წყალტუბოს მერი, ხუთ სულიან ოჯახს, თვეში 550 ლარად არჩენს?! რა შემოსავალს მალავს დეკლარაციის მიღმა გრიგოლ იოსელიანი?!

13 Mar 2019 00:26

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გრიგოლ იოსელიანის, 01.01.2018 - 31.12.2018 პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა,  31 800 ლარი შეადგინა.


ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2016 წლის მანძილზე, წყალტუბოს მერის შვილის სახელზე გადაფორმებულია ხუთი ტიპის ქონება:


✅    საკარმიდამო მიწა საცხოვრებელი სახლით და დამხმარე ნაგებობით - წყალტუბო, მეორე უბანი, 6000 კვ.მ;

✅    დამხმარე ნაგებობა - წყალტუბო, მეორე უბანი, 60 კვ.მ;

✅   კომერციული ფართი - წყალტუბო, ავალიანის # 15ბ, 50 კვ.მ;

✅      საცხოვრებელი სახლი - წყალტუბო, მეორე უბანი, 136,25 კვ.მ;

✅    მიწის ნაკვეთი -  წყალტუბო, მეორე უბანი, 1000 კვ.მ.


გრიგოლ იოსელიანის დედის სახელზეა გაფორმებული  არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართი წყალტუბოში, ავალიანის # 6-ში, 3010 კვ.მ, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო. ხოლო, გრიგოლ იოსელიანის სახელზე, ერთადერთი მიწის ნაკვეთია, რომლის მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელიცაა. (მის: საქართველო, წყალტუბო, მელაური, 3100 კვ.მ ).


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ, მიმდინარე წლის 28 იანვარს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სადაც, ისევე როგორც სხვა რეგიონებში ერთი სამსახურიც კი „სანთლით საძებარი“ აქვთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მერის ცოლს, ცირა ბერეკაშვილ-იოსელიანს ორი სამსახური აქვს. ერთი: მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც წრის ხელმძღვანელია, ხოლო მეორე შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა "ოცნება"-ში, სადაც ის პედაგოგად მუშაობს.  მან, შემოსავლის სახით, მთელი წლის მანძილზე 10 373  ლარი მიიღო. (აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული მსგავსი ააიპ-ები, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების და აქტივისტების დასასაქმებელი "კანტორაა", როგორც ჩანს, გამონაკლისი არც წყალტუბოს მერია.).


ამ პერიოდისთვის, გრიგოლ იოსელიანს ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 354,29 ლარი ჰქონდა, ხოლო სესხის მომსახურე ანგარიშზე 552,93 ლარი.


ირკვევა, რომ იოსელიანს  აქვს  იპოთეკური სესხი, 100 000 ლარის ოდენობის, თიბისი ბანკში, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მას, გასულ წელს 3040,55 ლარის გასავალი ჰქონდა. ასევე, მას აქვს 20 000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი ლიბერთი ბანკში,  რომლის უზრუნველსაყოფადაც მას გასულ წელს  22 152,45 ლარის გასავალი ჰქონდა.


აღნიშნულ დეკლარაციაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია - მერის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ გრიგოლ იოსელიანმა მთელი წლის მანძილზე შემოსავლის სახით 31 800 ლარი მიიღო. ამავე წელს მას ფინანსური სახის 25 192 ლარის გასავალი ჰქონდა. საინტერესოა, როგორ ირჩენდა თავს მერის ოჯახი მთელი წლის მანძილზე 6 608 ლარად?! როგორ არჩენდა 5 სულიან ოჯახს თვეში 550 ლარად?! ჩნდება ლოგიკური კითხვა - რას  ტიპის შემოსავალს მალავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი დეკლარაციის მიღმა.


შედარებით დამაჯერებლად გამოიყურება მერის მეუღლის გასავალი. ცირა ბერეკაშვილ - იოსელიანს  საქართველოს ბანკში აქვს სამომხმარებლო სესხი, 9 530 ლარის ოდენობის, რომლის უზრუნველსაყოფადაც მას, გასულ წელს 1 557,12 ლარის ოდენობის გასავალი ჰქონდა.


დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ  გრიგოლ იოსელიანის ოჯახს ავტომობილი არ აქვს.



გრიგოლ იოსელიანს  განათლება 1987-1988 წლებში,  ასტრახანის (რუსეთის ფედერაცია) თევზის მრეწველობის ინსტიტუტში აქვს მიღებული. ის, 2004 წლიდან ბოლო დრომდე „ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის მენეჯერი იყო.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი