დიმიტრი ლორთქიფანიძე - პოლიტიკოსი თვითკმაყოფილების გარეშე

08 Jul 2017 02:37

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე:



 

 

პოლიტიკა


აქტიურ პოლიტიკაში 2006 წლიდან ვარ. ეს ის პერიოდია, როცა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა  ცნობილი განცხადება (თანამდებობაზე მყოფმა და არა წასულმა),  რამაც ჩემზე გავლენა მოახდინა და მომცა იმპულსი, რომ მე და  ჩემი მეგობრები ჩავრთულიყავით პოლიტიკურ საქმიანობაში. ამ დროს დავაფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს გზა". ეს იყო ჩემი პოლიტიკური დებიუტი, რომელიც პარლამენტში შესვლით დასრულდა, თუმცა, პარლამენტამდე იყო ძალიან მძიმე დღეები, ეს იყო 2007 წლის ნოემბერ-დეკემბერი, როცა ათეულობით ათასი ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული.


 

2007 წლის ნოემბერი


2007 წლის 7 ნოემბრის აქციის უშუალო მონაწილე ვიყავი როგორც რუსთაველზე, ასევე რიყეზე, ასევე, ბატონ ჟანრი კაშიასთან და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მომიწია „ტელეიმედში" მისვლაც. ეს იყო სწორედ იმ დროს, როცა ტელეკომპანიას სპეცდანიშნულების რაზმი შემოესია. საკუთარი თვალით  მაქვს ნანახი, რა ხდებოდა რუსთაველზე, რიყეზე, - ასეთი რამ შესაძლოა ნანახი გვქონდეს ჰოლივუდის საუკეთესო ფილმებში.


ამ მოვლენებს რომ ვიხსნებ, მახსენდება ფილმი „რიგითი რაიანის გადასარჩენად", სადაც  არის ძალიან მძაფრი ეპიზოდი, როდესაც ნაპირზე გადმოსხმულ დესანტს მტერი უხსნის ცეცხლს და ყველგან არის სისხლი, ვაება და გოდება და ეს ყველაფერი არის გადმოცემული წითელ ფერებში. სწორედ ასეთი სურათი შეიქმნა რიყეზე, როდესაც ჩვენდა მოულოდნელად აღმოვჩნდით ალყაში და შეტევაზე გადმოვიდა სპეცრაზმი. ხმოვანი ყუმბარების აფეთქებასთან ერთად უშვებდნენ   გაზს და მთელი რიყე კვამლში იყო გახვეული. ვერ გაარკვევდი, რა ხდებდოდა, უბრალოდ, ვხედავდით, რომ აქა-იქ ეცემოდნენ ადამიანები,  რომლებსაც ხვდებოდთ ზოგს ჯოხი, ზოგს ყუმბარის ნამსხვრევები. სწორედ ასეთი ნამსხვრევების  შედეგად, ჩემს გვერდზე აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც ფეხი ჰქონდა გადაგლეჯილი. მაშინ ეს ადამიანი სხვა ქალბატონებთან ერთად ღვინის აღმართზე ამყავდა ჩემი ავტომანქანით. ამ ბოლმა ჩვენს მანქანაში შემოაღწია და  უკვე არ შეიძლებოდა სუნთქვა, მაგრამ არც ღვინის აღმართზე გაჩერება შეიძლებოდა. არ შეიძლებოდა არც ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე შესვლა, რადგან იქ ახალი სასაკლაო გველოდებოდა, სადაც უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ხალხს და მაშინ ჩვენ ერთმა ოჯახმა შეგვიფარა. აღარ მინდა, ამ ამბავზე კიდევ უფრო მეტი დრამატიზებით ვისაუბრო, უბრალოდ, ამას იმიტომ ვყვები, რომ დღეს, როცა 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებაზეა საუბარი, 2-3-წლიანი სასჯელით შემოიფარგლება დღევანდელი სასამართლო, რაც გაუგებარია აბსოლუტურად, რადგან, აქ დანაშაულების მთელი კომპლექსია ჩადენილი და რაც ყველაზე მთავარია, ამისთვის არ უნდა დაისაჯონ მარტო დამკვეთები და შემსრულებლები, უნდა დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცავი, რომელიც „პოლიციის შესახებ" კანონით მოქმედებს, სადაც  პირდაპირ წერია,   შავით თეთრზე, რომ პოლიციელი მოქმედებს სახელმწიფოს სახელით. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, რაც იქნება მაგალითი, თუ რა არ უნდა განმეორდეს მომავალში.


ადამიანის უფლებათა დაცვა


ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი ასოციაცია და თუკი მართლა არსებობს ასეთი რამ, ამას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. პარლამენტში მუშაობა იმ პერიოდში მომიწია, როდესაც  ადამიანის უფლებათა დარღვევამ, განსაკუთრებით პენიტენციარულ სისტემაში,  უმაღლეს წერტილს მიაღწია. მე იმ პერიოდში მიწევდა ციხეებში შესვლა და ვცდილობდი, რაღაც დოზით მაინც მომეგვარებინა მათი პრობლემები. მართალია, ზღვაში წვეთი იყო  ჩემი ქმედებები, მაგრამ რაც შემეძლო, ვაკეთებდი და მუდმივად მიწევდა ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე სიარული, შედეგად კი იყო ის, რომ შევძელი, რამდენიმე ათეული ადამიანისთვის შემენარჩუნებინა სიცოცხლე. სიტუაცია იყო იმაზე რთული, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. უბრალოდ,  იქ უნდა შესულიყავი და გენახა, რა ხდებოდა  პენიტენციარულ სისტემაში, რამაც წარუშლელი დამღა დააჩნია ჩვენს მოქალაქეებს.


 

პენიტენციარული სისტემა


არ ვიცი, როგორ დავიწყო... ყველაზე რთული სიტუაცია იყო ქსნის ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესბულებაში. ეს იყო დაწესებულება, სადაც, წესით, უნდა ემკურნალათ ავადმყოფებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ისე, რომ ადამიანებს აავადებდნენ ტუბერკულოზის ისეთი ფორმით, რომლის დასასრულიც, ფაქტობრივად, იყო ლეტალური.


ეს პატიმრები სამად გაყოფილ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. იქ ჯანმრთელი ადამიანების შესვლა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ ჯანმრთელიც დაავადებულიყო, რის გამოც მესამე დაწესებულებას კომისიებიდან არავინ სტუმრობდა ხოლმე. მაშინ გადავწყვიტე, შევსულიყავი ამ დაწესებულებაში სპეციალური ნიღბით. შევედი და საკუთარი თვალით ვნახე ეს ადამიანები.


95 ასეთი პატიმარი იყო. ეს იყო სასიკვდილოდ განწირულ ადამიანთა თანაცხოვრება და ის უდიდესი სიყვარული, რასაც ისინი ერთმანეთის მიმართ გამოხატავდნენ. ისინი, ფაქტობრივად, აჩრდილებივით მოქმედებდნენ. ზოგიერთი ფეხზეც ვერ დგებოდა და სხვები უვლიდნენ - ისინი, ვისაც ჯერ კიდევ შეეძლო გადაადგილება. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ცრემლის გარეშე საუბარი... როცა შენს წინაშეა მომაკვდავი, მაგრამ მომღიმარი, ადამიანი, რომელსაც არ ეშინია თავისი მომავლის, იმიტომ, რომ მორწმუნეა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ერთდროულად ტუბერკულოზოთ და შიდსით იყვნენ დაავადებულები და ჩონჩხზე გადაკრული ტყავიღა იყო მათგან დარჩენილი.


მათთან ურთიერთობისას თავიდან დაძაბული ვიყავი, მაგრამ თვითონ აქეთ მაწყნარებდნენ - ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვეულებრივად გვიხარია და ღმერთის მადლობლები ვართო... დილის 10 საათზე შევედი და საღამოს 10 საათამდე დავყავი მათთან. ეს იყო დღე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების ბევრ წელს აღემატება თავისი შინაარსით და შედეგებით.  


ფაქტი ასეთი იყო - მულტირეზისტენტული ფორმით დაავადებული პატიმრების რიცხვი კი არ მცირდებოდა, მატულობდა.  ამ დაწესებულებაში ხდებოდა ის, რაც მსოფლიოში გამორიცხულია - ტუბდაწესებულებას  გააჩნდა თავისი კარცერები და ყოველ ხუთშაბათს, როდესაც მძიმედ დაავადებულები გადმოჰყავდათ დაწესებულებაში, მათ შორის ძალიან მძიმე ფორმით დაავადებული პატიმრები, ჯერ შეჰყავდათ კარცერებში, სადაც არც დასაწოლი და დასაჯდომი იყო და როცა ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდნენ ეს ადამიანები, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდათ, შემდეგ ანაწილებდნენ იმის მიხედვით, თუ რომელი ფორმის ტუბერკულოზი ჰქონდა.


ამ კარცერს ჰქონდა დათრგუნვის, განადგურების, ინდივიდუალიზმის ჩაკვლის, პროტესტის გამოხატულების შეწყვეტის ფუნქცია. მეც სწორედ ეს კითხვა გამიჩნდა, როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანმა, რომელსაც ჰყავს ცოლი, შვილები,  უსწავლია... როგორ შეიძლება, ასეთი რამ დაუშვას - ნაცვლად იმისა, რომ ავადმყოფი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თუ არა, პალატაში მაინც შეიყვანონ, შეჰყავდათ  კარცერებში და ხშირი იყო გარდაცვალების შემთხვევები. მახსოვს ახალგაზრდა, 32 წლის კაცი, გვარად ქერაშვილი, რომელიც შეყვანილი ჰყავდათ შავ სიაში, რადგან აპროტესტებდა როგორც თავის უფლებრივ მდგომარეობას, ასევე თავის მეგობრების ყოფას,  ის შეგნებულად ჩაკეტეს და იქვე აღესრულა ფილტვებიდან სისხლდენის შედეგად.


2010 წლის სტატისტიკით, გარდაცვლილი 142 პატიმარიდან, ყოველ მესამეს აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, ექსპერტიზის დასკვნამ კი ცხადყო, რომ მათი გარდაცვალება არ იყო დაკავშირებული სამედიცინო მანიპულაციებთან.  ეს ადამიანები არ გარდაცვლილან ქირურგიული ჩარევის შედეგად, ეს იყო პირდაპირი ფიზიკური აგრესიის კვალი, რამაც მათი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


იმ წლებში ვერც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ბედავდა, რომ ციხეებში წამების საწინააღმდეგო პრევენცია განეხორციელებინა. მათ უბრალოდ, სააკაშვილის რეჟიმი არ უშვებდა ციხეებში.


პენიტენციარული სისტემა ჩვეულებრივი საცდელი ლაბორატორია იყო, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა  -  სოციალურ რეფორმათა ლაბორატორიად გადავაქციეთო ქვეყანა. პენიტენციარული სისტემა იყო ის ადგილი, სადაც უნდა გამოეყვანათ ახალი ქართველი - მთლიანად გონებაარეული, ან ცოცხალი არ უნდა გამოსულიყო, ხოლო თუ გამოვიდოდა, ძალიან ხანმოკლე სიცოცხლის პერსპექტივით.



 „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი"


1999 წლის იანვარში შემომთავაზეს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა.  მანამდე არანაირი შეხება არ მქონია „მოქალაქეთა კავშირთან". მაშინ ასე მოხდა - 1998 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.  მაშინ გადაწყვიტეს, „მოქალაქეთა კავშირში" მთლიანად შეეცვალათ სისხლი და მოეზიდათ ახალი სახეები. როცა ქალაქის ორგანიზაციის იმჟამინდელ ხელმძღვანელს მიხეილ მინდაძეს შევხვდი,  მან პირდაპირ თქვა, რომ ის გადასცემდა ახალ სახეებს ძალაუფლებას და არ ჩაერეოდა  შიდარაიონულ საქმიანობაში.  ეს ჩემთვის იყო ექსპერიმენტი, რომელიც გაგრძელდა სულ რაღაც 9 თვე.  9 თვის მერე მე უარი ვთქვი „მოქალაქეთა კავშირის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარებაზეც და საერთოდ, ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობაზეც. „მოქალაქეთა კავშირის" წევრობა არ იყო საამაყო, მაგრამ საამაყო იქნებოდა ალბათ ის, მე რომ მომცემოდა შესაძლებლობა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა, ჩემი შეხედულებისამებრ. იმ დროს „მოქალაქეთა კავშირი" საზოგადოების ნდობით არ სარგებლობდა და ამის შედეგი იყო სწორედ ის, რომ 1998 წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში სერიოზული წარმატება მოიპოვა ლეიბორისტულმა პარტიამ.

 

 ოჯახი


ჩემი მეუღლე გახლავთ ხათუნა კეკელია. ჩემზე სამი წლით უმცროსია, გახლავთ პედიატრი. ჩვენ 1989 წელს გადავწყვიტეთ დაოჯახება, თავიდანვე იმ განწყობით, რომ მყარ ქართულ ოჯახს შევქმნიდით.  შემდგომში ძალიან სამწუხარო რამ მოხდა ხათუნას ცხოვრებაში,  მისი ერთადერთი ძმა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა,  მეც დედისერთა გახლავართ, ამან გვიბიძგა, რომ ბევრი შვილი გყოლოდა. დასაწყისში ამას არ ვგეგმავდით, სულ ვამბობდით - როგორც ღმერთი  ინებებს... არც ახლა ვგეგმავთ, მაგრამ ასე წაეწყო ჩვენი ცხოვრება და დღეს გვყავს 5 ვაჟი და 3 ქალიშვილი. ასევე - 2 შვილიშვილი. ვცხოვრობთ ერთ დიდ ოჯახად.

ადამიანი თუკი ამბობს, რომ ბოლომდე რეალიზებულია, ის ამით გამოხატავს თვითკმაყოფილებას. თვითრეალიზაცია პროცესში მონაწილეობაა. ის, რომ დღევანდელ ქარტეხილებში მიწევს საჯარო პოლიტიკის განხორციელება (ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, კიდევ სხვა საკითხია),  ეს მე თვითკმაყოფილებისგან შორს მაყენებს და მანიჭებს იმის სტიმულს, რომ გავაგრძელო ეს გზა გარკვეულ ლოგიკურ დასასრულამდე.  


სინანული


გულწრფელად გიპასუხებთ - მქონია განცდა, რომ ვერ მოხდა ჩემი გეგმის რეალიზება იმ პოლიტიკურ პროექტში, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და საკუთარი თავის მიმართ წყენა გამჩენია, რომ ვერ გავთვალე ის ნაბიჯები მართებულად.  ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მე შევცდი, ჩემი სტატუსი არ განვსაზღვრე ნეიტრალიტეტით იმ მომენტში და არჩევნებში იმ ძალასთან ერთად მივიღე მონაწილეობა, რომელმაც საბოლოო ჯამში საკუთარი მსოფლმხედველობა, იდეოლოგია შეიცვალა. ვსაუბრობ  „თავისუფალი საქართველოზე".


 

შეცდომები


მთლიანად ეტაპს არა, მაგრამ ეტაპზე არსებულ საკითხებს კი მივიჩნევ შეცდომად. როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია გარკვეული იმედგაცრუების მომენტები ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში. ძირითადად ეს ხდებოდა ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე. არ მინდა, დავაკონკრეტო. ყველა დროში მქონია იმედგაცურუების პერიოდები, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ ფეხზე დავმდგარიყავი და გამეგრძელებინა დასახული მიზნისკენ სვლა.



ვინ არის დიმიტრი ლორთქიფანიძე?


დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქეა, რომელიც აცნობიერებს თავის ვალდებულებებს და ცდილობს, ქვეყნისთვის და გარემოცვისთვის იყოს სასარგებლო. ძალიან ძნელია, ადამიანმა ისე იცხოვრო, რომ საკუთარი თავი არ შეისწავლო. მე ყოველ დღეს ვაანალიზებ,  რა შემეძლო გამეკეთებინა უკეთ, რა შეცდომა დავუშვი... ყველაზე მეტად თვითკმაყოფილების უნდა გეშინოდეს, რადგან ეს არის განცდა, რომელსაც შემდგომში უდავოდ მიჰყავხარ კატასტროფამდე. მსგავსი რამ ხშირად ემართებათ თანამდებობის პირებს, რომლებიც  შავი ჯიპებიდან ვერ ხედავენ, რა ხდება დაბურული მინების მიღმა. ამიტომ მე ყოველთვის ვახსენებ ჩემს თავს, რომ როცა ჩვენი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, ამას შევხვდე არა როგორც გამარჯვებული და კმაყოფილი, არამედ, მივიღო როგორც  მძიმე ჯვარი, მძიმე ტვირთი, რომელიც უნდა ვატარო.


reportiori.ge-ის ექსკლუზივი

კომენტარები: