"ასეთი შესაძლებლობების მოსწავლე ჯერ არ მყოლია, 3 წლით უსწრებს თავის თანრიგს" - ინტერვიუ საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელთან

21 May 2019 00:42

ალბათ, უკვე ბევრს სმენია მარიამ გაბრიაძის შესახებ, რომელიც პერიოდულად გვაოცებს და გვახარებს თავისი გამორჩეული მიღწევებით, რომელსაც თავდაუზოგავი შრომით აღწევს.

გასულ კვირაში, საქართველოს საიუბილეო ტანვარჯიშის ორმოცდამეათე საიუბილეო შეჯიბრი გაიმართა, სადაც ტანმოვარჯიშე მარიამ გაბრიაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ მარიამი მხოლოდ 6 წლისაა და ამ ასაკში, უკვე 30 მედალი აქვს მოპოვებული.

როდის დაინტერესდა მარიამ გაბრიაძე ტანვარჯიშით? რით არის ის გამორჩეული სხვა თანატოლებისგან და რას უნდა ველოდოთ მისგან სამომავლოდ?

საინფორმაციო პორტალი „მხარე“ მარიამ გაბრიაძის მწვრთნელს, სალომე ბოდაველს ესაუბრა:



_მარიამი ჩვენთან 2 წლის წინ მოვიდა. თავიდან, ყურადღება მიიქცია იმით, რომ ძალიან მარტივად იგებდა ახსნილს. აი, სხვებისთვის თუ განმეორებით გვჭრდებოდა ახსნა, მარიამი ერთი ახსნითვე უშეცდომოდ აკეთებდა ილეთს.


თავიდანვე ძალიან აქტიური იყო. ყველაფერი YouTube-ზე ჰქონდა ნანახი და ამხელა დარბაზი რომ დაინახა, პირველ ეტაპზე გაგვიჭირდა დისციპლინაში ჩაჯდომა - რომ ყველაფერი თანამიმდევრულად ეკეთებინა - ჯერ რომ უნდა ევარჯიშა და ა.შ. მაგრამ მალევე ჩაჯდა ამ რეჟიმშიც.


ძალიან მალე, სულ რაღაც ორ კვირაში გავიყვანე შეჯიბრზე და მესამე ადგილი აიღო ბატუტზე ხტომაში. ეს იყო ერთადერთი ბრინჯაო. ამის მერე სულ ოქროს მედლებს იღებს. გამონაკლისია ვერცხლის მედლები და ისიც მაშინ, როდესაც მასზე დიდებს ეჯიბრება.


_მარიამი სანამ მოვიდოდა თქვენთან, მანამდე ან მას შემდეგ, თუ გქონიათ მარიამის შესაძლებლობის მქონე მოსწავლე გყოლოდათ?


_პირადად მე ასეთი შესაძლებლობების არ მყოლია. არიან ბავშვები, რომლებიც თავის პროგრამას მიყვებიან ზედმიწევნით კარგად, ბევრი იმაზე უკეთაც, ვიდრე სხვები, მაგრამ რა დონეზეც მარიამი აკეთებს, ამ დონეზე ვერ აკეთებენ. ჩემი შვილიც დადის სპორტზე, მაგრამ ის მხატვრულ ტანვარჯიშზეა და ისიც მარიამივით მაღალი შესაძლებლობისაა. ეს ორი ბავშვი ვიცი ასეთი შესაძლებლობების - მარიამი და ჩემი შვილი. სხვა არ მინახავს.


_რით არის მარიამი გამორჩეული, მოკლედ, როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ?


_ჩვენთან არის ასაკობრივი თანრიგები. შესაბამის თანრიგში, არის შესაბამისი ვარჯიშები. მარიამი, თავის თანრიგს, 3 წლით უსწრებს წინ. 9-10 წლის ბავშვების პროგრამას გადის ამ ეტაპზე, თვითონ 6 წლისაა ჯერ. ძალიან მარტივად აკეთებს რთულ ილეთებს.


_ როგორც ვიცით, მარიამი საქართველოს მასშტაბით ძალიან წარმატებულია. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, როგორ აფასებთ მის შანსებს საერთაშორისო ასპარეზზე?


_ ამ დრომდე ასაკის გამო ვერ ვიღებდით მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებზე. მომავალი წლიდან მივიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებში. წინ მსოფლიო ოლიმპიური თამაშები გვაქვს. მარიამს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები რომ მივაღწიოთ წარმატებებს საქართველოს სახელით საზღვარგარეთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.


ფოტოზე: მარიამ გაბრიაძე თავის მწვრთნელთან ბატუტზე ხტომებში - სალომე ბოდაველთან ერთად:




ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი