"კმარა სიბრმავე, რუსეთი ოკუპანტია"- 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შედგენილ სპეციალურ პეტიციას ვინც ვეთანხმებით მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ

22 Jun 2019 15:55

"როგორი სამარცხვინოც იყო, ისე სამარცხვინოდ გადააყენეს"- ასე გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი, მარიკა არევაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს. 


"ეს რომ მომხდარიყო გუშინ, არ მოხდებოდა ამხელა უბედურება;


არამარტო თავმჯდომარეობა, არამედ პოლიტიკური საქმიანობაც უნდა დამთავრდეს მისთვისაც, ქუცნაშვილისთვისაც და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ოკუპანტს ფიანდაზად დაეგო;


გადამეტებული ძალისთვის უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შსს-მ - გადადგეს მინისტრი და დაისაჯოს ყველა მოძალადე რობოკოპი;


ზიანი აუნაზღაურდეს ყველა დაზარალებულს;


რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სპეციალური მოთხოვნა საქართველოში შემოსვლამდე (იქნება ეს მოსაკრებელი თუ სუვერენიტეტის აღიარება)."
- წერს მარიკა არევაძე. 


მარიკა არევაძე, თანამოაზრეებთან ერთად (ნინო პაიჭაძე, ანა ჯალაღონია, მარიამ თავაძე)  შედგენილ სპეციალურ პეტიციასაც ავრცელებს:


"20 ივნისს, თბილისში, საქართველოს მოქალაქეები აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას და ვითხოვდით ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე რუსული მხარის მხრიდან. პროტესტი გამოწვეული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ანსამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარტლამენტში განხორციელებული მოქმედებით და მის მიერ გაკეთებული განცხადებებით.


სამწუხაროდ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა პრობლემის ჯეროვანი შეფასება და კრიზისული მდგომარეობის დროული განმუხტვა. რამდენიმე საათის განმავლობაში არ ხდებოდა აქციის მონაწილეებთან/ორგანიზატორებთან კომუნიკაცია. მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა და აქციის მონაწილე ახალგაზრდების დევნა განახორციელა დილის 6 საათამდე, პარლამეტის შენობიდან - გმირთა მოედნამდე.


მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლისას ადგილი ქონდა საპოლიციო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას და ძალის გადამეტებას, რის შედეგადაც 240ზე მეტი ადამიანი იქნა დაშავებული და ჰოსპიტალიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს მიადგა გამოუსწორებელი ზიანი (თვალის დაკარგვა). ამ დროისათვის, ასევე დაკავებულია 300-ზე მეტი მომიტინგე. ამ ფონზე კი, არსებული ინფორმაციით რუსი დეპუტატი ითხოვს ოფიციალურ ბოდიშს და გამოძიების პროცესში რუსული მხარის ჩართვას.


განვითარებული მოვლენების ფონზე, პეტიციის ხელმომწერები მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ვითხოვთ:


1.    გათავისუფლდნენ აქციის დაკავებული მონაწილენი, ასევე დროული სამედიცინო დახმარება გაეწიოს თითოეულ მათგანს.


2.    სრულად აუნაზღაურდეთ აქციის ფარგლებში დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანი (მათ შორის - ამჟამინდელი მკურნალობის, მიღებული დაზიანების შედეგად მომავალში საჭირო ოპერაციული, მედიკამენტოზური თუ პლასტიკური ქირურგიისათვის საჭირო ხარჯი).


3.    რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლამდე დაუწესდეთ სპეციალური მოსაკრებელი. ამასთან, სავალდებულო წესით, წერილობით მოეთხოვოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.


4.    შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება სათანადო ცოდნის მქონე პირებით და გამოიკვლევს:
•    საქართველოში რუსეთის დელეგაციის ამ ფორმით ჩამოსვლა/მიღების საკითხს და გამოავლენს მონაწილე პირებს;
•    გამოიკვლევს პოლიციის მიერ განხორციელებული მოქმედებების ლეგიტიმურობას. ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში კი, მოხდება ბრალეული პირების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა.


5.    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე და დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.


6.    პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პარლამენტარმა, რომელიც მონაწილეობდა რუსი დეპუტატების ჩამოყვანა/მიღების პროცესში და ასევე დეპუტატებმა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აქციაზე ვითარების დაძაბვას. ყველა მათგანმა დატოვოს საპარლამენტო მანდატი.


7.    2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.


8.    საქართველოს საპატრიარქომ დაუყოვლებლივ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ასევე განმარტოს, რატომ გახდა საჭირო საპატრიარქოს მხრიდან რუსი დეპუტატის მოწვევის მხარდაჭერა და რა შემდგომ ქმედებებს განახორციელებს საპატრიარქო რუსული პოლიტიკისგან თავის გასათავისუფლებლად."
- აღნიშნულია პეტიციაში.

 

პეტიციას შეგიძლიათ შეუერთდეთ ქვემოაღნიშნული ბმულის მეშვეობით:


➡️პეტიცია: კმარა სიბრმავე, რუსეთი ოკუპანტია


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი