"144 აპლიკაცია არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კოშმარი" - ანა დოლიძე

01 Jun 2019 20:53

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144 აპლიკაცია, შეჯიბრებით პროცესს ნიშნავს, რაც მისასალმებელია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დოლიძემ განუცხადა, ყველაზე მეტად „კლანს“ სწორედ ეს სცენარი არ სურდა, რადგან მოსამართლეების ჩუმად დანიშვნას გეგმავდა.


„ძალიან მოხარული ვარ კანდიდატების მრავალფეროვნებით. ჩვენ გვქონდა მთელი კამპანია, რომ უამრავ ადამიანს შემოეტანა განაცხადი, იმისთვის, რომ გვქონოდა პროცესი და 144 აპლიკაცია ნიშნავს იმას, რომ ამ კამპანიამ გაჭრა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შეჯიბრებითი პროცესი. ეს არის უკვე იმ ადამიანების გამარჯვება, რომლებმაც შეაჩერეს დეკემბრის სია. „კლანს“ ჰქონდა დაგეგმილი, რომ არაფერი ამდაგვარი არ ყოფილიყო, ჩუმად და წყნარად დაენიშნათ სასამართლოში თავისი 10 კაცი და ფაქტია, რომ ეს გეგმა ჩაიშალა. ეს სცენარი, 144 აპლიკაცია არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კოშმარი. და მეორე - ის, რომ ჩინჩალაძემ არ შემოიტანა განაცხადი, რომელსაც აშკარა ამბიცია ჰქონდა, რომ შემოეტანა. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავაჩერეთ, აღსრულდა ჩინჩალაძის კოშმარი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.


რაც შეეხება აპლიკანტთა შორის გენერალური პროკურორის და მისი პირველი მოადგილის მოხვედრას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავარია, რომ შერჩევის პროცესი იქნება ღია და შეჯიბრებითი.


„იყვნენ სიაში პროკურორები, მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები. მთავარი არის ის, რომ ეს არის განაცხადების უპრეცედენტო რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ექნება არჩევანი და „კლანს“ კი ეს არ უნდოდა“, - აღნიშნა დოლიძემ.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა დღეს გაასაჯაროვა 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი