ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ხელფასი ორჯერ მეტია, ვიდრე თბილისის მერის, კახა კალაძის ხელფასი

19 Apr 2019 00:09

სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ, 2018 წლის მანძილზე, ხელფასის სახით  67 200 ლარი მიიღო.


როგორც საინფორმაციო პორტალ „მხარეს“ სააგენტოდან აცნობეს, ლომჯარიას ყოველთვიური ხელფასი 5 600 ლარია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე თბილისის მერის, კახა კალაძის ხელფასი.


(ცნობისთვის: კახა კალაძემ, 2018 წლის მანძილზე ხელფასის სახით 38 160 ლარი მიიღო. ანუ, ქალაქის მერის ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით 3 180 ლარია.).


ვახტანგ ლომჯარიას წარდგენის დროს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ასეთი განცხადება გააკეთა:


„ბოლო პერიოდში სააგენტოს მიმართ ბევრი შენიშვნა და პრეტენზია იყო, ახალი გუნდი კი ქალაქის საჭიროებებს დააკმაყოფილებს. მისივე თქმით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, აღნიშნული სამსახური ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე იქნება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ცხოველთა უფლებებზე იზრუნებს.“


ჯერ თავო და თავო, მერე ხალხო და ცხოველებოო და როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერიამ, ცხოველებზე ზრუნვა სააგნეტოს დირექტორიდან დაიწყო.


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წელს დაფუძნდა. ამ პერიოდიდან ლომჯარიას დანიშვნამდე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ხელფასი 2 950 ლარი იყო. ვახტანგ ლომჯარიას დანიშვნის პერიოდიდან კი, დირექტორის ხელფასი გაორმაგდა და დღეს ის 5 600 ლარს შეადგენს.


ცხოველთა მონიტორინგის სააგეტოს დირექტრს, დიდად არც მისი ორი მოადგილე ჩამოარჩინეს, მათაც გაუორმაგეს და თბილისის მერზე მაღალი ხელფასი დაუნიშნეს. დღეს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს და თითოეულის ხელფასი 4500 ლარს შეადგენს.


(ცნობისთვის: კახა კალაძის ხელფასი, მიახლოებით უთანაბრდება ამავე სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელების ხელფასს).


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ დაინტერესდა, ვინ დაუნიშნა ერთი, პატარა და არაფრით გამორჩეული სსიპ-ის ხელმძღვანელობას,  ქალაქის  ორი მერის ოდენობის ხელფასი.


„სსიპ ათანხმებს საშტატო ნუსხას ყველა შესაბამის სამსახურთან და შემდეგ განსახილველად გადის მთავრობის სხდომაზე. გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა“- განგვიმარტეს ქალაქის მთავრობაში.


ანუ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თანამდებობაზე მოსვლისთანავე გაიორმაგა ხელფასი, მერე ეს დოკუმენტი გადააგზავნა ქალაქის მთავრობაში და აღნიშნული არავის გაუპროტესტებია.


რას უკავშირდება აღნიშნული საკითხების ამგვარად გადაწყვეტა და ამ საკითხებს მომდევნო სტატიებში მივუბრუნდებით, მანამდე ვახტანგ ლომჯარიას ქონებრივ დეკლარაციას გადავხედოთ.


ცხოველთა მონიტორინგის სააგნეტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას მფლობელობაშია:


• ბინა, ძველ თბილისში, ჩიქობავას ქ. #15-ში, 50,67 კვ.მ, რომელიც 80 000 ლარად შეიძინა 2014 წელს;


• სამი მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, რომელიც 2017 წელს შეიძინა, ჯამში 32 800 ლარად;


• საცხოვრებელი სახლი ოზურგეთში, რომელიც ასევე 2017 წელს შეიძინა - 10 000 ლარად.


• აგარაკი  ჩოხატაურში, კ. ბახმარო, დავითიანის ქ. 23-ში, 40 კვ.მ, რომელიც 2016 წელს შეიძინა 30 000 ლარად.



რაც შეეხება მოძრავ ქონებას - ვახტანგ ლომჯარიას მფლობელობაშია ორი მსუბუქი ავტომობილი: მერსედეს ბენცი, E კლასი (9500 ლარი, 2010 წელი) და ოპელ ასტრა ფურგუნი (3600 ლარი, 2009 წელი).


2019 წლის აპრილში, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ლომჯარიას საბანკო ბარათებზე ჰქონდა 2135,16 ლარი, 122,54 აშშ  დოლარი და 698,65 ევრო.


რაც შეეხება საბანკო ვალდებულებებს - დეკლარაციის შევსების მომენტში, ვახტანგ ლომჯარიას ჰქონდა -  იპოთეკური სესხი, 19 400 ლარის ოდენობის; განვადება, 797 ლარის ოდენობის; სამომხმარებლო სესხი - 5000 ლარის ოდენობის და  სამომხმარებლო სესხი - 4 200 ლარის ოდენობის.


როგორც ლომჯარიას ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, მას გასულ წელს 6 დამოუკიდებელი წყაროდან, შემოსავლის სახით მიღებული აქვს 81 037 ლარი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს, ქონებრივი დეკლარაცია არასრულფასოვნად აქვს შევსებული და არ აკონკრეტებს, რომელიც შემოსავალი, რა წყაროდან აქვს მიღებული, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი