2004 წელს სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლე და ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში შიმშილობის დაწყებას აპირებს

10 Apr 2019 14:27

2004 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლედა ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში შიმშილობის დაწყებას აპირებს. დოდო აფრასიძე შიმშილობის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრს მიმართავს და აფრასიძეების საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, დოდო აფრასიძემ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროკურატურის მიერ მიცემული პირობა არ შესრულდა და საქმეზე დაწყებული ხელახალი ძიებისას, რაიმე შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ადვოკატი ეჭვობს, რომ 24 აპრილს საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვა და ამის შემდეგ უკვე შეუძლებელი იქნება რაიმე სახის ჭეშმარიტების დადგენა.


„დოდო აფრასიძე ხვალ აპირებს, რომ მიმართოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში დაიწყოს შიმშილობა. მართალია ის დაზარალებულად ცნო პროკურატურამ, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ არ ვიცით არანაირი შედეგი. თუ ის დაზარალებულია, შესაბამისად ხომ უნდა არსებობდეს დამზარალებელი. პროკურატურაში რომ გვქონდა შეხვედრა, დაგვპირდნენ 2 თვეში გახდებოდა ცნობილი რა სახის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა საგამოძიებო ორგანო. ამის შემდეგ კი დოდო აფრასიძის ზარებსაც კი აღარ პასუხობენ“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


ადვოკატი ასევე მიმართავს სახალხო დამცველს დაინტერესდეს აფრასიძეების საქმის მიმდინარეობით.


2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.


კომენტარები:

ფართი შოპი