„ყოველგვარი სტანდარტის და ეთიკური ნორმების დარღვევა იყო ის, რაც გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში ისმოდა" - ეკა ბესელია

08 Jul 2019 15:56

ვინ როგორ გამოიყენებს ახლა ამ ვითარებას, ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, ეს ქვეყნისთვის საზიანო არ უნდა იყოს, - ასე შეაფასა გუშინ განვითარებული მოვლენები "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დეპუტატმა ეკა ბესელიამ. დეპუტატის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის ეთერით გაჟღერებული მოსაზრებები სტანდარტების დარღვევაა, თუმცა მიაჩნია, რომ გარკვეული ჯგუფების პროვოცირება ხელისუფლებამაც მოახდინა.


„ყოველგვარი სტანდარტის და ეთიკური ნორმების დარღვევა იყო ის, რაც გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში ისმოდა. არ მგონია, რომ ამით ან პატრიოტიზმის გამოხატულების მოდელს ქმნის ჟურნალისტი, ან ამით შეიძლება პროდასავლური ნიშის გამყარება. გამოხატვის ეს ფორმა არღვევს ძალიან ბევრ სტანდარტს და აბსოლუტურად სწორი იყო ყველა იმ ადამიანის და პირის შეფასება და განცხადება ვინც ამას გაემიჯნა. ტელეკომპანიის მხრიდანაც სწორი რეაქცია იყო, როდესაც თვითონ დაგმეს ეს ფორმა და თქვეს, რომ ეს არაფერში არ ჯდება. გარდა ამისა, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციულიც არის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჟურნალისტის გამოხატვის ფორმად შეფასდა, ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ერთი ჟურნალისტის განცხადება, რადგან ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გაჟღერებული ლანძღვა-გინება, რაც არ არის ერთი ჟურნალისტის შეხედულებები. რაც შეეხება რეაქციებს, იქ გულწრფელი რეაქციებიც იყო, მაგრამ იყო მეორე მხრივ, გარკვეული პროვოცირებაც ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ჯგუფების. მე ასეთი პოზიცია მაქვს ზოგადად ფსევდო პატრიოტული და ფსევდო დასავლური ღირებულებების ტირაჟირება და პროპაგანდა ასეთი ფორმებით არც ერთი და არც მეორე მხრიდან არ უნდა ხდებოდეს", -განაცხადა ეკა ბესელიამ.


დეპუტატის თქმით, ისევე როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების ქმედებები და პოზიცია არაჯანსაღი და ქვეყნისთვის საზიანოა.


"რაც მოხდა ბუნებრივად მოხვდა, მაგრამ ვინ როგორ გამოიყენებს ამ თემას ეს მეორე საკითხია. ზოგადად ერთმა ძალამაც, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლებას და მეორე ძალამაც დღეს მოქმედმა ხელისუფლებამაც უნდა დაანებოს თავი ერთი მხრივ, რევანშისტულ წყურვილს, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და მეორე, დღევანდელი ხელისუფლების სურვილს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება - ორივეს პოზიცია ჩანს არაჯანსაღი და ქვეყნისთვის საზიანო. ამიტომ ძალიან კრიტიკულად ვუყურებ ორივე შემთხვევაში ამ გამოხატვის ფორმებს და რეაგირებას რასაც ვხედავ და ვინ როგორ გამოიყენებს ახლა ამ ვითარებას, ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, ეს ქვეყნისთვის საზიანო არ უნდა იყოს", - განაცხადა ბესელიამ.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი