ქუთაისის მერის სამი სამსახური და მეუღლისთვის "მემკვიდრეობით" დატოვებული სამუშაო ადგილი - რა ქონებას ფლობს გიორგი ჭიღვარიას ოჯახი

15 May 2019 02:06

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ოჯახმა, ასულ წელს შემოსავლის სახით 89 214 ლარი მიიღო.


აღნიშნული თანხიდან, 54 582 ლარი, გიორგი ჭიღვარიას შემოსავალია. ქუთაისის მერი, ასევე გახლავთ ორი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის. საინტერესოა, ქუთაისის მერი, როგორ უთავსებს ერთმანეთს ზემოთაღნიშნულ სამ სამსახურს - ლექციებს აცდენს, თუ მერის მოვალეობის შესრულებისთვის განკუთვნილ საათებს?! ფაქტი ერთია, მერის პოსტზე მუშაობის გამო მას წლის მანძილზე 33 000 ლარი აქვს მიღებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - 15 172 ლარი, ხოლო ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან - 6 410 ლარი აქვს მიღებული. საინტერესოა, რომელი პოზიციიდან იღებს ქუთაისის მერი ხელფასს „საჩუქრად“.


რაც შეეხება ქუთაისის მერის მეუღლეს: თამთა ფოფხაძე, დაკავებული თანამდებობების სიმრავლის მხრივ არ ჩამოუვარდება მეუღლე მერს. ისიც, ერთდროულად სამ პოზიციაზე მუშაობს: აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტში მიწვეულ პედაგოგად; შპს აისბრეიქერი-ში კონსულტანტად და საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ, სადაც ის, ქუთაისის მერმა, როგორ ჩანს თავის „მემკვიდრედ“ დატოვა. ცნობისთვის, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მერად არჩევამდე, იმავე გუბერნიაში რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, მისი მეუღლე კი ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, ადმინისტრაციის უფროსად. (როგორც ჩანს, არც მეუღლის ხელისუფლების სამსახურში დგომის სხვა წლებში იყო უყურადღებოდ მიტოვებული თამთა ფოფხაძე. მერიის მსგავსი ააიპ-ები, სხვა ხომ არაფრისთვისაა შექმნილი, თუ არა თანამდებობის პირების ახლობელ-ნათესავთა დასასაქმებლად?!).


იმერეთის გუბერნატორის ოჯახი ფლობს მიწის 6 ნაკვეთს - რაჭაში, ქუთაისსა და წყალტუბოში, ასევე სამ საცხოვრებელ სახლს - რაჭაში, ქუთაისსა და თბილისში.


ასევე, გიორგი ჭიღვარიას ოჯახის მფლობელობაშია ორი მსუბუქი ავტომობილი -SUBARU FORESTER-ს და TOYOTA RAV4-ს.


ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ქუთაისის მერის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ საბანკო ბარათებზე, ირიცხებოდა საერთო ჯამში  - 4 217 ლარი, ხოლო ოჯახს, დანაზოგის სახით გააჩნდა 12 700 ლარი.


გიორგი ჭიღვარიას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ასევე ჰქონდა  44 500 ლარის ოდენობის სესხი თიბისი ბანკში, რომლის უზრუნველსაყოფადაც მან გასწია 43 543 ლარის ხარჯი და 66 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ვითიბი ბანკში, რომლის უზრუნველსაყოფადაც, გასულ წელს 1 618 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯი გასწია.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი