"უკეთესი კანდიდატი თუ არ ჰყავთ, აბა, რა ქნან?" - ძაბირაძე ლადო კახაძესა და ზაურ დარგალზე

27 Mar 2019 23:52

„ქართული ოცნება" ყველაგან იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის, რადგან ეს ისეთივე პრინციპული იქნება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იყო," - 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის „ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატების შესაფებისას „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. „ქართული ოცნების" მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ცნობილი ექიმისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლადო კახაძის წარდგენაზე, მმართველი გუნდის მხრიდან მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის" აქტივისტი იყო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „რეზონანსი" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სხვა, უკეთესი კანდიდატი თუ არ ჰყავთ, აბა, რა ქნან? - ძაბირაძე ლადო კახაძესა და ზაურ დარგალზე


"კორესპონდენტის კითხვაზე, „ქართული ოცნების" მიერ მარნეული მერობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, ზაურ დარგალის წარდგენა „ოცნების" რეიტინგზე როგორ იმოქმედებს და რამდენად გამოიწვევს მმართველი გუნდის ამომრჩევლის უკმაყოფილებას , ვახტანგ ძაბირაძის აზრით, გარკვეულწილად უკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს, მაგრამ ეს უკმაყოფილება რაში იქნება გამოხატული, ამას ექნება მნიშვნელობა. „ნაცმოძრაობის" წევრი რომ ახლა „ოცნებაში" გადავიდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და არა მარტო „ქართულ ოცნების", ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრისთვის ეს მეთოდი საკმაოდ მოძრავია - ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა-გადაჯგუფების თვალსაზრისით. ეს უჩვეულო არ არის, თუმცა უკმაყოფილებას რა თქმა უნდა გამოიწვევს, თუნდაც იმიტომ რომ, მარნეულში „ქართული ოცნების" ოფისში ვინმეს ექნებოდა პრეტენზია, რომ თავად გამხდარიყო ქალაქის მერი და არა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი.“, - აღნიშნავს გამოცემა.


"ეძებენ ისეთ კანდიდატს, რომელსაც რეიტინგი და მხარდაჭერა რეგიონში ექნება. ეტყობა, „ქართულმა ოცნებამ" უკეთესი ვარიანტი ვერ მოძებნა.„ქართული ოცნება" ადამიანების რესურსების საკმაოდ სერიოზულ კრიზისს განიცდის. „ოცნებამ" შეძლო ის, რომ ყველა მოიშორა და დარჩა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში. მას კადრები არ ჰყავს და სჭირდებოდა ისეთი ადამიანი მთაწმინდის ოლქში, რომელსაც ახლა კი არ გააცნობდა, არამედ საზოგადოებისთვის ცნობადი სახე იქნებოდა. ამიტომაც, არჩევანი გააკეთეს კახაძეზე. 2016 წელს მთაწმინდის ოლქში ბურჭულაძის პარტიიდან მან დაახლოებით 600 ხმა მიიღო. თავის დროზე ლეიბორისტი, მერე „მოქალაქეთა კავშირი", შემდეგ ბურჭულაძე და ახლა „ქართული ოცნება" - ალბათ, კომუნისტიც იყო ადრე, ვერ გეტყვით. პარტიათა მთელი წყება აქვს გამოცვლილი. სხვა უკეთესი კანდიდატი თუ არ ყავთ, აბა, რა ქნან? ვიღაცა ხომ უნდა დაესახელებინათ... აქ ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა. შეძლებს დღეს ოპოზიცია, თუნდაც ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, ერთ კანდიდატზე შეთანხმებასა და შეჯერებას? მაშინ იქ სერიოზული ბრძოლა იქნება. თუ ამას ვერ შეძლებს, „ქართულ ოცნებას" წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს. როგორც ჩანს, მთაწმინდის ოლქში უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება „ქართული ოცნება", რადგან შავგულიძეს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს და საკუთარ კანდიდატურას ალბათ სხვები არ დაასახელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდის ოლქი ყურადღების ცენტრში იქნება. ეს იქნება რეპეტიცია დაახლოებით იმ სცენარის, თუ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს, თუკი ოპოზიცია მაჟორიატურ ოლქებში შეძლეს ერთი კანდიდატის შერჩევას და არ დაუყენებენ კონკურენტ კანდიდატს სხვა ოპოზიციური პარტიიდან. ამის რეპეტიცია იქნება მთაწმინდის ოლქი. შავგულიძეს საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ცნობადობა არც მას აკლია. გარდა ამისა, ის „ქართული ოცნების" რიგებში იყო და „ოცნების" გარკვეული ამომრჩეველი მისკენ იქნება. ოპოზიციური სპექტრს გაუკეთებს მობილიზებას, თუმცა მთაწმინდის რაიონი მცირერიცხოვანი რაიონია და ამიტომ უპირატესობა ამ შემთხვევაში აქვს ხელისუფლებას. არა ხელისუფლების კანდიდატს, არამედ ხელისუფლებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ რაღაც შემოვლითი გზებით ზეწოლა ამომრჩეველზე საკმაოდ გაჭირდება“, - განაგრძობს გამოცემა.


"კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ აისახება მიხეილ სააკაშვილისდისტანცირება პარტიიდან „ნაცმოძრაობის" რეიტინგზე , ძაბირაძის თქმით, არანაირი დისტანცირება არ მომხდარა. ყველა ითხოვდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და სააკაშვილის წასვლას. ფაქტობრივად, როლები გაცვალეს. ადრე ის იყო არაფრომალური, ახლა ეს არის... რეალურიად სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ და ლიდერად დარჩა. ეს პარტიის შიგნით უარყოფითად არ იმუშავებს, რადგან ყველა თვლის, რომ ვაშაძე სააკაშვილის ნაცვალია, გნებავთ მეფისნაცვალი, პარტიისნაცვალი... მეორე ფიგურა, რომელსაც სააკაშვილი ენდობა. ასე რომ, სააკაშვილი არსად არ წასულა, უბრალოდ განცხადება გააკეთა, რომ თავმჯდომარე ვაშაძე იქნება. თუკი რუსლოვს არ მოუყენებენ სხვა პარტიები კონკურენტ კანდიდატს, ალბათ სერიოზული ბრძოლა იქნება მერობისთვის ზუგდიდში“, - დასძენს გამოცემა.


"თავად ფაქტი, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისში იყო, მნიშვნელოვანია. რა განცხადებებიც გაკეთდა და ის ფაქტი, რომ თანამშრომლობა ძლიერდება, უფრო ინტენსიური ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის არა მარტო მისაღები, არამედ ერთგვარი წარმატებაც ამ გზაზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სწრაფად მუშაობა, რადგან სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს. გარდა ამისა, ძალიან საყურადღებო იყო ლაპარაკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმედი იმისა, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო. რუსეთს ნატო-ს გენერალური მდივნის სტუმრობა კი არ აღიზიანებს, ჩვენი დამოუკიდებლობა აღიზიანებს. ესაა მთავარი და ამას როგორმე უნდა მივხვდეთ, გავუწიოთ ანგარიში. ჩვენი დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი სწორედ დასავლეთია და არა რუსეთი. რუსეთი რომ იყოს დამოუკიდებლობის გარანტი, მაშინ ვითარება კავკასიაშიც სხვაგვარი იქნებოდა და თავად რუსეთშიც“, - წერს სტატიის ავტორი.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი