ზვიად ავალიანი - გაურკვეველი საზღვრები როგორც მთვლემარე საფრთხეები სამხრეთ კავკასიაში

26 Jun 2019 13:15

საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესში კავკასიაში რამდენიმე კონფლიქტმა იფეთქა, რომელთა გადაჭრაც დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა 2019 წელს კავკასიამ და მთელმა მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ფიქრი საჭიროა არა მხოლოდ „ძველი“ კონფლიქტების მოგვარებაზე, არამედ პრევენციაზეც და იმაზე, რომ რეგიონში ახალი კონფლიქტების საფრთხე არ გაჩნდეს.


უფრო კონკრეტულად - 2019 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა სასაზღვრო დავა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, სადაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ჯერ კიდევ შეუთანხმებელი მონაკვეთი გადის. აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე დაწყებული პროცესი ჯერაც არ ჩამცხრალა,  თუმცა რაც უკვე მოხდა, უკვე საკმარისია გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად.


კერძოდ - 2019 წლის გარეჯის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამხრეთ კავკასია რეალურად ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტსაშიში რეგიონია მსოფლიოში და სათანადო ყურადღების გარეშე არ არის გამორიცხული სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს.


2019 წლის გაზაფხულზე დადასტურდა ასევე ისიც, რომ მჭიდრო გეო-ეკონომიკური პარტნიორობა არ იძლევა ყველა პრობლემის გასაღებს, არ ნიშნავს რომ ორ ქვეყანას შორის არ შეიძლება არსებობდეს უთანხმოება და არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ნებისმიერი უთანხმოება ავტომატურად მოგვარდება.


ასე, მაგალითად, საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდრო პარტნიორობის რეჟიმში იმყოფებიან საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დღემდე და სავარაუდოდ, ამავე რეჟიმში გააგრძელებენ ურთიერთობას მომავალშიც, რადგან ეს თვით ამ ქვეყნების გეოგრაფიით და გეო-ეკონომიკური ინტერესებით არის განპირობებული, თუმცა მიუხედავად ამ პარტნიორობისა, ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა ისტორიის ვერც ერთ მონაკვეთში და ვერც ერთი ხელისუფლების დროს მხარეებმა ვერ მოახერხეს  დაესრულებინათ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი და ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ სად გადის ორ ქვეყანას შორის საზღვარი კონკრეტულად გარეჯის მონაკვეთზე.


სიტუაციას ართულებს ისიც, რომ გარეჯის კომპლექსს გარდა ტერიტორიული განზომილებისა, აქვს რელიგიური, ისტორიული და აქედან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვაც, რაც პირდაპირ თუ ირიბად ასევე უკავშირდება ქვეყნების  გეოპოლიტიკურ თვითიდენტიფიკაციას.  ქართული საზოგადოებისთვის დავით-გარეჯი წარმოადგენს ქართული ქრისტიანობის  ერთ-ერთ უძველეს და უმთავრეს სიმბოლოს, რაც ამ ტერიტორიაზე ქართველების უძველესი დროიდან ცხოვრებას ადასტურებს, ხოლო აზერბაიჯანელი მეცნიერები ბოლო წლებში ენერგიულად ავითარებენ თეორიას დავით-გარეჯის კომპლექსის შექმნაში კავკასიელი ალბანელების მონაწილეობის შესახებ, რომლებსაც თავის მხრივ ბაქო თანამედროვე აზერბაიჯანელთან წინაპრებად მოიაზრებს; ერთი სიტყვით - რეალურად სახეზე გვაქვს უთანხმოება არა მხოლოდ სასაზღვრო ხაზთან დაკავშრებით, არამედ ისტორიის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებითაც და რადგან გარეჯის კომპლექსის ძირითადი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა, აზერბაიჯანელი მეცნიერების მხრიდან ალბანური ნარატივის გააქტიურება საქართველოში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ნარატივის საფუძველზე ადრე თუ გვიან ბაქოს შეუძლია პრეტენზია განაცხადოს მთლიანად მთელს კომპლექსზე და შესაბამისად, მთელს რეგიონზე, სადაც ეს კომპლექსი მდებარეობს.


აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო გაუგებრობა დავით-გარეჯის ზონაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. უთანხმოების მიზეზი ჩნდება 1924 წლიდან, როცა ე. წ. ყარაიაზის ველი, რომელიც მანამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, გადაეცა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკას. ამ ცვლილების შედეგად, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დღემდე ბოლშევიკური რეჟიმის უსამართლობასთან ასოცირდება, უშუალოდ სასაზღვრო ზონაში აღმოჩნდა გარეჯის კომპლექსში შემავალი რამდენიმე ძეგლი (უდაბნოს სამლოცველო და ჩიჩხიტურის კოშკი), ხოლო ბერთუბნის ეკლესია მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.


ამ ფაქტის შემდეგ თბილისმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არაერთხელ სცადა  ბაქოსთან მოლაპარაკება საზღვრის კორექტირების მიზნით, თუმცა აზერბაიჯანი ნებისმიერ ინიციატივას უარყოფდა რომელიც გარეჯის მონაკვეთზე რამე დათმობას ითვალისწინებდა, თუნდაც სხვა ზონებში საპასუხო დათმობების სანაცვლოდ.


ამგვარი არშემდგარი ტერიტორიული ტრანსფერის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 1980-იან წლებში თბილისის მიერ მომზადებული გეგმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანს საქართველოსთვის უნდა დაეთმო ტერიტორია ისე რომ ბერთუბანი საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩენილიყო, ხოლო საქართველო სამაგიეროდ იგივე ფართობის ტერიტორიას დათმობდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, მაგრამ საბჭოთა კავშირი ისე დაიშალა, რომ ეს გეგმა  არ განხორციელებულა და შესაბამისად პრობლემა მემკვიდრეობით გადაეცა უკვე დამოუკიდებელ საქართველოსა აზერბაიჯანს.


ასეთია საკითხის პრეისტორია და ფონი, თუმცა დამოუკიდებლობის წლებშიც ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა - ორი ქვეყანა მუდმივად ადასტურებდა ერთმანეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, ორივე დედაქალაქში საუბრობდნენ საზღვრის დელიმიტაციის საჭიროებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზღვრის 1/3 (მათ შორის გარეჯის მონაკვეთი) ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული, ხოლო მეგობრობა და პარტნიორობა ამ საკითხთან მიმართებით ვლინდებოდა იმაში, რომ მხარეები, როგორც წესი, რეალურად არ აკონტროლებდნენ შეუთანხმებელ მონაკვეთს, რითაც თავიდან ირიდებდნენ მოსალოდნელ უხერხულობას.


აქ მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ ეს იყო და არის ერთგვარი „ჯენტლმენური შეთანხმება“ მხარეებს შორის და არა ფორმალური გადაწყვეტილება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ შეთანხმებას ქონდა რამდენიმე გამონაკლისი, როცა ის არ ან ვერ მუშაობდა. ასე, მაგალითად, 2007 და 2012 წლებში აზერბაიჯანულმა მხარემ მოინდომა მკაცრი კონტროლის დამყარება იმ ხაზზე, რომელიც ოფიციალური ბაქოს პოზიციის თანახმად სახელმწიფო საზღვარს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ამას მოყვა სიტუაციის დაძაბვა და მძაფრი პროტესტი ქართულ საზოგადოებაში, რომელიც თვლის, რომ აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში იჭრება.


სწორედ ასეთი ინცინდენტით დაიწყო სიტუაციის მორიგი გართულება 2019 წლის გაზაფხულზეც, როცა აზერბაიჯანულმა მხარემ ჩაკეტა უდაბნოს მონასტერთან და ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი გზა. აქ ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულების აუცილებლობას და ამ ვიზიტის შემდეგ გარეჯის კომპლექსიც მოინახულა.


ამ ნაბიჯების გამო, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით გაჟღერდა კითხვები, თუმცა ფაქტია, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო გართულების მაპროვოცირებელი უშუალო საბაბი, პრობლემას გაცილებით ღრმა საფუძველი აქვს და ეს საფუძველი არის მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობა იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა გადიოდეს საზღვარი ორ ქვეყანას შორის.


ამავე დროს ცხადია ისიც, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღების მუდმივი გადავადება, მაგრამ წინამდებარე მიმოხილვის მიზანს არ წარმოადგენს უშუალოდ სასაზღვრო უთანხმოების დეტალური ანალიზი, სასაზღვრო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის შეფასება, ან იმის დადგენა თუ რა შეიძლება იყოს ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური გამოსავალი.


ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია გავარკვიოთ რამდენად სერიოზული პოტენციური საფრთხეა დაუდგენელი საზღვრები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შორის და რამდენად არიან მზად ამ ქვეყნების ხელისუფლებები აღნიშნულ საფრთხეებთან გასამკლავებლად.


ამ კუთხით, უშუალოდ გარეჯის მოვლენებზე ქართული მხრიდან დაკვირვების შედეგად შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ საფრთხეები მართლაც არსებობს, ხოლო ხელისუფლებების რეაქცია ყოველთვის არ არის საკმარისად ადეკვატური.


მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებლება ერთ მხრივ ინარჩუნებს აბსოლუტურ სიმშვიდეს და დიპლომატიურ ტონს დავით-გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან კომუნიკაციის პროცესში, რაც უდავოდ კარგია, თუმცა მას აშკარად ქონდა პრობლემები უშუალოდ ქართულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე, ემოციურ მდგომარეობაზე და საბოლოო ჯამში, აისახება საერთო სურათზე.


ამავე დროს, როცა ვლაპარაკობთ საფრთხეებზე, აუცილებელია გავამახვილოთ ყურადღბა 90-იანი წლების შემდეგ თვით საზოგადოების შიგნით მომხდარ ცვლილებებზეც. საქართველოში დავით-გარეჯის საკითხის გამწვავებას, როგორც ყოველთვის, მოყვა საზოგადოების გააქტიურება და მასშტაბური საპროტესტო აქტივობა, თუმცა  ამ აქტივობაში ნაკლებად ან თითქმის საერთოდ არ შეიმჩნეოდა ანტი-აზერბაიჯანული პათოსი, აბსოლუტურად არ იგრძნობოდა ეთნიკური ან რელიგიური ქვეტექსტები და პროტესტი ძირითადად მიმართული იყო  საქართველოს ხელისუფლებ(ებ)ისკენ.


და ბოლოს - საზოგადოების კონტექტსში ასევე საინტერესოა მედიაზე, ექსპერტულ ორგანიზაციებზე და არასამთავრობო სექტორზე დაკვირვება, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს თამაშობს კომუნიკაციის პროცესში და ეხმარება სახელმწიფოს რისკების თავიდან აცილებაში. ამ მხრივ თვალშისაცემია, რომ ქართულ მედიაში, სამწუხაროდ, კავკასიას არასაკმარისი ყურადღება ეთმობა და ქვეყანა ასევე არ გამოირჩევა კავკასიის მიმართულებაზე ან კონფლიქტების პრევენციაზე ორიენტირებული კვლევითი ცენტრებისა და ორგანიზაციების სიმრავლით, რისი საჭიროებაც მიმდინარე პროცესებმა ნათლად გამოავლინა.


ამავე დროს, ის ორგანიზაციები, რომლებიც მიუხედავად საკითხისადმი არასაკმარისი ინტერესისა მაინც მუშაობენ დიალოგების ხელშეწყობისა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებებზე, აშკარად უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ როგორც ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებისა და საზოგადოების მხრიდან.


ასეთია ზოგადი სურათი... საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საზოგადოების განწყობა, ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო ინტერესები ამ ეტაპზე სავარაუდოდ არ დაუშვებს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას, მაგრამ გაურკვეველი საზღვრები ალბათ მომავალშიც გამოიწვევენ არაერთ უხერხულ ინცინდენტს და შექმნიან ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობის დაძაბვის საფრთხეს. ამ საფრთხეების პრევენცია ძირითადად სახელმწიფოს მოვალეობაა, რადგან საზოგადოების სიბრძნემ და საერთო ინტერესების შეგნებამ შესაძლოა ყოველთვის ვერ დაძლიოს ემოციები, რომლებიც სასაზღვრო გაუგებრობებს ყოველთვის თან ახლავს.


სხვათა შორის, ამ მოვალეობას და პასუხისმგებლობას გვახსენებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2016 წლის 9 სექტემბერს მიღებული სპეციალური რეზოლუციაც (70/304), რომელიც კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმებს ეხება:


„კონფლიქტების პრევენცია ძირითადად სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული პრევენციული ზომები უნდა ავსებდეს და აძლიერებდეს ნაციონალური ხელისუფლებების მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.“

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი