საქართველოში გაცემული დიპლომები და მინიჭებული კვალიფიკაციები ევროპაში იქნება აღიარებული

29 Apr 2019 01:42

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წევრი ხდება.  ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:


  • საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;
  • საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს;
  • უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან;
  • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას;
  • ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.


განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.


ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი