ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის მანძილზე შემოსავლის სახით 70 000 ლარამდე მიიღო, კახაბერ გვანცელაძე თვეში 360 ლარის ღირებულების საწვავს მოიხმარს

05 Jun 2019 00:38

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ, 2018 წლის მანძილზე თანამდებობრივი სარგოს სახით 67 200 ლარი მიიღო, (თვეში 5 600 ლარი),  ხოლო მისმა ორმა მოადგილემ 52 800-58 00 ლარი. (თვეში 4 400 ლარი). აღნიშნული წლის მანძილზე კახაბერ გვანცელაძე, პრემიის სახით თავის თავს 3 916 ლარი გამოუწერა, ხოლო მის მოადგილეებს, ხელფასებივით თანაბრად  ერგოთ - 3 076.92- 3 076.92 ლარი.


თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს სულ 49 თანამშრომელი ჰყავს. მათგან 43 შტატიანი თანამშრომელია, ხოლო 6 შტატგარეშე. ე.წ. შტატიან თანამშრომლებზე მთელი წლის მანძილზე 1 018 186 ლარი გაიცა - 959 794 ლარი ხელფასის სახით, ხოლო  58 391.55 ლარი პრემიის სახით. რაც შეეხება შტატგარეშე მომსახურე პერსონალს, მათზე 2018 წლის მანძილზე სულ 109 180.43 ლარი გაიცა, 102 572 ლარი ხელფასების უზრუნველსაყოფად, ხოლო 6 608.41 ლარი პრემიების სახით.


როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ, საინფორმაციო პორტალ „მხარესთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია განმარტებული, ზემოთაღნიშნული პრემიები სააგენტომ საახალწლოდ გასცა.


სააგენტოს სულ 4 რანგის  თანამშრომელი ჰყავს. პირველ რანგს მიეკუთვნებიან დირექტორი, მისი მოადგილეები და ადმინისტრაციის უფროსი. ამ რანგის თანამშრომელთა ხელფასები 3 100 ლარიდან იწყება და 5 600 ლარამდე ადის;


რაც შეეხება მეორე რანგის თანამშრომლებს (განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი, ბუღალტერი) 1600 ლარიდან 2 200 ლარამდე;


მესამე რანგის სპეციალისტებს (მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი) - 1400 ლარიდან 2 000 ლარამდე;


მეოთხე რანგის თანამშრომლებს (დამლაგებელი, მძღოლი, სამეურნეო და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა) 500 ლარიდან, 1300 ლარამდე.


როგორც ჩანს, რაც უფრო მეტი საქმე აქვს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომელს, მით უფრო ნაკლები აქვს ხელფასი.


თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს სულ 8 ავტომობილი  ჰყავს საკუთრებაში. მათგან ერთი ავტომობილი (ჰიუნდაი იონიკი KK839RR) სააგენტოს დირექტორზეა გაპიროვნებული, ხოლო   დანარჩენი 7 სამსახურეობრივი მოვალეობისთვის (მორიგე მანქანა).


აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დირექტორის ავტომობილი, რომელიც წესით და რიგით,  ყველაზე ნაკლებად დადის, თვეში 360 ლარის ღირებულების საწვავს მოიხმარს, დანარჩენი კი 7 ავტომობილიდან ორი 320 ლარის, ხოლო ხუთი 280 ლარის საწვავს.


თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ბიუჯეტი 157 797 501 ლარია.


ხარჯები ასეა გადანაწილებული;


ბაღების მართვის ფუნქციების განხორციელება (სააგენტოს მიმდინარე ხარჯი) -  1 437 310 ლარი;


ბაღების ვაუჩერული დაფინანსება 106 550 500 ლარი;


12 ახალი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობის  ხარჯი 23 628 828 ლარი;


ავარიული საბავშო ბაგა-ბაღების დემონტაჟი/მშენებლობა და გამაგრება/რეაბილიტაცია 21 451 562 ლარი;


ექსპერტიზა/ ზედამხედველობა  და სხვა ხარჯი 900 000 ლარი;


საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება  700 000 ლარი.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი