„ინფლაცია ჭამს ჩვენს შემოსავლებს" - რატი აბულაძე

04 Jun 2019 18:23

ლარი კვლავ არასტაბილურ ვალუტად რჩება. ეკონომისტების თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას და უარყოფითად აისახება მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე.


სპეციალისტების განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ნება სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.


„ინფლაცია ჭამს ჩვენს შემოსავლებს, ვალუტის კურსის უწესრიგობა, ფასების უწესრიგობა, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გარემოს ფორმირების შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში. ფასების ზრდა, ინფლაცია, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს ცხოვრების დონეზე,ჩვენს კეთილდღეობაზე,“-აცხადებს ეკონომისტი რატი აბულაძე.


ეკონომისტი აკაკი ცომაიაც ამბობს, რომ ინფლაცია წარმოქმნის დანახარჯებს, რაც აღარიბებს მოქალაქეებს. მისი თქმით, მცირდება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინება.


„რატომ მცირდება უცხოური ინვესტიციების შემოდინება ეს ალბათ, უფრო მთავრობას უნდა ჰკითხოთ, ვიდრე ეროვნულ ბანკს,“-ამბობს ცომაია.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა.


ამასთან, სამომხმარებლო ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3 პროცენტს აღემატება.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი