"ეს კონცერტი და ტაში-ტუში კი არ იყო, 2008 წელს საქართველო არ დამარცხებულა მითებს იგონებენ" - მიხეილ სააკაშვილი

14 May 2019 00:54

ივანიშვილი 2012 წლისთვის იყო, პრაქტიკულად, უკვე გაბანკროტების გზაზე შემდგარი. 2011 წელს ის საბოლოდ შემოაგდო რუსეთმა პოლიტიკაში იმიტომ, რომ საერთოდ აღარ ჰქონდა ფული, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი არ იმსახურებს საქართველოს მართავდეს. მისივე განცხადებით, ქართველებს რამდენიმე მითი „აჭამეს“, მათ შორის ის, რომ „ბიძინა ივანიშვილი მდიდარი კაცია და საქართველოს აცხოვრებს“.


„2011-ში რუსებმა უთხრეს, რომ 2 მილიარდ დოლარს გაძლევთ შენი აქტივების გატანაზე, თუ მოგვეხმარები საქართველოს დამარცხებაში ომში. დიახ, დამარცხებაში, იმიტომ, რომ 2008 წელს საქართველო არ დამარცხებულა. რა მითებს იგონებენ - „სააკაშვილმა რუსთაველზე გვაზეიმა წაგებული ომი“ - ვაი, თქვენ პატრონს! რა წაგებული ომი - 2008 წელს საქართველო იდგა რუსთაველზე, ჩვენთან იდგა რვა ევროპული საქართველოს ლიდერი, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდნენ. 2008 წელს საქართველომ არ მისცა საშუალება რუსეთს გავენადგურებინეთ. ეს კონცერტი და ტაში-ტუში კი არ იყო... ამას ვინც ამბობს, ის არის რუსეთის აგენტი და საქართველოს მტერი. სიცოცხლის რისკის ფასად, ასობით ათასი თბილისელი გამოვიდა რუსთაველზე და ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები, რომელთაც რუსებმა უთხრეს, რომ თქვენ თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ, თუ ჩახვალთ საქართველოს საჰაერო სივრცეში და მაინც ჩამოვიდნენ და გადაარჩინეს საქართველო. ეს იყო კონცერტი და ტაში-ტუში?! - ეს იყო სამოქალაქო თავგანწირვის უმაღლესი აქტი. დღეს რომელი მსოფლიო ლიდერი ჩამოვა და თითს გაანძრევს საქართველოსთვის?- მაინტერესებს. დაიბანენ ხელებს ჩვეულებრივად“, - განაცხადა სააკაშვილმა.


მისივე შეფასებით, „თავისუფლების მოედანი დღეს მეჯღანუაშვილს უნდა თავისთვის“.


„პრეზიდენტის სასახლე თქვენ გგონიათ, მარტო იმისთვის უნდა რომ გააუქმონ, რომ შუშის გუმბათი აღიზიანებს? მე ვიცი, რომ აღიზიანებს, სულ მაგაზე ლაპარაკობდა ხოლმე. არა, პრეზიდენტის სასახლე უნდა გადაკეთდეს თურმე ნაციონალურ მუზეუმად და ნაციონალური მუზეუმი დღეს არის თბილისის თავისუფლების მოედანზე და თავისუფლების მოედანი მეჯღანუაშვილს უნდა თავისთვის, იმიტომ, რომ ეს არის პანორამა თბილისის ნაწილი,“ - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი