თსუ-ს რექტორმა, 2018 წლის მანძილზე, თანამდებობრივი სარგოს სახით 45 984 ლარი მიიღო, გიორგი შარვაშიძე, უარს ამბობს ყოველგვარი პრემიისა და დანამატის მიღებაზე

29 Mar 2019 14:28

ივ. ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, 2018 წლის მანძილზე, თანამდებობრივი სარგოს სახით 45 984 ლარი მიიღო. როგორც საინფორმაციო პორტალ „მხარეს“, თსუ-ში განუმარტეს, რექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3832 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).


რაც შეეხება რექტორზე გაცემულ პრემიებისა და დანამატებს: აღმოჩნდა, რომ თსუ-ს რექტორი, უარს ამბობს ყოველგვარი პრემიისა და დანამატის მიღებაზე.


„რექტორის ბატონი გიორგი შარვაშიძის სურვილის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მასზე, 2018 წლის მანძილზე, პრემია და სახელფასო დანამატი გაცემულია 0 (ნული) ლარისა 0 (ნული) თეთრის ოდენობით.”- განგვიმარტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტში.


რაც შეეხება მივლინებებს: 2018 წლის მანძილზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ განხორციელებული მივლინებების სია ასე გამოიყურება:


????ქვეყნის შიგნით:

ახმეტა 2-ჯერ, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ასპინძა, თელავი 3-ჯერ, ბათუმი, ქუთაისი.

????ქვეყნის გარეთ:

შვეიცარია - ციურიხი, საფრანგეთი - პარიზი, აზერბაიჯანი - ბაქო, გერმანია - ფრანქფურტი 2-ჯერ, ესპანეთი - სალამანკა, ბელგია - ბრიუსელი, ესპანეთი - ბარსელონა 2-ჯერ, საბერძნეთი - ათენი, გერმანია - იენა, ბულგარეთი - სოფია.


❗როგორც აღმოჩნდა, 2018 წლის მანძილზე, თსუ-ს რექტორი, ქვეყნის გარეთ უფრო ხშირად დადიოდა მივლინებებში, ვიდრე ქვეყნის შიგნით.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვითხოვდით, თითოეული მივლინების შესახებ ინფორმაციას, მოწვევის წერილის ასლს, ან მივლინების სხვა საფუძველს, თუმცა, მოწოდებულ  ინფორმაციაში აღნიშნულ პუნქტებზე პასუხები ვერ მივიღეთ. ❗


რაც შეეხება აღნიშნული მივლინებების ხარჯებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხარჯი არ გაწეულა”,- გვაცნობეს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტიდან. რა ხარჯებით დადიოდა აღნიშნულ მივლინებებში თსუ-ს რექტორი, მოწოდებულ ინფორმაციაში, ასევე არ არის განმარტებული. ❗


როგორც საინფორმაციო პორტალ „მხარეს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუმარტეს, 2018 წელს, ეკონომიკური შემოსავლებიდან გაცემულია 6 924 ლარის ოდენობის პრემია (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებზე და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაზე გაცემულია 321 925 ლარის პრემია (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).


ჩვენ, ასევე ვითხოვდით, 2018 წელს უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაციას, რომელზეც ვრცელი განმარტება და უარი მივიღეთ პასუხად. ❗


„გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისათვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა."


ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, "საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა."


ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დაკავშირებულია კონკრეტული პირების ფინანსებთან და არის პერსონალური მონაცემების შემცველი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილი იქნება გასცეს აღნიშნული ინფორმაცია, თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ წერილობითი ფორმით გაცემული ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.”- განმარტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტში.



აქვე,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხება 109 ავტომანქანა, მათ შორის, უნივერსიტეტის 29, ხოლო შემოერთებული ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 80.


"მუშა მდგომარეობაშია შესაბამისად 21 და 20 ავტომანქანა, სულ 41. ყველა მანქანა არის სამორიგეო და გამოიყენება საჭიროების მიხედვით. უნივერსიტეტის თანამშრომლებზე საწვავი არ გაიცემა.” - განგვიმარტეს საპასუხო წერილში.



გამოთხოვილი ინფორმაციის ნამდვილობის დამადასტურებლად, ასევე ვითხოვდით ოფიციალურად დამოწმებულ ასლებს, რაზეც პასუხად მივიღეთ:


„ზემოაღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურად დამოწმებული ასლები გადმოგეცემათ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ (თქვენ მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 0.10 ლარს).“



❗❗❗დამოწმებული ასლების მისაღებად, გადავიხადეთ 10 თეთრი, საქართველოს ბანკის მეშვეობით, წარვადგინეთ გადახდის ქვითარი, უნივერსიტეტის კანცელარიაში, თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენთვის არავის გადმოუცია აღნიშნული დამოწმებული ასლები. ჩვენ, ასევე პირადად მივაკითხეთ იურიდიული დეპარტამენტის უფროსს თავისივე კაბინეტში განმარტების მისაღებად, თუმცა, ის სამუშაო საათების მიუხედავად სამსახურიდან უკვე წასული დაგვხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფაქტის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია არ მიგვიღია არც ერთი კანონით დაშვებული გზით.


როგორც ჩანს, როგორც მთელ რიგ უწყებებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ერთგვარ სუსტ მხარეს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესი.❗❗❗

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი