ჯაბა ჯიშკარიანმა, გასულ წელს, ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა - აქვს დაუსაბუთებელი დანახარჯებიც

22 Mar 2019 02:46

თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა ჯიშკარიანმა, გასულ წელს, 2 საცხოვრებელი ბინა შეიძინა. ორივე ქალაქ თბილისში.


✔️ ერთი - კირილე უკლებას 3 ბ.6-ში  -  61,28 კვ.მ;  

✔️ხოლო მეორე ბინა - 41,7 კვ.მ,  20,75 კვ.მ  ანტრესოლთან ერთად, იმავე ქუჩაზე - ნომერ 3  ბ.5-ში.  



ჯიშკარიანმა, ასევე დაირეგისტრირა ორი სხვენი. ერთი, მიმდინარე წელს - იგივე მისამართზე 63,39 კვ.მ, ხოლო მეორე გასულ წელს - 33,19 კვ.მ.


მან, ერთ ბინა 73 500 ლარად შეიძინა, ხოლო მეორე 24 500 ლარად.


ჯაბა ჯიშკარიანმა, გასული წლის მანძილზე, შემოსავლის სახით  47 760 ლარი მიიღო.  


ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ჯაბა ჯიშკარიანს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე ჰქონდა  - 17,59 ლარი და  84,39 აშშ დოლარი. ასევე ჰქონდა, 42 000 აშშ დოლარის ოდენობის იპითეკური სესხი.


იმავე დეკლარაციაშია აღნიშნული, რომ აკრებულოს დეპუტატს დანაზოგის სახით აქვს 15 000 დოლარი და 20 000 ლარი.


ჯაბა ჯიშკარიანმა, გასულ წელს ავტომობილი გაყიდა, საიდანაც მას 31 800 ლარის შემოსავალი ჰქონდა.


რაც შეეხება გასავლებს:


✔️ჯაბა ჯიშკარიანმა, გასულ წელს ვადაზე ადრე გადაფარა სესხი და ამისათვის მას ჰქონდა 26 825,14 ლარის გასავალი;

✔️10 000 აშშ დოლარის გასავალი ჰქონდა ბინის ყიდვისთვის;

✔️10 080,05 აშშ დოლარის გასავალი ჰქონდა იპოთეკური სესხისთვის;

✔️30 000 აშშ დოლარი - ასევე ბინის ყიდვისთვის.



ბოლოს, მარტივი არითმეტიკას რომ მოვუხმოთ:


❗ჯაბა ჯიშკარიანმა, გასულ წელს  შემოსავლის სახით მიიღო - 79 560 ლარი;  (აღნიშნული თანხა შეადგენს 47 760  ლარ გასამრჯელოს და 31 800 ლარს, ავტომობილის გაყიდვიდან მიღებულ თანხას);


გასავლის სახით კი ჰქონდა  - 26 825,14 ლარი და 50 080 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში დაკონვერტების შემთხვევაში, დაახლოებით 135 000 ლარია.

????საინტერესოა, თუკი შემოსავლის სახით, ჯაბა ჯიშკარიანმა მთელი წლის მანძილზე  - 79 560 ლარი მიიღო, როგორ დახარჯა 135 ათას ლარამდე?!

 


აღსანიშნავია, რომ ჯაბა ჯიშკარიანს, 2018 წელს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს, უძრავი ქონება საერთოდ არ გააჩნდა. მოძრავი ქონებიდან კი მას 10 600 აშშ დოლარად შეფასებული LEXUS GX 470 (2003) ჰქონდა, რომელიც 2016 წელს შეიძინა.


იმავე წელს, მას დანაზოგის სახით ჰქონდა  11 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი, მისი მთელი წლის შემოსავალი კი 32 500 ლარი იყო. მას, 2018 წლის დეკლარაციის შევსებისას 7 000 ლარიანი სწრაფი სესხი ჰქონდა, რომლის უზრუნველსაყოფადაც მას 1 245,14 ლარის გასავალი ჰქონდა. 


ბოლო ორი წლის ქონებრივი დეკლარაციების შედარებითაც ნათლად იკვეთება, რომ ჯაბა ჯიშკარიანის  2019  წლის ქონებრივ დეკლარაციაში, რაღაც „ისე“ ვერ არის. 


❗ფაქტია, მისი ქონებრივი დეკლარაცია შეიცავს უზუსტობებს. ეს უზუსტობები, შეგნებულია, თუ უნებლიე, ეგ, ამ თემის მეორე მხარეა, რომელსაც უახლოეს მომავალში მივუბრუნდებით.



სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჯაბა ჯიშკარიანი დაგვიკავშრდა.


"მე, მაქვს მიმდინარე იპოთეკური სესხი 42 ათასი დოლარი “თიბისი” ბანკში, რითაც შევიძინე ბინები... პირველი სესხი მქონდა 24 ათასი რითიც შევიძინე პირველი ბინა 26 კვ. (15 თებერვალს) და დავტვირთე იპოთეკით... შემდეგ (მაისში) ახალ სესხზე დავწერე და ბანკმა ძველი ახალთან გამიერთიანა, ანუ ახლით ძველი გამინულა და მომცა  ახალი სესხი 42 ათასი დოლარი რითიც შევიძინე მეორე ბინა 52,3 კვ.მ. 


რაც შეეხება სხვენებს, ცნობისთვის სხვენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მხოლოდ 51 ლარი ღირს, ასევე საჭირო დოკუმენტაცია სულ 200 ლარი..."-
განგვიმარტა საკრებულოს დეპუტატმა. 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი