"დაუშვებელია, რომ პოლიცია იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი" - ოთარ კახიძე

11 Jun 2019 00:00

იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშაა 73-დან 72 მაჟორიტარი და თქვენ პარლამენტში სუპერ უმრავლესობა გაქვთ, ამ ფონზე კიდევ კრიმინალური სამყაროს გამოყენება საერთოდ გაუგებარია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კახიძე მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებისგან განყენებულად, ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ჰყავს მობილიზებული.


„არ შეიძლება და დაუშვებელია, რომ სახელმწიფო, პოლიცია, სამართალდამცავი სისტემა და მმართველი პარტია იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი და მათთან ალიანსში მყოფი. ეს ანგრევს თვითონ სახლმწიფოს ფუნდამენტს, ვინაიდან შეუთავსებელია ერთმანეთთან დანაშაული, კრიმინალი და სახელმწიფო როგორც ასეთი. ამიტომ მოგიწოდებთ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ამ ფაქტს მისცეთ შესაბამისი პოლიტიკური შეფასება, რადგან უნდა გადაწყდეს, ჩვენ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ - იმ ქვეყანას ვაშენებთ და ისეთ გარემოში ვზრდით ჩვენს შვილებს, სადაც მოდაშია და მისაბაძი მაგალითია მოძველბიჭო ელემენტი, ჩაცუცქული, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს კანონმორჩილ მოქალაქეებს, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში უკანონოდ, რომელიც ზეწოლას ახდენს თავისუფალი ნების გამოვლენაზე, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი თავისუფალ, ნორმალურ გარემოში“, - განაცხადა კახიძემ.


მისივე თქმით, კრიმინალური სამყაროს გამოყენება არჩევნებზე იმ ფონზეც გაუგებარია, როცა მმართველ პარტიას 73 მაჟორიტარული ოლქიდან 72 მოგებული აქვს.


„რაიმე აუცილებლობაც რომ იდგეს, სიკვდილ-სიცოცხლის ამბავიც რომ იყოს, სახელმწიფომ მაინც არ შეიძლება ალიანსი გააფორმოს კრიმინალურ სამყაროსთან. მაგრამ იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშაა 73-დან 72 მაჟორიტარი და თქვენ პარლამენტში სუპერ უმრავლესობა გაქვთ, ამ ფონზე კიდევ ამ მეთოდების გამოყენება საერთოდ გაუგებარია და ყოვეგვარი მიზანშეწონილობისგან აცდენილია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ipn.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი