"ხონის რესურსცენტრის უფროსის ახირებას შეწირული მოსწავლეთა ინტერესები" - ნამაშევის საჯარო სკოლა ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს

19 Apr 2019 17:00

თანდართულ ფოტოებზე თქვენ ხედავთ ორ გარემოებას, რომლის პირობებშიც ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უწევთ გადაადგილება. ერთ ფოტოზე ხედავთ, სკოლისკენ მიმავალ გზას წვიმიან ამინდში, ხოლო მეორეზე სკოლისკენ მიმავალ გზასთან მოახლოებულ მტაცებელ ცხოველს - მგელს. ასეთი საშიში მდგომარეობის მიუხედავად, ხონის მუნიციპალიტეტში არსებულ  ნამაშევის საჯარო სკოლას, დღემდე არ დანიშვნია ტრანსპორტი, რომელიც მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა.


რატომ არ გვარდება აღნიშნული პრობლემა, ვის პირად ინტერესებს ეწირება ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოება და განათლების მიღების უფლება, რას ამბობენ სფეროს ექსპერტები აღნიშნულ საკითხზე და რას აცხადებს განათლების სამინისტრო?


საინფორმაციო პორტალ „მხარეს“ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი, მინდია გველებიანი ესაუბრა:



_ ნამაშევის საჯარო სკოლაში 7 მოსწავლე დადის მეზობელი სოფლებიდან: გველესიანების უბნიდან, ჭელიძეების უბნიდან და ჩაის მეურნეობის დასახლებიდან. ყოველ დღე 10 კილომეტრის გავლა უწევთ, რომ სკოლაში იარონ და განათლება მიიღონ. ამ ბავშვების წინაშე, მწვავედ დგას ტრანსპორტირების საკითხი. ფაქტობრივად, 2013 წლიდან ჩვენი სახსრებით, საკუთარი ჯიბიდან აკრეფილი ფულით ვცდილობდით სასკოლო პროცესი არ ჩავარდნოდათ ბავშვებს და ხან ტრანსპორტს ვქირაობდით, ხან ჩვენივე ავტომობილებით მიგვყავდა და მოგვყავდა. 


ის ტრანსპორტიც, რომელსაც ვქირაობდით და ჩვენი ჯიბიდან ვუხდიდით ფულს, ხშრად გამოდიდოდა მწყობრიდან, სიცხეში, სიცივეში ელოდნენ  ბავშვები, როდის შეკეთდებოდა. პედაგოგები, ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას ფიზიკურად, ამ ტნასპორტის ამოქოქვაში. ფოტოებზეცაა ასახული ეს უხერხული ფაქტები. გამართული ტრანსპორტი მეტ თანხას ითხოვდა, რასაც ვერ ვწვდებოდით და ვერ ვწვდებით ჩვენი სახსრებით.  



დასანანია, რომ მაშინ, როდესაც სამინისტრო დიდი ზარ-ზეიმით გამოდის განცხადებებით, რომ ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს თავისი ტრანსპორტი, რათა სოფლები არ დაიცალოს, სინამდვილეში ასეთი პრობლემები უდგათ სოფელში მაცხოვრებელ ბავშვებს და ასეთ წინააღმდეგობებს ვაწყდებით ადგილობრივი სამსახურებიდან.


_ რა ხდება ადგილობრივ დონეზე, რამდენადაა ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართული ხონის რესურსცენტრი და რას გეუბნებიან, რატომ არ გვარდება აღნიშნული პრობლემა?


_ რესურსცენტრის ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ეს ბავშვები გადავიდნენ ახლომდებარე სკოლაში.


_იმას თუ ამბობენ, ან გამარტავენ რომ არ გეკუთვნით ტრანსპორტი?


_ამ ხნის მანძილზე ჩამოდიოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილზე გვეუბნებოდნენ, რომ გვეკუთვნოდა ტრანსპორტი, მაგრამ შემდეგ, როცა მიდიოდნენ, სავარაუდოდ, გარკვეული ზარების და ჩარევის შედეგად ოფიციალურად გვწერდნენ, რომ არ გვეკუთვნის.


ამონარიდს მოვიყვან, მოწერილი წერილიდან, რაც ამას ადასტურებს. სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორის პირველი მოადგილე შალუტაშვილი გიორგი გვწერს 03/09/2018-ში:  „თქვენი კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ „აღნიშნული უბნებიდან სკოლამდე არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო მანძილი აღნიშნული მიმართულებიდან სსიპ - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლამდე დაახლოებით არის 6კმ“. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოყვანილი პირობები აკმაყოფილებს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ჩართვის მსურველი სკოლებისათვის სავალდებულო და დამატებითი კრიტერიუმების“ ა) და ბ) პუნქტებს. თუმცა, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდინარე წლის 6 ივლისის N874199 წერილის თანახმად, სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმების გ) პუნქტს.“


თუნდაც ეს პუნქტი მიუთითებს ცალსახად, რომ სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოზე ვიღაც ახდენს ზეწოლას.


ის, რომ ჩვენი მოთხოვნა საფუძვლიანია, თავად, ქალაქ ხონის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის უფროსის, ჯულიეტა ქობალიას მიერ, 02/10/2017-ში მოწერილი წერილითაც დასტურდება, სადაც ის, იმას კი არ ამბობს,რომ ჩვენ არ გვერგება, პირიქით, ამბობს, რომ საკითხის მოგვარება დაგვიანებულია. ამონარიდი:


„რადგან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება დაგვიანების გამო საკითხის გადაჭრა, რესურსცენტრის მიერ შეთანხმებულია საკითხი, სამივე ტრანსპორტის მძღოლთან და მათ ხელმძღვანელებთან სურვილის შესაბამისად მოსწავლეთა უსაფრთხო გადმოყვანა სკოლამდე.“


ხონის მერიც კი გარია ამ ამბავში და გვითხრა, რომ საწვავით მომარაგების ამბავი, მომდევნო სემესტრიდან მასთან  იყო შეთანხმებული. შემდეგ, ჩვენ შევხვდით ბატონ ლადოს და მერმა უარყო ეს ფაქტი - ჩვენ შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილაო. ანუ, ტყუილს გვეუბნებოდა და ამაში ხონის მერს რევდა. 


_ ანუ, გამოსავალი მხოლოდ ასეთი გამოიძებნა ადგილობრივი უწყებების მხრიდან?


_რესურსცენტრს არ აქვს არანაირი უფლება, პირადი შეხედულებით გადაწყვიტოს ვის დაენიშნება ტრანსპორტი და ვის არა და ეს გადაწყვიტოს კუთხურობის მიხედვით.


_რას ნიშნავს კუთხურობის მიხედვით? ან, ვინაა რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხონში?


_ხონის რესურცენტრის ხელმძღვანელია ჯულიეტა ქობალია, რომელიც წესით და რიგით უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებზე, ხელს უნდა უწყობდეს ბავშვებს რომ სკოლამდე მივიდნენ, თუმცა, მისთვის, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ასეთ შემთხვევებში კუთხურობას აქვს.


მოგეხსენებათ, ნამაშევის საჯარო სკოლა სვანებით დასახლებულ უბანში მდებარეობს, სვანები, კი როგორც აღმოჩნდა, ხონის რესურსენტრის ხელმძღვანელისთვის მიუღებელი ხალხია, ამას აფიქსირებს ის პირად საუბრებში, რის უტყუარი მტკიცებულებაც პირადად გამაჩნია. აღნიშნული, მისი მხრიდან არის პირდაპირი დისკრიმინაცია წარმომავლობის ნიადაგზე.


_რომელია ახლომდებარე სკოლა და რატომ არ იწყებენ სწავლას იმ სკოლაში ეს ბავშვები დასაწყისიდანვე?


_ახლომდებარე სკოლა არის 9 წლედი და ამის გამო ამბობენ მოსწავლეები უარს იმ ახლომდებარე სკოლაში გადასვლაზე. ამიტომაცაა, რომ ეს ბავშვები, პირველი კლასიდან მოყოლებული სწავლობენ ჩვენთან.  


ერთი რამ არის აქ კიდევ საინტერესო - ჩვენ სკოლასა და იმ 9 წლიან სკოლას შორის მანძილი, დაახლოებით 1 კმ-ია. ანუ, სკოლიდან 4 კილომეტრით მოშორებით მაცხოვრებლებს ერგებათ და 5 კილომეტრში მაცხოვრებლებს არა?! თუ რა ლოგიკაა?!


ან  მე, რა უფლება მაქვს, რომ ამ ბავშვებს ვუთხრა - ტრანსპორტის პრობლემა არ გვარდება და მოდით რა, სკოლიდან წადითო.


_მინისტრებთან თუ გქონიათ კომუნიკაცია და რას გეუბნებოდნენ?


_ბოლო კომუნიკაცია წერილობითი სახის გვქონდა მინისტრ ჩხენკელის პერიოდში. ზოგადად, მინისტრებთან კომუნიკაცია, ყოველთვის ძალიან გართულებული იყო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაგვიგზავნია წერილი ფოსტით და უკან მობრუნებულა, მიზეზით: რესურსცენტრის მეშვეობით მოგვწერეთო წერილი. როგორ ბიუროკრატიასთან გვაქვს საქმე, თავადაც მიხვდებით, დარწმუნებული ვარ.


_ამჟამინდელ მინისტრთან თუ გქონიათ კონტაქტი, ან ხომ არ გეგმავთ?


_ამ დრომდე არ გვქონია. ამჯერად, გვინდა თქვენი მეშვეობით მივიტანოთ მის ყურამდე ეს ამბავი, ასევე მივმართავთ წერილობითაც და დაველოდებით შედეგს. ამის მიხედვით დავგეგმავთ, თუ რას მოვიმოქმედებთ მომავალში.



რამდენად კანონიერი იყო და არის სკოლის მოთხოვნა, ამაში გასარკვევად საინფორმაციო პორტალი „მხარე“ განათლების და მეცნიერების  ყოფილ მინისიტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა:


"იმისათვის, რომ სკოლებამდე უპრობლემოდ მივიდნენ მოსწავლეები, სახელმწიფო 30 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს წელიწადში.


2013 წლის იანვარში, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზარ-ზეიმით განაცხადა, რომ ყველა სკოლას ემსახურება ტრანპსორტი, ამოიღეთ ფინანსური დოკუმენტაცია, სადაც ნახავთ, რომ წელიწადში ორჯერ „ტარდება ტენდერი“, რომელსაც მუდმივად იგებს ორი კომოპანია და ითვისებენ 30 მილიონზე მეტ ლარს. ეს ხდება მეშვიდე წელია და ამის პარალელურად მუდმივად გვესმის, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირების პრობლემა მოგვარებულია.


თბილისის მაგალითზე გეტყვით, რომ მე საერთოდ არ მინახავს ვის ემსახურებიან ეს ავტობუსები, გაიკითხეთ თქვენს ირგვლივ, არც მათ ექნებათ ნანახი. სამაგიეროდ ვიღაცა იგებს ტენდერს, ფული იხარჯება, საქმე კი არ კეთდება. ამ ლოგიკით, 7 წელში, 2 მილიონზე მეტი ლარია გაფლანგული.


ის, რასაც აღნიშნული სკოლა ითხოვს, არის კანონიერი, ფული გამოყოფილია, სამინისტრო ამბობს, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ტრანსპორტით, ამ დროს კი ვხედავთ რა  მოცემულობა ხონის ერთ-ერთ სკოლაში. თვითიონ გამოიტანეთ როგორ ხდება ამ ფულის მითვისება." - განგვიმარტა დიმიტრი შაშკინმა. 



საინფორმაციო პორტალი „მხარე“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, გვაინტერესებდა რამდენად იყო სამინისტრო  და თავად მინისტრი ბატიაშვილი აღნიშნული პრობლემის საქმის კურსში:


„აღნიშნული საკითხი მოკვლეულია სამინისტროს აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერ, დარღვევა იმაში, რომ ამ სკოლას ტრანსპორტი არ ენიშნება არაფერია. თქვენს მიერ დასახლებულ დასახლებებთან ახლოს არის სკოლა და მოსწავლეები უნდა გადავიდნენ იმ სკოლაში. ტრანსპორტი მაშინ ინიშნება, როდესაც სკოლა არ არის ახლოს.


რაც შეეხება მინისტრს, ის არ გახლავთ საქმის კურსში, მაგრამ თუკი, მოგვწერენ ამის თაობაზე, ვფიქრობთ, მინისტრიც დაინტერესდება საკითხით“, - გვითხრეს სამინსიტროს პრესსამსახურში.



P.S. როგორც ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტრომა გვითხრა, მათ წერილს უახლოეს დღებში მიიღებს განათლების და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი. ჩვენ, კი ჩვენი მხრიდან მინისტრს ვეტყოდით:


_ არავინ მოგატყუოთ ბატონო მინისტრო და შეცდომაში არ შეხვიდეთ, გაითვალისწინეთ ის გარემოება, რასაც ნამაშევის სკოლის დირექტორიც განმარტავს:


„ახლომდებარე სკოლა არის 9 წლედი და ამის გამო ამბობენ მოსწავლეები უარს იმ ახლომდებარე სკოლაში გადასვლაზე. ამიტომაცაა, რომ ეს ბავშვები, პირველი კლასიდან მოყოლებული სწავლობენ ჩვენთან.  ერთი რამ არის აქ კიდევ საინტერესო - ჩვენ სკოლასა და იმ 9 წლიან სკოლას შორის მანძილი, დაახლოებით 1 კმ-ია.“


ამ განმარტების შესაბამისად, იმ 9 წლიან სკოლაში გადასვლის შემთხვევაშიც, წვიმის დროს ის ადიდებული მდინარეები უნდა გადაიარონ  მოსწავლეებმა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ და  იმ გარეული ცხოველების გარემოცვაში უნდა იარონ, რომელსაც ფოტოზე ხედავთ.


ბატონო მინისტრო, თქვენ გაიმეტებდით თქვენ შვილებს ასეთი გარემოებებისთვის?! გთხოვთ, საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ისე გადაწყვიტეთ აღნიშნული საკითხი. გთხოვთ, ნუ გახდით სკოლის მოსწავლეებს კონკრეტული ადამიანების ხუშტურის მსხვერპლად.


გაგზავნეთ დამოუკიდებელი ექსპერტები ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად, რომ გამოირიცხოს როგორც რესურსცენტრის, ასევე, სხვა დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული საკითხის მოგვარებაში ჩარევა.


აღნიშნულ საკითხს საინფორმაციო პორტალი „მხარე“ მომავალშიც მიუბრუნდება.




ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი