"ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას"- სააღდგომო ეპისტოლე

28 Apr 2019 00:25

"იესო ქრისტე იწოდება ძედ დავითისა და აბრაამისა, რითაც საღვთო საკვრელით იკვრება ეს წმინდა წიგნი.


ამასთან, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე მცნებებია უმთავრესად მიჩნეული: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ (მარკ. 12, 30-31; შდრ. II სჯ. 6,5. ლევიტ. 19,18). შევნიშნავთ, რომ ქრისტიანისთვის მოყვასი არის ყველა ადამიანი, მათ შორის პირადი მტერიც.
სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა.


სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის.


გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გვიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქმნილიც; ეს კი აუცილებელ პირობად, ასევე, გულისხმობს ჩვენი ,,მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას. 


ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა… და ა.შ."

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი