"ხელისუფლება პანიკურ მდგომარეობაშია, აღრმავებს კრიზისს და აჩქარებს მის პოლიტიკურ დასასრულს" - რომან გოცირიძე

04 Jul 2019 23:08

„ფაქტობრივად, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყება დააანონსეს,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურატურის განცხადებას 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ. გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლება მომხდარის შეფასების რუსულ ვერსიას ერთი-ერთზე იმეორებს.


„ეს არის ხელისუფლების მორიგი უგუნური ქმედება. ფაქტობრივად, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყება დააანონსეს. თუ თავიდან მომხდარ ფაქტს მისცეს ჯგუფური ძალადობის კვლიფიკაცია, ახლა უკვე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის რანგში აიყვანეს. ალბათ, მერე გადამალულ ათასობით საბურავებზე და რევოლუციებზე მოგვითხრობენ ზღაპრებს. მოქმედებენ გაღმა შეედავეს პრინციპით. უნდათ საკუთარი დანაშაული მიჩქმალონ და ის საპროტესტო გამოსვლები ჩაახშონ, რომელიც არ დამთავრდება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის გარეშე. ამით ვერავის დააშინებენ. ერთ-ერთზე იმეორებენ მომხდარის შეფასების რუსულ ვერსიას. ხელისუფლება პანიკურ მდგომარეობაშია, აღრმავებს კრიზისს და აჩქარებს მის პოლიტიკურ დასასრულს. ვერ აფასებს ხალხის განწყობას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.


შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე წლის 20-21ივნისს ცალკეული პირების მიერ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ 20 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამოძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი