ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საინფორმაციო პორტალ "მხარეს" განცხადებით პასუხობს

19 Apr 2019 23:27

საინფორმაციო პორტალ „მხარეზე“ 19/04/2019-ში გამოქვეყნებულ სტატიას (ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ხელფასი ორჯერ მეტია, ვიდრე თბილისის მერის, კახა კალაძის ხელფასი) ცხოველთა მონიტორინგის სამსახური  გამოეხმაურა.  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნატა უზუნაშვილის მიერ მოწოდებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„საზოგადოების იმ ნაწილისათვის, ვინც დაინტერესებულია ჩვენს ქალაქში მიუსაფარი ცხოველების ბედითა და ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობით, საჭიროდ ჩავთვალეთ, აღნიშნული სტატიისათვის გვეპასუხა და მასში მოყვანილ დაუზუსტებელ ფაქტებზე მკითხველის ყურადღება მიგვეპყრო.


პასუხის ფორმატად ავირჩიეთ შემდეგი მეთოდი - მოვიშველიებთ სტატიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას და იქვე მივუთითებთ სწორ ინფორმაციას.


მაშ, დავიწყოთ -


1. სტატიაში მითითებულია, რომ ,,ვახტანგ ლომჯარიამ, 2018 წლის მანძილზე, ხელფასის სახით 67 200 ლარი მიიღო“.


სწორი ინფორმაციაა - ვახტანგ ლომჯარიამ, როგორც სააგენტოს დირექტორმა, 2018 წლის მანძილზე, ანაზღაურების სახით აიღო 61 333 ლარი (დარიცხული).  


აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ სააგენტოს დირექტორად დანიშვნამდე, ვახტანგ ლომჯარიას ანაზღაურება სხვადასხვა სამსახურებში ჯამურად დაახლოებით 9 600 ლარს შეადგენდა.


2. სტატიაში მითითებულია, რომ ,, სააგენტოს დირექტორის ხელფასი 2 950 ლარი იყო. ვახტანგ ლომჯარიას დანიშვნის პერიოდიდან კი, დირექტორის ხელფასი გაორმაგდა.“


სწორი ინფორმაციაა - სააგენტოს დირექტორის ხელფასი გაიზარდა 2018 წლის 18 იანვარს, ხოლო ვახტანგ ლომჯარია აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა 2018 წლის 2 მარტს, ანუ დაახლოებით თვენახევრის შემდეგ. ასე რომ, მტკიცებით ფორმაში დაწერილი ვერსია - ,,ანუ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თანამდებობაზე მოსვლისთანავე გაიორმაგა ხელფასი, მერე ეს დოკუმენტი გადააგზავნა ქალაქის მთავრობაში და აღნიშნული არავის გაუპროტესტებია” - არის სიცრუე!


მაინც ხელფასის გაზრდის საკითხმა, რომ არ გამოიწვიოს რაიმე სახის უხერხულობა, გვინდა, აქვე შევადაროთ სააგენტოს ყოფილი დირექტორის მიერ მიღებული შემოსავალი (შედარებით დაბალი ხელფასის პირობებში) და ახალი დირექტორის შემოსავალი.


2017 წელს  სააგენტოს ყოფილი დირექტორის ანაზღაურებამ შეადგინა 76 700 ლარი (დარიცხული), ხოლო 2018 წელს ახლანდელი დირექტორის ანაზღაურებამ - 61 333 ლარი (დარიცხული).


3. ამასთან, სტატიაში აღნიშნული როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონება ლომჯარიას შეძენილი აქვს სააგენტოს დირექტორად დანიშვნამდე!


ეს არის ფაქტები და დანარჩენი, სტატიის მიზნობრიობაზე დაფიქრება, თქვენთვის მოგვინდია.“- ნათქვამია განცხადებაში.



რედაქციისგან:


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ არჩეულ ფორმატს თუ გავყვებით, სააგენტოს პასუხის პასუხები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:


➡️  პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ ჩვენ ვცრუობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ,,ვახტანგ ლომჯარიამ, 2018 წლის მანძილზე, ხელფასის სახით 67 200 ლარი მიიღო“ და იქვე შეგაქვთ შესწორება, რომ ვახტანგ ლომჯარიამ, როგორც სააგენტოს დირექტორმა, 2018 წლის მანძილზე, ანაზღაურების სახით აიღო 61 333 ლარი (დარიცხული).    


აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გამოვითხოვეთ თქვენივე სააგენტოდან, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ  სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური ხელფასი 5 600 ლარია - დარიცხული!


(თუკი, ხელზე ასაღებს გულისხმობდით, დაგვიჯერეთ, არაა დიდი შვება თქვენი შესწორება, ვინაიდან, ხალხის ჯიბიდან დარიცხული თანხა გადის და არა ხელზე ასაღები. ამიტომაცაა ხელზე ასაღებზე მნიშვნელოვანი დარიცხული თანხის ოდენობა).


იქვე დასძენთ, სააგენტოს დირექტორად დანიშვნამდე, ვახტანგ ლომჯარიას ანაზღაურება სხვადასხვა სამსახურებში ჯამურად დაახლოებით 9 600 ლარს შეადგენდაო.


გაგვიჭრდება დაგიჯეროთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, პირი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში გამოიზარდა, ყველა სიკეთე გამოიყენა, რომელსაც იმ დროს, ამავე პარტიის ახალგაზრდულ ფრთად წოდებული თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა იძლეოდა, ბოლომდე მათ გვერდით იდგა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი „ქართულ ოცნებას“ მიეტმასნა და ტელესტუდიებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინება დაიწყო, (საკუთარი კეთილდღეობისთვის), გაგვიჭირდება დაგვაჯეროთ, რომ ასეთი პირი, დაბალ ანაზღაურებას იმიტომ დათანხმდა, რომ უბრალოდ, სამშობლოს ემსახუროს. გვაპატიეთ!


➡️  მეორე პუნქტის პასუხად გეტყვით, რომ დიახაც, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის შეცვლას უკავშირდებოდა ხელფასის გაორმაგება. დიახაც, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობამ გააორმაგა ხელფასები და ამაზე მერიას და სხვა შესაბამის უწყებებს არ ჰქონიათ პროტესტი, რადგანაც მსგავსი მაღალი ხელფასი, სწორედაც  „ვახტანგ ლომჯარიების“ მოსაზიდად იყო გათვლილი.


➡️  რაც შეეხება, თქვენი მხრიდან, ამჟამინდელი დირექტორის ანაზღაურების შედარებას სააგენტოს ყოფილი დირექტორის მიერ მიღებული შემოსავალთან, დაგვიჯერეთ, იმაზე ბევრად უხერხულია, ვიდრე ვახტანგ ლომჯარიას ამჟამინდელი ანაზღაურების ოდენობა.


➡️  ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტატიაში მოყვანილი, ვახტანგ ლომჯარიას მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება შეძენილი აქვს სააგენტოს დირექტორად დანიშვნამდე. უკაცრავად, მაგრამ სტატიაში სად ნახეთ, რომ გვეწეროს, გასულ წელს შეიძინაო?! გარკვევით არის მითითებული  ყოველი ქონების შეძენის თარიღი. 


განცხადება ასე სრულდება: სტატიის მიზნობრიობაზე დაფიქრება, თქვენთვის მოგვინდვიაო...


სტატიის მიზნობრიობაზე რა გითხრათ, ხალხის ინფორმირება იყო მიზანი, მაგრამ ზემოთაღნიშნული განცხადების მიზნობრიობაა საკითხავი... ალბათ, უფრო ეს იყო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის და თბილისის მერიის მდგომარეობის გამართლების უსუსური მცდელობა.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი