"საეჭვოდ ემთხვევა მირზა სუბელიანის მიერ მოხდილი სასჯელი მის მიერ დაანონსებულ სასჯელს" - ნესტან ლონდარიძე

04 Jun 2019 17:35

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმე ჯერ დასრულებული არ არის. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ საქმეში საკმაოდ ბევრი ხარვეზია, რაც აჩენს საკმარის საფუძველს, გამოძიება სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით დაიწყოს. 


ნესტან ლონდარიძის თქმით, ზაზა სარალიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ მიხეილ კალანდია მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე იყო. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე საუბრობდა საგამოძიებო კომისია, ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორიც. ამის მიუხედავად, პროკურატურასა და შს სამინისტროს არ უმოქმედია, რაც უფლებადამცველის თქმით, კითხვებს აჩენს. 


„არაერთი პირი მიუთითებდა მიხეილ კალანდიას მონაწილეობას, იყო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია,იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, მაგრამ პროკურატურა დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც პირად მე ვთვლი,რომა რის არასწორი ნაბიჯი. მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, სუბელიანის ქმედებაშიც, იმ დანაშაულის გარდა რომლისთვისაც ის იხდის სასჯელს შეიმჩნევა სხვა დანაშაულის ნიშნებიც და ეს შესწავლას საჭიროებს.


"ვიხილეთ ფარული ჩანაწერი, რომელიც არ არის შესწავლილი, როგორ რანაირად ვის მიერ მოხდა ჩაწერა, ეს კიდევ ერთი ეტაპია და არ არის შესწავლილი უშუალოდ ამ ჩანაწერში გაჟღერებული დანაშაულის ნიშნები. თუნდაც ის გარემოება, რომ საეჭვოდ ემთხვევა მირზა სუბელიანის მიერ მოხდილი სასჯელი მის მიერ დაანონსებულ სასჯელს ბადებს საზოგადოებაში ეჭვს. ვერ ჩავთვლით ,რომ ეს საქმე დასრულდა, არ დასრულებულა ეს საქმე, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრ კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი,“-აცხადებს ნესტან ლონდარიძე.


არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეში მთავარი ფიგურანტი სწორედ მიხეილ კალანდია იყო.


„ეს სიახლე არ არის არც მედიისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც სხვა აქტორებისთვის, ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული. ასევე შეიძლება ამ კუთხით ითქვას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიცია, დასკვნა, სადაც პირდაპირ იყო მითითებული რეკომენდაცია, რომ პროკურატურას ბრალი უნდა წაეყენებინა მიხეილ კალანდიასთვის. რაიმე სენსაციური არ არის, რომ დღეს სასამართლოს გუშინდელი განაჩენს შემდეგ მიხეილ კალანდია არის დაკავებული.


რა თქმა უნდა, ყველაფერი წინ არის პროკურატურამ უნდა იმუშაოს და გააგრძელოს საგამოძიებო მოქმედებები, იმისათვის რომ მიხეილ კალანდიასთვის წაყენებული ბრალი დამტკიცდეს და სასამართლოს განაჩენით დამტკიცდეს, რომ ის ნამდვილად იყო ამ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე,“-აცხადებს ცქიტიშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი