ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ, "შავი ჯიპი" (Toyota Prado) 100 000 ლარად შეიძინა

09 May 2019 21:51

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი რაიონის, ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ, გასულ წელს 37 000 აშშ დოლარად Toyota, Prado (2018. ZZ400ZZ)  შეიძინა. აღნიშნულის შესახებ, ანზორ ბოლქვაძე, მის მიერ, მიმდინარე წლის, 1 მაისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს.


იმავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხულოს დეპუტატმა, 2018 წლის მანძილზე, შემოსავლის სახით 56 766,25 ლარი მიიღო. როგორც აღმოჩნდა, ანზორ ბოლქვაძემ, თვის კარიერულ წინსვლასთან ერთად, თავის მეუღლეზე, თინა  ბოლქვაძეზეც „იზრუნა“ და ა(ა)იპ ხულოს სამხატვრო გალერეაში დაუსაქმებია, საიდანაც თინა ბოლქვაძემ ხელფასის სახით, 2018 წლის მანძილზე, 3 156 ლარი მიიღო. (თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მსგავსი ააიპ-ები, ძირითადად მაღალჩინოსათა ოჯახის წევრთა და ნათესავ-მეგობართა დასაქმების ბიუროების სახით იხსნება, ალბათ არავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ არც ანზორ ბოლქვაძეს გაუჭირდებოდა მეუღლისთვის სამსახურის „პოვნა“).


როგორც ანზორ ბოლქვაძე წერს, ხულოს რაიონში,  დავით აღმაშენებლის ქუჩა N14-ში ფლობს შემდეგი სახის უძრავ ქონებას:


✔️საცხოვრებელ სახლს, 319,11 კვ.მ;

✔️ ავტოფარეხს, 35 კვ.მ;

✔️  მიწის ნაკვეთს, 400 კვ.მ;

✔️არასაცხოვრებელ ფართს, 110 კვ.მ (დაბა ხულოში, რუსთაველის #9-ში).


იმავე ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ანზორ ბოლქვაძე ფლობს 9 479,63 ლარს, თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე.


ანზორ ბოლქვაძეს, ასევე აქვს 290 000 ლარის ოდენობის სესხი საკრედიტო ხაზით თიბისი ბანკში, რომლის უზრუნველსაყოფადაც გასულ წელს 3 842  ლარის გასავალი ჰქონდა.  


❗❗❗ დამატებითი ინფორმაციისთვის:


ანზორ ბოლქვაძე - ამ სახელმა და გვარმა, შესაძლოა ბევრს ვერაფერი უთხრას, თუმცა, ქვემოთმოყვანილი ფოტო, აშკარად ბევრის მთქმელია. ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძე გამორჩეულია იმით, რომ შევარდნაძის დროს იყო „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი და დეპუტატი, „ნაციონალების დროს“  - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დეპუტატი, „ქართული ოცნების“ პირობებში გახლავთ „ქართული ოცნების“ დეპუტატი. ჩვენს „სასიქადულო“ პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძისნაირი მხოლოდ ერთია და ისიც ენძელ მკოიანი. ანზორ ბოლქვაძე, ენძელ მკოიანივით ხელისუფლების შეცვლისთანავე გადადის ყოველი ახალი ხელისუფლების სამსახურში და აგრძელებს ხულოს გამოხვრა - გამოჭმას.



ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის ხულოში თუკი რამე სასტუმროებია, ეს ის დეპუტატია, "ნაციონალებიდან" პირდაპირ "ქართულ ოცნებაში" რომ გადმოპორტირდა.


ხულოს მოსახლეობას არ გვყავს ხელისუფლება. ყველა რეგიონი ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ ხულო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უმძიმესი მდგომარეობაა, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ფულის კეთებაზეა გადასული, ამ დროს კი, ხულოში ნახავთ ოჯახებს, რომლებსაც ცარიელი პური კი არა, მჭადიც არ აქვთ. არ იციან რა უყონ ბავშვებს, როგორ გადაიტანონ დღეები. ყველა რეგიონში მინახავს უკიდურესად გაჭირვებულები და დალხენილებიც, მაგრამ ხულოში დალხენილი კაცი, მოსახლე ვერ ვნახე. ყველა უკიდეგანოდ გაჭირვებულია. ამის გამო, ხალხის 90% იძულებულია მონად იმუშაოს თურქეთში. ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება და ახალ თაობას უკვე, არასწორ შეხედულებებს და დამოკიდებულებებს უქმნის თურქეთთან მიმართებაში, სრული უპატრონობაა, განუკითხაობა ზემო აჭარაში და პირდაპირპრორციულად ძლიერდება თურქული ექსპანსია.


ხულოში, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება, ერთმანეთისგან განკერძოებული ორი რამაა. ადგილობრივი თვითმმართველობა, პირიქით, ძალიან დალხენილია. ვეღარ ჰყოფნით ფანტაზიები, როგორ მოიწყონ ცხოვრება, გრიალებს ხელისუფლება და შიმშილით წყდება ხალხი.


ჩამკვდარია სოციალური მიმართულებაც. არანაირი პროექტები არ ხორციელდება. არავის არ უსახავენ იმედს, რომ დღეს თუ არა ხვალ, რაიმე უკეთესად წარიმართება.


კიდევ ერთი, ხულოში მომხდარი, ამაზრზენი ფაქტი მინდა მოგიყვეთ. რამდენიმე კვირის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწყვიათ საქველმოქმედო ღონისძიება, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის შეუგროვებიათ ტანსაცმელი, რომ მოსახლეობისთვის დაერიგებინათ. აუტანიათ ხულოში და როგორც აღმოჩნდა, ეს ტანსაცმელი გადაანაწილეს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ოჯახებზე. მთელი ხულო ამაზე საუბრობს, ბავშვიც კი დაადასტურებს ამ სამარცხვინო ამბავს. თავს გავიდა ხელისუფლება, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. თვითონ ხომ არ ზრუნავენ გაჭირვებულ ხალხზე, მაგრამ სხვა რომ ზრუნავს, იმასაც კი ესენი იტყაპუნებენ."- გვიყვება ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე.


P.S. ხულოში განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას, საინფორმაციო პორტალი „მხარე“ უახლოეს მომავალში მოგაწვდით. მკითხველს, აუცილებალდ დააინტერესებს,  ვისი კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში და რა კავშირები აქვთ მათ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებთან.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი