"სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული"- სერგი კაპანაძე

04 Jun 2019 18:19

ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან ,“ - ამ განცხადებით, ხორავას საქმის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე, მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა. საგანგებო ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ თქვა, რომ კომისია კალანდიას დაკავების საჭიროებაზე, ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე საუბრობდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს. 


„სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შსს ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ეს იყო მათ შორის ჩვენი შუალედური რეკომენდაცია,“ - აღნიშნა კაპანაძემ.


კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს სხვა რეკომენდაციებიც, რომელიც საგამოძიებო კომისიას ჰქონდა. მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება და თუ საჭიროა, დადგეს შსს-სა და პროკურატურის იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მოზარდების მკვლელობის საქმე გააყალბეს. სერგი კაპანაძის თქმით, საგამოძიებო კომისიას ეს ადამიანები იდენტიფიცირებული ჰყავს - მათ შორის არიან მირზა სუბელიანი, ფიფია და ფხაკაძე. 


„მე მაქვს იმედი, რომ ეს საქმე იქნება საბოლოოდ ბოლომდე მიყვანილი, გახსნილი და მართლმსაჯულება შედგება და ეს ადამიანი თუ ადამიანები, ვინც მონაწილეობა მიიღეს მკვლელობაში, ბოლომდე იქნებიან დასჯილები. იმისთვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიცმ რომელიც გამოსცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, იყოს შესრულებული, განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც მუშაობენ ჯერ კიდევ შსს-ს და პროკურატურის სისტემაში, რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს და გააყალბეს თავის დროზე. იმიტომ, რომ ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა საქმის ძიება, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში. 


"კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება, რათა დადგენილიყო, რა ტიპის დანაშაული ჩაიდინეს მათ, ეს იყო სამოხელეო დანაშაული თუ რომელიმე უფრო მძიმე დანაშაული," - განაცხადა კაპანაძემ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი