"მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს კახა კალაძემ გაუწია რეკომენდაცია, ასე მოხვდნენ 2016 წლის საპარლამენტო სიაში"- დავით ჭიჭნაძე

31 Mar 2019 01:35

დეპუტატები, რომლებსაც მწვანე და წითელი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან, კობახიძემ ჯერ ფერებში უნდა ავარჯიშოს და შემდეგ უნდა მართონ ქვეყანა? ამიტომ ვამბობ, ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, ქვეყანას მართვა სჭირდება. ეს პარლამენტი 2020 წლამდე რატომ უნდა იყოს, რისი გულისთვის, რა დამსახურებისთვის, კოლექტიურ ზარდიაშვილებს უნდა უსმინოს ხალხმა წელიწადნახევარი?! რომელი მათგანია პოლიტიკოსი?! მაშინაც ვადამდელ არჩევნებს ვითხოვდი, სანამ მე გამრიცხავდნენ “ოცნებიდან” - მაშინ რომ ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები, მერწმუნეთ, ეს ვითარება არ იქნებოდა. კვირიკაშვილი როდესაც პრემიერის პოსტიდან გაუშვეს, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო, მაშინ ის პარლამენტიც უნდა დაშლილიყო და ახალი არჩევნები ჩატარებულიყო”, - აცხადებს პალამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ჭიჭინაძე: “მალე ხალხი მინისტრების მოპარვაზე გადავა”.


“რაც შეეხება ბესელიას მოწოდებას ივანიშვილისადმი - თქვას, ზარდიაშვილისა და მდინარაძის რეკომენდატორი ვინ იყო 2016 წლის საპარლამენტო სიაშიო, მე როგორც ვიცი მდინარაძეს კახა კალაძემ გაუწია რეკომენდაცია. სხვათა შორის, კობახიძის რეკომენდატორიც კალაძე იყო. ეს რომ ჰკითხოთ “ოცნების” ძველ წევრებს, ყველა დაგიდატურებთ ამ ინფორმაციას. ზარდიაშვილზე კი ვერ გეტყვით, არ ვიცი... ისე, ზარდიაშვილი ერთი არ არის, ბევრნი არიან, შემოსევაა. ეს “ქართული ოცნების” განგრენაა. როდესაც პოლიტიკური ლპობა იწყება, მისი გადარჩენა შეუძლებელია, გენერალური ხაზი ვერ ამართლებს იმიტომ, რომ ამ ხალხმა არ გაამართლა. კალაძე ხვდება, რომ ეს ხალხი მას მომავალში არაფერში გამოადგება, ნახა, რომ წამგებიანები არიან. კალაძემ იცის იმდენი, რომ კობახიძეს არ უნდა გადაჰყვეს. ამიტომ არის ჩუმად. მაქსიმალურად ცდილობს კობახიძე ივანიშვილს შეტენოს, ივანიშვილი დაზიანდეს, თვითონ სუფთად გამოვიდეს, მაგრამ არ გამოუვა, ყველამ ყველაფერი იცის, პირველ რიგში - ივანიშვილმა. დარწმუნებული ვარ, ამის გამო პასუხს მოსთხოვს. ღარიბაშვილი ტყუილად არ დაუბრუნებია...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.


“ველოდები ივანიშვილის დაპირებების შესრულებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მისცა ხალხს, - რადიკალური ცვლილებები იქნებაო. თუ ბიძინა ამ დაპირებების შესრულებას არ დაიწყებს, ამაზე პასუხი იქნება შუალედური არჩევნები, რომელიც მაისშია. რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” მოგება გაუჭირდება, რადგან რესურსები ამოწურა. ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.


“ახალ მოდური გახდა შედარება მინისტრსა და რიგით მოქალაქეს შორის - რა განსხვავებაა, თუ რიგით მოქალაქეს ქურდავენ, ქურდავენ მინისტრსაცო. ჩვენ პრივილეგირებულები არ ვართო, ასეთია ჩვენი ხელისუფლების ლოგიკა. მე ვეტყვი მათ, რა განსხვავებაა: თუ არ არის მინისტრი დაცული, მით უფრო არ არის დაცული რიგითი მოქალაქე, ეს განსხვავებაა! ეს განცდა უჩნდება მოქალაქეს. თუ ასეთი უპასუხისმგებლოები იქნებიან, ცოტა ხანში მინისტრებსაც მოიპარავს ხალხი,” - დასძენს ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე...” - პასუხობს:


“რა მნიშვნელობა აქვს, ხვალ ვინ იქნება მინისტრის სავარძელში. მთავარია პოლიტიკა შეიცვალოს”.


კომენტარები:

ფართი შოპი