"მაია მიმინოშვილი შემოუერთდა „ქართული ოცნების“ ოფისს და გუნდს" - არჩილ თალაკვაძე

14 May 2019 01:16

მაია მიმინოშვილი ჩართული იქნება გუნდის განახლებაში, ის მონაწილეობას მიიღებს გასაუბრებებში, კონსულტაციებში და იმ პროგრამის შემუშავებაში, რომლითაც 2020 წლის არჩევნებზე წარვდგებით“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმში“ ისაუბრა.



მისივე თქმით, არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა, როდესაც ითქვა, რომ მიმინოშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოამზადებს, რადგან „პოლიტიკურ ლიდერებს ამზადებს გამოცდილება და ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში“.



„მე გიდასტურებთ რომ მაია მიმინოშვილი შემოუერთდა „ქართული ოცნების“ ოფისს და გუნდს და სამუშაო პროცესს, რომელიც არის დაწყებული. ეს პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ 2020 წლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ ეფექტური პროგრამა, სტრატეგია და გავაკეთოთ გუნდის განახლება. განახლება იქნება იმდაგვარად, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებას აჩვენეს, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე, რა თქმა უნდა, დარჩებიან გუნდში, მაგრამ როგორც გავაკეთეთ 2016 წელს, მოხდება გუნდის განახლებაც. ვესაუბრებით ყველა თაობის ადამიანს. მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო განახლებას და გუნდს წარვუდგენთ 2020 წელს. მანამდე გვაქვს დრო ამ პროცესს თანმიმდევრულად მივხედოთ. მაია მიმინოშვილი შემოუერთდა ამ გუნდს და პროექტს. ის გამოცდილი ადამიანია, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მართავდა ადამიანურ რესურსებს, იცნობს პროფესიული განვითარების სფეროსაც და ამ მიმართულებით არის ჩვენთვის საინტერესო მისი გამოცდილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



კითხვაზე ხომ არ გაიყო მიმინოშვილის და „ოცნების“ გზები 2018 წლის 10 სექტემბერს, მაშინ როდესაც მიხეილ ბატიაშვილმა, იგი შეფასებისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა , თალაკვაძემ უპასუხა, რომ მიმინოშვილი თანადებობიდან წავიდა და არა გუნდიდან.



„ქალბატონი მაია ღირებული კადრია. ბუნებრივია, ის ვერ იქნებოდა საქმის გარეშე ამდენი ხნის განმავლობაში და ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მუშაობა შესთავაზა, ეს ჩვენ ვიყავით - ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“- დასძინა თალაკვაძემ.

Ipn.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი