019 23:10

თამო კეშელავა არის ჟურნალისტი და გახლავთ გურიის მხარიდან:


მაღიზიანებს -  უემოცი ადამიანები. აი: - მე არაფერი მწყინს - რომ იტყვის, ვიცი, რომ მატყუებს, მაგრამ -  კარგი რომ ჰგონია ასე უემოციოდ ცხოვრება, ეს მაღიზიანებს;

ვგრძნობ -  მუსიკას, მიწას, მზეს, წყალს და ყველაზე მეტად შვილს...

მეშინია - შიშის მეშინია. ყველაზე ცუდი რამეა შიში, ყველაფერს გაგაკეთებინებს, ყველაზე უსუსური ხარ, როცა გეშინია და ყველაზე პატარა. როცა ვინმეს სურს შემაშინოს - პროტესტის გრძნობა მიჩნდება და ვიბრძვი. ამიტომ, ჩემთან შიში მოდის, როგორ არა, განსაკუთრებით, ცხოვრების შიში - მაგრამ, ცოტა ხნით და არასოდეს მიცხოვრია შიშით. ყველაზე მეტად შიშით ცხოვრების მეშინია;

ვიცი - ბიძა მყავს დაკარგული.  დიდი ამბავია. ვიცი, ვგრძნობ, უნდა ვიპოვნო. ვიცი, არ მოკვდება, სანამ არ ვიპოვნი!

არ ვიცი - როგორი ვიქნები სიბერეში, რას გავაკეთებ, როცა დავბერდები. ისიც არ ვიცი, დავბერდები, თუ არა. ხშირად მიფიქრია, როგორი ვიქნები და არა - არ ვიცი. ისე, ბევრი რამ არ ვიცი...

შემიძლია - გინების გარეშე აზრის გამოთქმა და ოპონირება შემიძლია. უცხოური სიტყვების რახარუხის გარეშე სათქმელის თქმა შემიძლია. ზოგჯერ მე გამეპარება ხოლმე - მაგრამ, როცა ვამჩნევ, ვასწორებ, რადგან ვიცი - ეს ნამდვილად შემიძლია.

არ შემიძლია - ემოციის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გამარჯობასაც არ ვამბობ ემოციის გარეშე;

ვმეგობრობ - ხშირად... ხო, ხშირად ვუმეგობრდები ადამიანებს. როგორ? - აი, გავიცანი, მომეწონა - ვემეგობრები, ზუსტად ისე ვექცევი, როგორც მეგობარს, არ ვუღალატებ, გვერდით დავუდგები, მის ტკივილს და ლხინს გავიზიარებ. აღმოჩნდება ხოლმე მერე, რომ ისეთი არ ყოფილა, როგორიც ჩანდა და მეგონა, მაგრამ - მერე რა.  ათიდან, ერთი მეგობარიც რომ დაგრჩეს - ის ერთი ღირს, იმ ცხრა ადამიანის მოყენებულ ტკივილს;

ვაპატიებ - ხშირად პასუხობენ, რომ ღალატს ვერ აპატიებენ. მაგრამ, ღალატიც ფარდობითი მცნებაა და როცა ჩემი შვილი ნაწყენია და არ მკოცნის ძილის წინ, მაშინაც ვფიქრობ, რომ მიღალატა, მივდივარ და მის ოთახში, მის ლოგინში, მის გვერდით ვწვები - ვეხუმრები, რომ ასე ვსჯი. როცა მე ვტუქსავ გაბრაზებული და დაუფიქრებლად - მე ვღალატობ - ალბათ და ისიც მპატიობს. საერთო ჯამში, იქამდე პატიობ, სადამდეც გიყვარს;

ვტირი - როცა მეტირება.  ბოლო დროს, ყველაზე ბევრი და ყველაზე დიდხანს დათუნა სარალიძის გამო მიტირია. ფიზიკურად ჩემს შვილს ვამსგავსებ, ოღონდ, უფრო მოსიყვარულე და გახსნილი იქნებოდა, ასე მგონია. ვცდილობ, წარმოვიდგინო, რას გრძნობდა, როცა დანას ურტყამდნენ, როცა სისხლისგან იცლებოდა და...

ვიცინი - ხშირად და ბევრს. შეიძლება ითქვას ყველაზე და ყველაფერზე, ჩემს თავზეც კი. სიცილი კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვარია;

ვეძებ - ვიტყოდი საკუთარ თავს -თქო, მაგრამ ეს ხომ ისედაც ცხადია.  არ ვიცი რას და ვის ვეძებ, მაგრამ ის ვიცი, რომ სულ ვეძებ და მთავარი ესაა, ალბათ. შეიძლება, ახლა გულწრფელი არ ვარ და უფრო ღრმად არ ვიხედები თავში, შეიძლება არ მინდა, უფრო გულწრფელი პასუხის გაცემა, მაგრამ - მართლა ვფიქრობ, მთავარი ძიებაა. სულ უნდა ეძიებდე რაღაცას ან ვიღაცას - თავის გარდა;

ღირსი ვარ - ისევ მოვიდე ამქვეყნად ადამიანის სახით. იმიტომ კი არა, რომ კარგი ვარ და რამეს კარგად ვაკეთებ - იმიტომ, რომ ცხოვრებამ ბევრი შანსის გამოყენების საშუალება არ მომცა და ვფიქრობ, ვიმსახურებ კიდევ ერთ გზას;

ვჩხუბობ - ყოველთვის, როცა არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე თქვას, ასე მოიქცეს... 

ვკარგავ - დროს. არ მაქვს დროის უკეთ გამოყენების საშუალება, სამწუხაროდ. იმდენი დრო დავკარგე და იმდენს ვკარგავ ყოველდღიურად; 

მშურს - იმის, როგორ უყვარდა ბაბუას ბებია... და ბებიას ბაბუა... ბაბუამ ბებიას ხელი მოკიდა, გაიყვანა ტრიალ მინდორზე და უთხრა: - აი, აქ  ავაშენებთ სახლს, აქ გავზრდით შვილებს, აქ გვეყვარება ერთმანეთი. ასე ტრიალ მინდორზე დაბინავდნენ და ამ ტრიალ მინდორზე დაბინავებულ ბებოს, ბევრი ქალი შენატროდა სოფელში;

ვემალები - ალბათ, სიყვარულს. იქნებ, ღმერთს. ზოგჯერ, საკუთარ თავს. არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ზუსტი პასუხი;

ვემტერები - აქაც ისე, როგორც პატიებისას - ემტერები, სანამ გიყვარს, ემტერები, სანამ ღირსეულად გმტრობს, სანამ აღფრთოვანებული ხარ მისით. მერე მტრობა აზრს ჰკარგავს; 

მაინტერესებს - ადამიანები. ყველაზე საინტერესო არსებაა ადამიანი, გინდ კარგი და გინდ ცუდი მხრიდან; 

არ მაინტერესებს - ნარკოტიკი;

მახსოვს - ყველაფერი მახსოვს, მიყვარს წვრილმანები. მახსოვს 3 წლის რომ ვიყავი, კარადას მივეპარე და ტორტის სამ, დაუკრემავ ბისკვიტს ვუყურებდი, მახსოვს, იმ დაბადების დღეზე შამპანიურის ჭიქაში, ლიმონათი ჩამისხეს და მახსოვს, მივხვდი, ლიმონათი ესხა და მატყუებდნენ, მაგრამ არ შევიმჩნიე, მწვანე წიგნი მახსოვს კიდევ, მაჩუქეს, ნიანგი ეხატა. ყველაფერი მახსოვს, რამაც ემოცია მომცა;

მრცხვენია - როცა ვაგვიანებ და ხშირად მრცხვენია. სერიოზულად კი, ბევრი რამის მრცხვენია;

უარვყოფ - ყველაფერს, რასაც ბრბო ფანატიკურად ამტკიცებს;

ვავადმყოფობ - იშვიათად;

ვმალავ - სიმსუქნესJ)))

ვინახავ - ჩემი შვილის პირველ წინდას. საფულეში მიდევს J

მწამს უფლის. მწამს ჩემი შვილის სიყვარულის, მწამს, რომ ბაბუას და მამას შევხვდები, როცა მოვკვდები.  ბუმერანგის მწამს კიდევ - ყველაფერი გიბრუნდება ცხოვრებაში, ადრე, თუ გვიან;

მიკვირს - ადამიანის შესაძლებლობების;

მიხარია - ყოველი დღე მიხარია;

ვჭორაობ - როცა ამბავი სასაცილოა, ან საკამათო - ყოველთვის ვყვები; მეგობრებში - და მერე ერთად ვიცინით, ან ვკამათობთ;

ვდარდობ - ჩემს შვილზე. მეტი ყურადღება სჭირდება, მეტი სჭირდება, ზოგადად, ვიდრე ვახერხებ;

ვამაყობ - მამით, ბაბუით, ჯიში, ჯილაგით, ქართველობით;

ვაკეთებ - იმ საქმეს, რაც მიყვარს, იმასაც  - რაც არ ვიცი, მიყვარს, თუ არა, რადგან არასოდეს მიკეთებია და ინტერესის გამო, ვცდი ასეთ საქმესაც;

ვეფერები - ჩემს შვილს. ისე, ჩემი მოფერება, უფრო ზრუნვით გამოიხატება. - ვაიმე, რა საყვარელი ხარ - ეგეთები არ მეხერხება;

მსიამოვნებს - ყურადღება;

მესიზმრება - ალბათ, ბევრი რამ მესიზმრება. იშვიათად, რომ სიზმარი გამახსენდეს;

ვეხმარები - გამომდინარე იქედან, რომ ცუდ დროში ვცხოვრობთ და ჩვენს გვერდით ბევრია დასახმარებელი, სამწუხაროდ, არჩევა მიწევს და ვცდილობ, იმას დავეხმარო, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და ვისთვისაც დახმარება შემიძლია;

ვეწევი - პაპიროზსა;

მწყინს - უყურადღებობა. მწყინს, როცა შეუძლიათ, ვიღაცის დახმარება და არ აკეთებენ;

ვხარჯავ - ფულს, როცა მაქვს, დანარჩენ დროს - ენერგიას;

ვღალატობ - ჩემს თავს. რაც ჩემს თავს დრო და შესაძლებლობა წავართვი - წესით, არასოდეს უნდა მაპატიოს;

ვკამათობ - როცა, ვთვლი, რომ ამ კამათს აზრი აქვს;

ვუხეშობ - ცინიზმია ჩემი უხეშობა;

ვუსმენ - ყოველთვის, როცა ჩემი რჩევაა საჭირო. თუ მე უნდა მაძლევენ რჩევას, მაშინაც ვისმენ, ოღონდ, ყოველთვის მახსოვს, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და მე უნდა გადავწყვიტო;

ვყოყმანობ - ცოტა ხნით. დადებით და უარყოფით მხარეებს ჩამოვთვლი და მერე მაინც, საითაც და როგორაც გული გაიწევს - ისაა;

ვკითხულობ - ბოლო დროს ცოტას ვკითხულობ. ამჯერად, ჩოხელს ვკითხულობ, კიდევ ერთხელ;

ვამზადებ - კერძებს გულისხმობ? რავი, ბევრ რამესJ ტოლმას, ლობიოს, გლინტვეინს... ცომეული არ მთხოვოთ და დანარჩენს თავს ვართმევ;

ვუყურებ - მიყვარს ფილმები. ისტორიული, კრიმინალური;

ვკლავ - ადამიანებს, ვისთანაც ვეღარ ვმეგობრობ;

ვაფუჭებ - ხაჭაპურსJ

ვცხოვრობ - ისე, როგორც შემიძლია და მჯერა. და ხვალ, თუ აზრს შევიცვლი, რომელიღაც საკითხზე, არც ამის თქმის მომერიდება;

ვცემ - მხოლოდ ბოლთასJ

ვყვირი - ხმა მაქვს ისეთი წვრილი, თუ ემოციურად ვსაუბრობ, შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ვწიკვინებJ მე რომ მკითხო, არასოდეს ვყვირი;

ვმღერი - ხმა არ მაქვს სასიმღერო და სმენა, მაგრამ ჯიუტი ვარ და ვღიღინებ მაინც... პრინციპში,  არ ვმღერიJ

ვერიდები - იმ ადამიანების წყენინებას, ვინც მიყვარს;

ვთამაშობ - ჯოკერს;

ვიტყუები - კი და მერე ვუყვები იმ ადამიანს, ვინც მოვატყუე. ყველაზე მეტად ეგ მომენტი მიყვარს, როცა ვუყვები, რომ მოვატყუე. სერიოზულ ტყუილს მგონი არ ვამბობ;

ვეთაყვანები - უფლის გარდა? არაფერს და არავის.  თაყვანცემა - ბრმაა და არ მიყვარს ბრმად არაფრის კეთება;

ვგიჟდები – გურული ვარ, გიჟი დავიბადე. კაცმა არ იცის, რაზე შეიძლება გავგიჟდე;

მიყვარს - წერა მიყვარს ძალიან. მათავისუფლებს, მცლის;

ვოცნებობ - ბევრი რამის სწავლა მინდა. ვოცნებობ, იმის დროს და საშუალება მქონდეს, მხოლოდ ის ვაკეთო, რაც მინდა და არა ის, რაც საჭიროა;

ვფიქრობ - ოდესმე, წიგნს დავწერ;

მძულს - სიყალბე;

ვნანობ - დაკარგულ ადამიანებს, დროს, რომელიც საყვარელ ადამიანებს არ დავუთმე, ვერ დავუთმე. ვნანობ, რომ მეტი სიყვარული არ შემიძლია.

კმაყოფილი ვარ - იშვიათად ვარ კმაყოფილი, ყოველთვის მეტი მინდა, სხვებისგანაც და საკუთარი თავისგანაც;

მენატრება - ადამიანები, რომლებიც დავკარგე;

მსურს - მიყვარდეს;

ვაგროვებ - ხურდებს.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ფარგლებს არ გავცდენილვარ, ბევრი ქვეყნის ხურდა მაქვსJ

ვიხდი - კომუნალურებსJ

ვეჭვიანობ - ვერ მოვყვები, ბევრ რამეზეJ

ვიზიდავ - გიჟებსJ

ვალამაზებ - ალბათ, რამეს ვალამაზებ. ალბათ, ვინმეს ცხოვრებას ვალამაზებ. სხვაგვარად, რა აზრი ექნებოდა, ჩემს სიცოცხლეს.

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი