ადგილობრივი მთავრობის 7 მაღალჩინოსნის ავტომობილით გადაადგილება ხონის ბიუჯეტს 100 000 ლარამდე დაუჯდა

28 May 2019 00:42

გასულ წელს, ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ხონის მერის, ლადო ჯურხაძის სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილება 24 513.39 ლარი დაუჯდა.


ცნობისთვის, ლადო ჯურხაძეს 2008 წელს გამოშვებული მიცუბიში პაჯერო (EIE -303) ემსახურება, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2012 წელს შეიძინა. აღნიშნული ავტომობილის უზრუნველსაყოფად, ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მხოლოდ მერის ტრანსპორტირებისთვის 19 968 ლარი დაიხარჯა; ტექნიკური მომსახურეობისათვის 60 ლარი; საბურავების შესაძენად 800 ლარი, ხოლო რემონტისთვის 3 685.39(!!!) ლარი. საინტერესოა, რომ იმავე ავტომობილის რემონტისთვის, 2017 წლის მანძილზე 4 655.6 ლარია დახარჯული.


რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გერასიმე მჟავანაძის  ტრანსპორტის ხარჯებს: მერის პირველ მოადგილეს 1998 წლიანი ტოიოტა 4 რანერი (TOY-500) ემსახურება, რომელიც ხონის მერიამ 2009 წელს შეიძინა და რომლის უზრუნველსაყოფადაც ხონის ბიუჯეტიდან 16 342.08 დაიხარჯა. ამ თანხიდან 12 480 ლარი საწვავის თანხაა, 3 802.08 ლარი კი ამავე ავტომობილის რემონტის თანხა. აღსანიშნავია, რომ იმავე ავტომობილის რემონტისთვის, 2017 წლის მანძილზე, 7 304.55 ლარია გახარჯული.


მერის პირველი მოადგილის ტრანსპორტირების თანხას საკმაოდ ჩამორჩება, ლადო ჯურხაძის მეორე მოადგილის, (ყოფილი) გელა ჩოგოვაძის ტრანსპორტირებისთვის გახარჯული თანხა, რომელიც მთელი წლის მანძილზე 10 324.66 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხიდან 9 984 ლარი საწვავის შესაძენად განკუთვნილი თანხაა, ხოლო 280.66 ლარი რემონტისთვის გახარჯული თანხა.  მერის მეორე მოადგილეს 1994 წლიანი ფორდ მავერიკი (XON-777) ემსახურებოდა, რომელიც ხონის მერიამ 2006 წელს შეიძინა.


ხონის მერის პირველ მოადგილეს, ტრანსპორტის ხარჯებით, მცირედით ჩამორჩება ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვალერი ბახტაძე, რომლის ავტომობილით მომსახურებაც ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გასული წლის მანძილზე, 16 441.93 ლარი დაუჯდა. აღნიშნული თანხიდან  13 728 ლარი საწვავისთვის განკუთვნილი თანხაა, 640 ლარი საბურავებისათვის განკუთვნილი თანხა, ხოლო 2 013.93 ლარი, ავტომობილის რემონტისთვის გამოყოფილი თანხა. საკრებულოს თავმჯდომარეს მიცუბიში 2003 წლიანი ენდეავორი (LL797MM) ემსახურება, რომელიც ხონის საკრებულომ 2011 წელს შეიძინა.


აც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, კობა კუბლაშვილს  -  მისი ტრანსპორტირება, ხონის მუნიციპალიტეტს 7 737.24 ლარი დაუჯდა, ამ თანხიდან 6 240 ლარი საწვავისთვის გამოყოფილი თანხაა, 288 ლარი საბურავებისათვის, ხოლო 1 209.24 ლარი ავტომობილის რემონტისთვის. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 2008 წლიანი ჩერი A5 (BPB-884) ემსახურება, რომელიც საკრებულომ 2011 წელს შეიძინა.


❗❗❗ საერთო ჯამში, ხონის მუნუციპალიტეტიდან, დაახლოებით 7 ადამიანის ტრანსპორტირებითვის 98 282.39 ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან მიახლოებით 80 000 ლარი დაიხარჯა საწვავისთვის, ხოლო 20 ათასამდე აღნიშნული 7 ავტომობილის შეკეთებისთვის. 


ცოტა ხნით საწვავის ოდენობას შევეშვათ, რომელიც ცალსახად გაბერილია და კითხვებს ტოვებს და ავტომობილების შეკეთების საკითხს შევეხოთ: აღნიშნული ის თემაა, რომელიც მიუხედავად ავტომობილების ხანდაზმულობისა ეჭვის საფუძველს იძლევა და მორიგი მოკვლევის საგნად უნდა იქცეს. საინტერესოა, თუკი, ამ დონის უვარგისია აღნიშნული ავტომობილები, რომ მათი შეკეთება ყოველწლიურად რამდენიმე ათასეულ ლარს შედაგენს, რატომ არ ხდება ავტოპარკის განახლება რემონტისთვის გამოყოფილი თანხით და საწვავის თანხის შემცირების ხარჯზე - პერმანენტულად.. ხომ არ დგას აღნიშნული საკითხის  უკან კორუფციული ინტერესები?!


ცნობისთვის: ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2018 წლის მანძილზე 38 160 ლიტრი ბენზინი მოიხმარა, რაც ოდნავ ჩამორჩება 2017 წელს გახარჯული საწვავის ოდენობისგან. 2017 წლის მანძილზე, ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 42 480.26 ლიტრი საწვავი გაიხარჯა.


საინფორმაციო პორტალი "მხარე" აღნიშნულ თემას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი