შესაძლოა, სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა სრულად სპეცრაზმს დაეკისროს

03 Jul 2019 21:12

ხალი გეგმა გახარიას გადასარჩენად - სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა შესაძლოა, სრულად სპეცრაზმს დაეკისროს.


ერთ-ერთი ვერსიით, სცენარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა ასეთია - მმართველი გუნდი აპირებს თქვას, რომ სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებისგან საფრთხე დაინახეს, სროლა საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყეს, ცენტრალური ბრძანება კი არ არსებობდა.


ასეთ შემთხვევაში გამოძიება ვერც გახარიას, ვერც ანზორ ჩუბინიძის და ვერც იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს ვერ განიხილავს, ვინც სისხლიანი ღამის მოწყობის გადაწყვეტილება რეალურად მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციელებისთვის პასუხისმგებლობის გადაბრალება უტიფრობაა, რადგან ყველამ იცის, რომ ბრძანების გამცემი იყო ივანიშვილი, შემდეგ კი გახარია და ჩუბინიძე. 


„იმაზე საუბარი, რომ უშუალოდ რიგითი სპეცრაზმელები და  პოლიციელები არიან დამნაშავე და არავის ბრძანება არ გაუცია, ეს არის იმდენად უტიფრობა და საბჭოთა სისტემის განსახიერება, რომ რეალურად საუბარი უკვე გონიერებაზე ზედმეტია.


"უნდა ვიცოდეთ მარტივი ფორმულირება, ბრძანებას ექვემდებარება შს სამინსიტროს ყველა თანამშრომელი, ბრძანების გამცემი ადამიანები იყვნენ ვერტიკალურად და წყობა არის შემდეგი: ეს არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია, ჩუბინიძე და კოორდინაციაში  ყველა სამართალდამცველ უწყებასთან, ასევე რეალურად იმ სამმართველოს უფროსებთან, რომლებიც ასევე იდგნენ კორდონის მიღმა,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით,როგორი ვერსიაც არ უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ ხალხს გახარიას გადასარჩენად საზოგადოება არ მოტყუვდება. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იღებდა თუ არა სპეცრაზმი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მათი უფროსი არის შს მინისტრი და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.


„პოლიცია ექვემდებარება შს მინისტრს და ის არის პასუხისმგებელი მომხდარზე, რანაირადაც არ უნდა შეეცადონ, შეიყვანონ ხალხი შეცდომაში ეს არ გამოვა, როგორი ვერსიაც არ უნდა იყოს მართალი, თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას თუ ბრძანებით ესროდნენ თვალებში პასუხისმგებელი არის მათი უფროსი შს მინისტრი,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.


„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ცხადია, ხელისუფლება ხელს აფარებს გიორგი გახარიას. მისი თქმით, არ არსებობს ობიექტური გამოძიების მოლოდინი.


„ის, რომ ვინმეს სჯერა, რომ ორი თვის შემდეგ, რაიმე ობიექტური სურათი გვექნება პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მშურს იმ ადამიანების, რადგან წარმოუდგენელია ასეთ ვითარებაში ვინმეს სწამდეს ობიექტური გამოძიების,“-ამბობს კორძაია.

rustavi2.ge


კომენტარები:

ფართი შოპი