"სისტემა ცდილობს, რაღაცნაირად დაადუმოს მალხაზ მაჩალიკაშვილი" - ზაალ უდუმაშვილი

15 Jun 2019 22:50

ჩვენ მალხაზ მაჩალიკაშვილს დავეხმარებით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაში, რათა დროულად შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.


მისი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ მზადყოფნას, ყველანაირად დაეხმარონ მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.


„დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ინიციატივით შედგა შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან. ეს ადამიანი უკვე წელიწადზე მეტია სისტემას ებრძვის, რომელმაც მისი შვილი იმსხვერპლა და რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობს, რაღაცნაირად დაადუმოს და გაანეიტრალოს მალხაზ მაჩალიკაშვილი, თუმცა ამ ბრძოლაში ის მარტო ნამდვილად არ არის. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით მალხაზ მაჩალიკაშვილს ამ ბრძოლაში. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ ის იქნება, რომ ჩვენ დავეხმარებით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაში, რათა დროულად შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს არანაირი არგუმენტი, რომ ამ საქმიდან თავი დაიძვრინოს. მე ვფიქრობ, სწორედ ეს საგამოძიებო კომისია იქნება ის, რაც დაძრავს ყინულს. საბოლოოდ უნდა გაირკვეს, რა მოხდა რეალურად პანკისში და ვისი ბრძანებით მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მხარდაჭერა სთხოვა. მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვების გარდა, ისინი სხვადასხვა ღონისძიებასაც დაგეგმავენ.

ipn.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი